მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > მოძრაობა kar.ge > ქართული და უცხოური წვენების #2 უპრეცედენტო ბრმა დეგუსტაციის შეჯამება & შედეგები

ქართული და უცხოური წვენების #2 უპრეცედენტო ბრმა დეგუსტაციის შეჯამება & შედეგები

2018 წლის 27 მარტს სასტუმრო Holiday Inn-ში ქართული და უცხოური წვენების უპრეცედენტო მასშტაბის ბრმა დეგუსტაცია შედგა, უკვე მეორედ. ღონისძიების ორგანიზატორი იყო მოძრაობა KAR.GE. თანაორგანიზატორები იყვნენ ჰიპერმარკეტი „გუდვილი“ და „საქართველოს კულინართა ფედერაცია“. 8 კატეგორიად დაყოფილი 6 არომატის [ატამი, ალუბალი, ვაშლი, ბროწეული, ფორთოხალი, მულტიფრუქტი] 8 ბრენდის [ბრავო, კამპა, მია სემია, რაუხი, სადაჩოკი, სანდორა, სანტალი, ჩვენი] 29 დასახელების ქართული და უცხოური წვენი / ნექტარი 50-მდე მოწვეულმა სტუმარმა ბრმა დეგუსტაციის მეთოდით შეაფასა. შედეგები ადგილზე, დეგუსტაციის პარალელურად გაანალიზდა და გამოცხადა ღონისძიების დასრულებისთანავე.

მივყვეთ ქრონოლოგიურად …

ღონისძიება 21 მარტს დავაანონსეთ

ჩვენ ჯერ კიდევ დეკემბერის დასაწყისში გვსურდა დეგუსტაციის ჩატარება. გვინდოდა ერთგვარად დაგვემთხვია წინა დეგუსტაციიდან 1 წლის გასვლის მომენტისათვის, თუმცა ქართული წვენების მწარმოებლებთან კომუნიკაციისას დავრწმუნდით, რომ მეტად დატვირთული პერიოდი ჰქონდათ დეკემბერი და გადავდეთ. თემას მივუბრუნდით თებერვალში. საექსპორტო კატალოგზე მუშაობის პროცესში ისედაც მოგვიწია მწარმოებლებთან კონტაქტი და „შევახსენეთ“. თუმცა, ხომ იცით როგორ ხდება? თუ რამის გაკეთება გინდა უნდა ადგე და გააკეთო  და ვინც წამოგყვება, წამოგყვება … ჰოდა, ჩვენც დავიწყეთ პროცესი – დავაანონსეთ ღონისძიება 21 მარტს. მწარმოებლებს დეტალურად გავუგზავნე მეთოდოლოგის აღწერა და მივაწოდეთ ყველა საჭირო პირობა ჯერ კიდევ გამოცხადებამდე. პროცესში რეალურად ჩაერთო მხოლოდ შპს „კამპა“.

ცხადია ვიმუშავეთ პარტნიორების მოზიდვაზე. გამოვავლინეთ ორი ორგანიზაცია – ჰიპერმარკეტი „გუდვილი“ და საქართველოს კულინართა ფედერაცია, რომელთაც გადაწყვიტეთ პროცესში ჩართვა. 27 მარტის დანიშვნა განაპირობა იმან, რომ Holiday Inn-ს მხოლოდ ამ დღეს ჰქონდა თავისუფალი დიდი დარბაზი. ეს დარბაზი კი მეტად მოსახერხებელი გამოდგა ჩვენი დეგუსტაციისათვის, ვინაიდან დეგუსტაცია სპეციფიკური პროცესია და Holiday Inn ერთადერთი ადგილი აღმოჩნდა, სადაც ყველაფერი არის თან ნორმალურ ფასში. ყველაფერში კი იგულისხმება  დამოკიდებულება, ძირითადი სივრცე, დამხმარე სივრცე, დამხმარე პერსონალი, ყოველგვარი ტექნიკა, ავეჯი და ა.შ.

დასწრების მსურველების დიდი ნაწილი KAR.GE-ს FB გვერდზე განცხადებით მოვიზიდეთ

23 მარტს KAR.GE-ს FB გვერდზე ღიად დავდე განცხადება ყველა მსურველისთვის, რომ მათ შეეძლოთ დეგუსტაციაში მონაწილეობის მიღება. ამ გზით შეიკრიბა აუდიტორიის 80%-ზე მეტი. ყველა მსურველს ჰქონდა შანსი მონაწილეობა მიეღო ამ მეტად საინტერესო პროცესში. სხვანი კი ჩვენი ინიციატივით მიზნობრივად მოვიწვიეთ. განსხვავებით წინა დეგუსტაციისაგან (სადაც ძირითადი აუდიტორია HORECA სეგმენტიდან იყო) აქ გვყავდა ყველა ფენის წარმომადგენელი ბავშვებიდან დაწყებული პროფესიონალი სომელიეთი დამთავრებული, რამაც ბრმა დეგუსტაციას განსაკუთრებული ხიბლი შესძინა.

29 სხვადასხვა წვენი 26 მარტს შევიძინეთ, დეგუსტაციის წინა დღეს

ბრმა დეგუსტაცია კვლევაა და მას თავისი წესები აქვს. მათ შორის პროდუქციის შეძენის კუთხითაც. ყველა ნაწარმი, რომელიც მოწვეულმა საზოგადოებამ ბრმად გასინჯა, წინა დღით შევიძინეთ. აი ამ შესყიდვების დამადასტურებელი ვიდეო მასალა. ამ ვიდეოში ნაყიდი პროდუქცია და სათანადო ჩეკებია გადაღებული.

პირველი შესყიდვა მიცკევიჩის 20-ში, მარკეტში – #მხოლოდქართული გავაკეთე, სადაც მხოლოდ ქართული პროდუქცია იყიდება. აქ მე „კამპა“-ს და „ჩვენი“-ს წვენები ვიყიდე.

შემდეგ გუდვილში ვიყიდე დანარჩენი. რაც ვერ ვიშოვე კარფურში და ზღაპარში ძლივს მივაგენი. 26-ში ფაქტიურად მთელი ქალაქი მოვიარეთ, რომ გვეშოვა ის წვენები, რაც დეგუსტაციისათვის გვინდოდა. პირველი დეგუსტაციის სქემა იგივე დავტოვეთ, ვინაიდან არ გვქონდა მიზეზი შეგვეცვალა. ამ პროცესში 2 ვიდეო გადავიღეთ. ჩეკებიც აქვეა.

 

ამავე დღეს მედია საზოგადოებაში წინასწარ მომზადებული ანონსი გავავრცელეთ, რომელიც მაგალითად fortuna.ge -ზე და Sputnik-Georgia-ზე სრულად დაიდო, რისთვისაც დიდი მადლობა მათ. ჩვენი მიზანი იყო რაც შეიძლება მეტი მედიის წარმომადგენელი გვწვეოდა, რომ თავად ყოფილიყვნენ პროცესის ნაწილი.

27 მარტი. დეგუსტაციის დღე

დეგუსტაციის პროცესი წინასწარ შემუშავებული გეგმით წარიმართა. პროცესში საერთო ჯამში 10 ასისტენტი გვეხმარებოდა. მათგან 7 წვენების ჩამოსხმით და დარიგებით იყო დაკავებული, 2 შევსებული კითხვარების სპეციალურად მომზადებულ პროგრამაში შეტანით, ხოლო 1 კი ფოტოგრაფი ყველაფერ ამას აფიქსირებდა.

4 რაუდის შემდეგ გავაკეთეთ შესვენება. 8-ე რაუნდის შემდეგ ყავის შესვენება, რის შემდეგაც აუდიტორია მოვიწვიეთ ისევ სადეგუსტაციო სივრცეში. გავხსენით ანალიზის პროგრამა და ღიად, ეკრანზე ვაჩვენეთ თუ როგორ ხდებოდა კითხვარების შეტანა, როგორ ხდებოდა ანალიზი, სად ჯამდებოდა შედეგები და რა იყო საბოლოო შედეგები. ცხადია ჩანდა კონკრეტული კოდის წვენის მიერ თავის კატეგორიაში დაკავებული ადგილი, მაგრამ არ ჩანდა ბრენდები.

ამ დროს გაიხსნა სპეციალური დალუქული კონვერტი და ამოვიკითხეთ თუ რომელი კოდი რომელი წვენი იყო. ასე გამოვლინდნენ გამარჯვებულები.

მონაწილე და გამარჯვებული წვენის ბრენდები:

პრემიუმ სეგმენტი:

  1. პრემიუმ სეგმენტის ატმის წვენები. 4 ბრენდის ბრმა დეგუსტაცია ჩატარდა [რაუხი, სანდორა, სანტალი, კამპა]. პირველი ადგილის მფლობელი და გამარჯვებულია სანდორა ატამი. მეორე ადგილი – კამპა, მესამე ადგილი – რაუხი, მეოთხე ადგილი – სანტალი;
  2. პრემიუმ სეგმენტის ალუბლის წვენები. 4 ბრენდის ბრმა დეგუსტაცია ჩატარდა [რაუხი,სანტალი, სანდორა, კამპა]. პირველი ადგილის მფლობელი და გამარჯვებულია სანდორა ალუბალი. მეორე ადგილი – კამპა, მესამე ადგილი – რაუხი, მეოთხე ადგილი – სანტალი;
  3. პრემიუმ სეგმენტის ვაშლის წვენები. 4 ბრენდის ბრმა დეგუსტაცია ჩატარდა [რაუხი, სანდორა, სანტალი, კამპა]. პირველი ადგილის მფლობელი და გამარჯვებულია სანტალი ვაშლი. მეორე ადგილი – სანდორა, მესამე ადგილი – კამპა, მეოთხე ადგილი – რაუხი;
  4. პრემიუმ სეგმენტის ბროწეულის წვენები. 3 ბრენდის ბრმა დეგუსტაცია ჩატარდა [სანდორა, სანტალი, კამპა]. პირველი ადგილის მფლობელი და გამარჯვებულია სანტალი ბროწეული. მეორე ადგილი – კამპა, მესამე ადგილი – სანდორა;
  5. პრემიუმ სეგმენტის ფორთოხლის წვენები. 4 ბრენდის ბრმა დეგუსტაცია ჩატარდა [რაუხი, სანდორა, სანტალი, კამპა]. პირველი ადგილის მფლობელი და გამარჯვებულია სანდორა ფორთოხალი. მეორე ადგილი – კამპა, მესამე ადგილი – რაუხი, მეოთხე ადგილი – სანტალი;

საბიუჯეტო სეგმენტი:

  1. საბიუჯეტო სეგმენტის ატმის ნექტარები. 3 ბრენდის ბრმა დეგუსტაცია ჩატარდა [სადაჩოკი, ჩვენი,რაუხი]. პირველი ადგილის მფლობელი და გამარჯვებულია სადაჩოკი ატამი. მეორე ადგილი – ჩვენი, მესამე ადგილი – ბრავო;
  2. საბიუჯეტო სეგმენტის მულტიფრუქტის ნექტარები. 3 ბრენდის ბრმა დეგუსტაცია ჩატარდა [სადაჩოკი, ჩვენი, მაია სემია]. პირველი ადგილის მფლობელი და გამარჯვებულია სადაჩოკი მულტიფრუქტი. მეორე ადგილი – მაია სემია, მესამე ადგილი – ჩვენი;
  3. საბიუჯეტო სეგმენტის ფორთოხლის ნექტარები. 4 ბრენდის ბრმა დეგუსტაცია ჩატარდა [ჩვენი, სადაჩოკი, მაია სემია, რაუხი]. პირველი ადგილის მფლობელი და გამარჯვებულია სადაჩოკი ფორთოხალი. მეორე ადგილი – ჩვენი, მესამე ადგილი – ბრავო, მეოთხე ადგილი – მაია სემია;

2016 წელს გამართულ დეგუსტაციაში 8 კატეგორიიდან 5-ში ქართულმა იმარჯვა (ნახეთ შედეგები აქ). ამჯერად ქართული წვენები 8 კატეგორიიდან 6-ში იყვნენ მეორეები და ოდნავ ჩამორჩნენ ლიდერებს. კვლევამ უძვირფასესი ინფორმაცია დადო, რაც დაინტერესებულ კომპანიებს უკვე მივაწოდეთ. ჩვენ გავაგრძელებთ დეგუსტაციების პროცესს და რა თქმა უნდა ვიმედოვნებთ, რომ ქართული წვენები კვლავ აჯობებენ უცხოურებს მომავალში. კიდევ ერთ იმედს ვიტოვებთ: რომ წვენების და ნექტარების ადგილობრივი მწარმოებლები „გამოფხიზლდებიან“ და თამამად ჩაერთვებიან თავისი ნაწარმით ჩვენს შემდგომ დეგუსტაციაზე.

ღონისძიებისას გადაღებული რამოდენიმე სურათი

 

დიდი მადლობა ყველა პარტნიორს, ყველა სტუმარს, ჩვენი გუნდის ყველა წევრს ღონისძიების ორგანიზებულად ჩატარებისათვის!

ავტორი: ტარიელ ზივზივაძე

ტარიელ ზივზივაძე
კონსულტანტი & ტრენერი & სპიკერი: "მე მეამაყება, რომ ჩემი მოკრძალებული წვლილი შემაქვს კარგ ქართულ საქმეში. მჯერა, რომ ეს დიდი ცვლილებების დასაწყისია!"