მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > მისია

მისია

მოძრაობა KAR.GE მისიაა ხარისხიანი ქართული პროდუქციის ცნობადობის, გაყიდვების და ექსპორტის ზრდა. ჩვენ გვინდა პირველ რიგში საქართველოს მოქალაქეებში გავხადოთ საამაყო ქართული წარმოების პროდუქციის ყიდვა. რატომ?

მწვავე პრობლემა

უკვე რამოდენიმე წელია პარადოქსული სიტუაცია გვაქვს. შემოსავლები ტურიზმიდან, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ექსპორტი, თანამემამულეთა გადმორიცხვები თითქოს ნელ-ნელა იზრდება, მაგრამ ეკონომიკის ზრდა მაინც სასაცილო გვაქვს (ბოლო ორი წელია 3 %-იან ნიშნულსაც ვერ გადაცდა); 5 წელზე მეტია სოფლის მეურნეობაში უდიდესი საქმე კეთდება, მაგრამ მოხმარებული სურსათის უდიდესი ნაწილი მაინც იმპორტია (70%-ზე მეტი OXFAM-ის მონაცემებით); ემიგრანტებს მუდმივად დაბრუნებისკენ მოუწოდებენ, მაგრამ ქვეყანა რალურად იცლება (2017 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ისევ შემცირდა); ქვეყანა სულ უფრო მეტად ღარიბდება (მსოფლიოში მე-2 ადგილზე ვართ ბანკის ვალებით. დარჩენილი მოსახლეობის 70%-ზე მეტს ერთი ან რამოდენიმე ბანკის ვალი აქვს); და ასე გვინდა წინ წასვლა და განვითარება?

რაშია საქმე? იმაში, რომ სავაჭრო დეფიციტი უკვე მრავალი წელია 5 მილიარდ USD-ზე მეტია წელიწადში! ეს ნიშნავს, რომ რაც არ უნდა მზარდი შემოსავალი შემოვიდეს ყველა წყაროდან ქვეყანაში, აქ არაფერი გროვდება, ყველაფერი გადის და თან მეტობით. შედეგად კი ვიმკით უმწვავეს სიღარიბეს და უპერსპექტივობას! რა აზრი აქვს შემოსავლების ზრდას, თუ ხარჯები და ვალები იმაზე სწრაფად ზრდება?

ვინაა დამნაშავე? პირველ რიგში საქართველოს თითოეული მოქალაქე, რომელიც არ ყიდულობს ქართულ ხარისხიან პროდუქციას, მეტიც, რცხვენია მისი ყიდვა. სამაგიეროდ კი სიამოვნებით ხარჯავს ფულს იმპორტულ ნაწარმში!

ასე თუ გაგრძელდა 50 წლის შემდეგ რომელი მაჩანჩალა ქვეყნის დონეზე ვიქნებით? ან ვიქნებით კი საერთოდ? ხომ ნათელია, რომ ვერც-ერთი ქვეყანა ვერ განვითარდება ეკონომიკური სიძლიერის გარეშე? ამ საკითხში მარტო მთავრობის იმედზე ყოფნა რომ არ შეიძლება ამას ღრმად მეცნიერულ-ფილოსოფიური დასკვნაც კი არ სჭირდება; ამას უცხოელი ინვესტორები მით უმეტეს არ გაგიკეთებენ; ამას მხოლოდ იმედით და მახვილგონივრული სადღეგრძელოებით ვერავინ მოახერხებს!

გამოსავალი

ჩვენ მოვიფიქრეთ KAR.GE (კარგი) გზა, რომლის შედეგად ქართული პროდუქტების ყიდვას გავხდით საამაყოს! ჩვენ შევქმენით მოძრაობა KAR.GE, ვინაიდან ჩვენ გვჯერა, რომ ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ერთადერთი გზა თითოეულ ჩვენგანშია და ეს არის ქართული წარმოების პროდუქციის შესყიდვა! ოღონდ ღიად ამის გაკეთება, მაგალითის მიცემის გზით, ცოტათი აგრესიულადაც და თითოეული ასეთი ნაბიჯის მაქსიმალურად საჯაროდ გაკეთება ყველა იმ თანამედროვე ინსტრუმენტის გამოყენებით, რასაც ინტერნეტი ასე უხვად გვთავაზობს დღეს. ცხადია ჩვენი წვლილი ზღვაში წვეთია, მაგრამ ჩვენ დავიწყებთ, თქვენ კი შემოგვიერთდით!

რატომ “მოძრაობა”?

მოძრაობა არის საერთო მიზნისკენ მუხლჩაუხრელად მიმავალი ნაბიჯების/ქმედებების ერთობლიობა, რომელსაც საქართველოში ბევრი ადამიანი დგამს, შეიძლება თავისებურად, მაგრამ მაინც დგამს. მოძრაობა KAR.GE არის ყველა იმ კომპანიის და მოქალაქის გვერდში მდგომი და მხარდამჭერი, რომლებიც იზიარებენ დასმულ მიზნებსა და ამოცანებს.

თქვენ რა შეგიძლიათ?

იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული პროდუქცია! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!

ჰქენი სიკეთე, გაუზიარე გვერდი მეგობრებს ...