მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > მოძრაობა kar.ge > ანონსი: 2016 წლის 1 დეკემბერს გრანდიოზული #30დღიანიგამოწვევა #ძალაერთობაშია იწყება

ანონსი: 2016 წლის 1 დეკემბერს გრანდიოზული #30დღიანიგამოწვევა #ძალაერთობაშია იწყება

მოცემულ სტატიას ერთადერთი მიზანი აქვს:
მოვძებნოთ თანამოაზრები, რომლებიც ერთადაც ავაგორებთ 30 დღიან გამოწვევას 2016 წლის 1 დეკემბერს!

 

ვაღიაროთ … ქართულ ეკონომიკაში ძირეული პრობლემებია და ლარის გაუფასურება მხოლოდ სიმპტომია. სახეზეა 3% ეკონომიკური ზრდა და ყოველწლიურად ქვეყნიდან და ჩვენი ჯიბეებიდან 5 მილიარდ USD -ზე მეტი სუფთა გადინება. ქვეყანაში დარჩენილი 3.7 მილიონი მოსახლეობის დიდი ნაწილი სიღარიბეში ცხოვრობს და აქედან გაქცევაზე თვალი უჭირავს. მიუხედავად ამისა გამოსავალი არსებობს …

გამოსავალი, რომელსაც მტკიცება აღარ სჭირდება: როცა ყიდულობ ქართულს, გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, აძლიერებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს! ამიტომ ჩვენ გვინდა, რომ საქართველოს მოსახლეობა პირველ რიგში აქაურ ხარისხიან ნაწარმს ყიდულობდეს! თუმცა ეს რომ მოხდეს, საჭიროა ქართული ხარისხიანი ნაწარმის პოპულარიზება!

სწორედ ამიტომ, 1 დეკემბრიდან ვიწყებთ მორიგ 30 დღიანი გამოწვევას – “ძალა ერთობაშია!”. ეს გამოწვევა რიგით მეხუთეა [პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე] და ეხლა სწორედ იმიტომ ტარდება, რომ დეკემბერია წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ხარჯების თვე, იმავდროულად კი ქართული ეკონომიკიდან 700 მილიონ USD-ზე მეტის სუფთად გადინების თვეც. წელიწადში საქართველოდან სუფთა გადინება 5 მილიარდ USD-ზე მეტია. 2016 წელს კი ეს გადინება 6 მილიარდ USD-ს მიუკაკუნებს. ეს რეკორდული გაღარიბება იქნება ერთ კონკრეტულ წელს საქართველოს ისტორიაში.

1. ვის ვეძებთ?

გამორჩეულ ადამიანებს, რომლებიც მზად არიან გამოწვევის პირველ დღეს – 2016 წლის 1 დეკემბერს იყიდონ 1 ლარზე მეტი ღირებულების ნებისმიერი ქართული ბრენდირებული ნაწარმი, გადაუღონ ფოტო, იმავე დღეს ატვირთონ საკუთარი Facebook-ის პროფილზე და გამოიწვიონ თავისი 3 Facebook მეგობარი.

დიახ, მხოლოდ ერთხელაა საჭირო ამ ქმედების გაკეთება. მეტს არ გთხოვთ. გაზიარებისას უნდა გამოიყენოთ ჰეშტეგები #30დღიანიგამოწვევა და #ძალაერთობაშია

2. მე პირადად რას გავაკეთებ ყოველ დღე?

1-30 დეკემბერის პერიოდში ყოველდღიურად მე, ტარიელ ზივზივაძე: 1) ვიყიდი ქართულ ნაწარმს, 2) გადავუღებ სურათს, 3) დავწერ მიმოხილვას, 4) სტატიას და სურათს ყოველი საღამოს 22:00-თვის ავტვირთავ KAR.GE-ზე და გავაზიარებ Facebook-ზე, 5) KAR.GE Facebook გვერდზე დავთაგავ სავაჭრო ობიექტს სადაც ვიყიდე და იმ პროდუქციის მწარმოებელს, რაც ვიყიდე. ხოლო პირად Facebook პროფილში გამოვიწვევ მინიმუმ 3 ჩემს Facebook მეგობარს.

მე ეს ყველაფერი ყოველდღიურად უნდა ვაკეთო 1 დეკემბერიდან 30 დეკემბერის ჩათვლით. ვიყენებ ჰეშტეგებს #30დღიანიგამოწვევა და #ძალაერთობაშია. ცხადია ამას მე ვაკეთებ და ვერავის მოვთხოვ, მით უმეტეს როცა ვიცი რა რთულია ამის კეთება ყოველ დღე.

3. როგორ უნდა მოიქცეთ თუ ვინმემ გამოგიწვიათ?

გამოწვევიდან 24 საათის ვადაში იყიდეთ 1 ლარზე მეტი ღირებულების ნებისმიერი ქართული ბრენდირებული ნაწარმი, გადაუღეთ ფოტო, ატვირთეთ საკუთარი Facebook-ის პროფილზე და გამოიწვიეთ თქვენი 3 Facebook მეგობარი. ამ დროს გთხოვთ გამოიყენოთ ჰეშტეგები #30დღიანიგამოწვევა და #ძალაერთობაშია.

როგორ ამოიცნოთ საქართველოში წარმოებული ბრენდირებული პროდუქტი?

შენიშვნა: ბრენდირებული ნიშნავს, რომ უნდა არსებობდეს ბრენდი. მაგალითად ჩურჩხელა, რომელიც დინამოს სტადიონთან იყიდება არის უბრალოდ ჩურჩხელა, უბრენდო. მაგრამ ჩურჩხელა, რომელიც სავაჭრო ქსელში დევს, რომელიც ორიგინალურადაა შეფუთული, აწერია რომ ან არის ბებოს ჩურჩხელა, ან ბადაგის ან Dr. George-ის, ესენი უკვე ბრენდირებულია. ანუ მინიმუმ აქვს სახელი, ლოგო და ორიგინალური შეფუთვა.

1) ნაწარმს უნდა ჰქონდეს ქართულენოვანი შეფუთვა და ეტიკეტი, თუმცა ეს ნამდვილად არ კმარა …
2) შტრიხ კოდი უნდა იწყებოდეს 486-ით, მაგრამ არც ეს კმარა …
3) ეტიკეტზე უნდა მითითებული იყოს, რომ წარმოებულია საქართველოში …
თუ რომელიმე ნაწარმის წარმომავლობაში ეჭვი შეგეპარებათ, აქვე FB კომენტარების ველში გვკითხეთ და დაგაკვალიანებთ.

#30დღიანიგამოწვევა #ძალაერთობაშია!
მოდით ყველას მივცეთ მაგალითი, თუ როგორ უნდა ქართული საქმის კეთება რეალურად!

მიიღებთ გამოწვევას?
დააფიქსირეთ თანხმობა FB კომენტარში და მოემზადე 1 დეკემბერისათვის!

ჰქენი სიკეთე, გაუზიარე გვერდი მეგობრებს ...

ავტორი: ტარიელ ზივზივაძე

ტარიელ ზივზივაძე
კონსულტანტი & ტრენერი & სპიკერი: "მე მეამაყება, რომ ჩემი მოკრძალებული წვლილი შემაქვს კარგ ქართულ საქმეში. მჯერა, რომ ეს დიდი ცვლილებების დასაწყისია!"