მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > მოძრაობა kar.ge > 2016-11-29 ქართული და უცხოური წვენების #1 უპრეცედენტო ბრმა დეგუსტაციის შეჯამება

2016-11-29 ქართული და უცხოური წვენების #1 უპრეცედენტო ბრმა დეგუსტაციის შეჯამება

2016 წლის 29 ნოემბერს სასტუმრო Holiday Inn-ში ქართული და უცხოური წვენების უპრეცედენტო მასშტაბის ბრმა დეგუსტაცია შედგა. ბრმა დეგუსტაციის ორგანიზატორი იყო მოძრაობა KAR.GE – http://kar.ge . პარტნიორები კი საქართველოს სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაცია – http://horeka.ge და ხარისხის ლაბორატორია – http://qlab.ge.

6 არომატის [ატამი, ალუბალი, ვაშლი, ბროწეული, ფორთოხალი, მულტიფრუქტი] 8 ბრენდის [ბრავო, კამპა, მია სემია, რაუხი, სადაჩოკი, სანდორა, სანტალი, ჩვენი] 29 დასახელების ქართული და უცხოური წვენები 50-მდე მოწვეულმა დეგუსტატორმა [რესტორატორი, ჰოტელიერი, ჟურნალისტი, მეწარმე, დაინტერესებული მომხმარებელი] ბრმა დეგუსტაციის მეთოდით შეაფასა. შედეგები ადგილზე გაანალიზდა და გამოცხადა ღონისძიების დასრულებისთანავე.

 

რა? სად? როდის? მივყვეთ ქრონოლოგიურად …

 

22 თებერვალი, 2016

2016 წლის 22 თებერვალს დავიწყეთ მზადება აი ამ ანონსით. გამოხმაურება მინიმალური იყო, თუმცა მაინც იყო. ვიშრომეთ, სქემა ჩამოვაყალიბეთ და მცოდნე პროფესიონალებთან შევაჯერეთ. გაზაფხულზე არ გამოვიდა. შემდეგ გაკეთება გვინდოდა ზაფხულში, ვინაიდან წვენების თემა სწორედ რომ ზაფხულშია ცხელი, მაგრამ არც ამჯერად გამოვიდა. მერე გვინდოდა ოქტომბერში, მაგრამ იქ უკვე სამხრეთ კორეაში საერთაშორისო ექსპოსთვის მზადებამ შეიწირა მთელი დრო. ასე მოვედით ნოემბრამდე.

 

21 ნოემბერი, 2016

საკითხი დადგა ასე: “ან ეხლა, ან მომდევნო წელს”. კიდევ ერთ კარუსელზე წასვლის უფლება ჩვენ არ გვქონდა. უკვე ყველა წინაპირობა და გამოკვეთილი დროის ფანჯარა იყო საიმისოდ, რომ ნოემბრის ბოლოს ჩაგვეტარებინა პირველი ბრმა დეგუსტაცია. ჰოდა დავიწყეთ. გავუშვით ეს ანონსი.

 

22 ნოემბერი, 2016

ჩვენთვის გადამწყვეტი იყო ქართველი მწარმოებლების ჩართულობა, ამიტომაც 22 ნოემბერს დაგეგმილი ღონისძიების შესახებ ინფორმაცია მივაწოდეთ ქართული წვენების 8 მწარმოებელს, რომელიც წვენებს აწარმოებდა იმ მომენტში საქართველოში. 6-ს დავურეკეთ და მივწერეთ კიდეც მეილზე. ორის ტელეფონი არ გვქონდა და FB გვერდზე მივწერეთ.

მწარმოებლებს დეტალურად ავუღწერეთ მეთოდოლოგია და ჩართულობის გადაწყვეტილებისათვის დრო მივეცით 25 ნოემბრამდე. პირობა იყო ასეთი: თითოეული არომატის წვენზე, რომელსაც მწარმოებელი ჩართავდა ბრმა დეგუსტაციაში, უნდა გადაეხადა 150 ლარი. რატომ ფასიანი? იმიტომ რომ მოძრაობა KAR.GE საქველმოქმედო ორგანიზაცია არ არის. ღონისძიება ჯდება 5000 ლარამდე და ხარჯები მაინც უნდა დაიფაროს. ჩვენ არც გრანტით გვაფინანსებს ვინმე და არც ჩვენი ბიუჯეტი გვაქვს. მოძრაობა KAR.GE ასე მუშაობს და აკეთებს ღონისძიებებს, კომპანიათა ჩართულობით.

 

23 ნოემბერი, 2016

ცხადია ვიმუშავეთ პარტნიორების მოზიდვაზე, ისეთი პარტნიორების პროცესში ჩართვაზე, რომლებიც თემასთან ახლოს არიან და რჩევის მოცემაც შეუძლიათ. უღრმესი მადლობა მათ. შემოგვიერთდნენ საქართველოს სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაცია – http://horeka.ge და ხარისხის ლაბორატორია – http://qlab.ge. ამან საშუალება მოგვცა ჩვენი სისტემა შეგვეჯერებინა მათთან, დაგვეხვეწა მეთოდოლოგია და რიგი ნიუანსები.

 

25 ნოემბერი, 2016

გავიდა ქართველი მწარმოებლებისაგან პასუხების მიღების ბოლო ვადა. აღმოჩნდა, რომ მხოლოდ ორი ბრენდი: კამპა და ჩვენი ჩაერთვებოდნენ პირველ ბრმა დეგუსტაციაში სხვა 6 უცხოურ ბრენდთან ერთად. 8 ქართული კომპანიიდან 1-მა დასაბუთებული უარი გვითხრა, რისთვისაც მას მადლობა. დანარჩენებს კი საწყენია, მაგრამ უარიც არ უთქვამთ. შეჯამებული ინფორმაცია kar.ge-ზეც გამოვაქვეყნეთ სტატიის სახით.

 

28 ნოემბერი, 2016

ბრმა დეგუსტაცია კვლევაა და მას თავისი წესები აქვს. მათ შორის პროდუქციის შეძენის კუთხითაც. სპეციალურად მომზადებული სიით თუ რა გვეყიდა [და ამაზეც ბევრი ვიმუშავეთ თუ რომელი წვენი რომლისთვის შეგვედარებინა და თითოეული სად გვეყიდა] ვესტუმრე კარფურს და გუდვილს. 29 წვენი, თითოეულის 2 ლიტრი შევიძინეთ. ხაზს ვუსვამ, რომ ყველა ნაწარმი, რომელიც მოწვეულმა საზოგადოებამ ბრმად გასინჯა, წინა დღით პირადად შევიძინე. აი ამ შესყიდვების დამადასტურებელი ვიდეო მასალა. ამ ვიდეოში ნაყიდი პროდუქცია და სათანადო ჩეკებია გადაღებული. გუდვილში ორჯერ მომიწია მისვლა, შესაბამისად გუდვილის ჩეკიც ორია.

ამავე დღეს მედია საზოგადოებაში წინასწარ მომზადებული ანონსი გავავრცელეთ, რომელიც მაგალითად ghn.ge და geonews.ge -ზე სრულად დაიდო, რისთვისაც დიდი მადლობა მათ. ჩვენი მიზანი იყო რაც შეიძლება მეტი მედიის წარმომადგენელი გვწვეოდა, რომ თავად ყოფილიყვნენ პროცესის ნაწილი.

 

29 ნოემბერი, 2016 – ბრმა დეგუსტაციის ჩატარება

სტუმრები

მოვიწვიეთ 70-მდე ჰოტელიერი, რესტორატორი, ჟურნალისტი და უბრალოდ დაინტერესებული ადამიანი. Holiday Inn-ში 50 ადგილი სპეციალურად მოვამზადეთ, რომელით გაივსო. ძალიან კარგი და თემის კარგად მცოდნე აუდიტორია შეიკრიბა.

როცესი

Holiday Inn-ში გამოყოფილი გვქონდა ორი სივრცე: ერთი სადეგუსტაციო, მეორე დამხმარე [დახურული სივრცე]. სულ გეგმაში იყო დეგუსტაციის 8 რაუნდი [5 პრემიუმი, 3 საბიუჯეტო სეგმენტები]. ჯამში გვქონდა 29 წვენი. პროცესი კოდირებით დაიწყო:

  • დახურულ სივრცეში პირადად მოვახდინე 29 ორლიტრიანი გრაფინის კოდირება ისე, რომ კოდირების მომენტში იქ არავინ იყო. კოდები ამ დროს დავფარე ისე, რომ დამხმარე პერსონალს ისინი ვერ დაენახა წვენების ჩასხმის მომენტში. თითოეულ გრაფინთან დავდე ის წვენი [ორი ლიტრიანი პაკეტი თითო], რომელიც მასში უნდა ჩაესხათ და ჩავინიშნე ეს მდგომარეობა.
  • ამის შემდეგ დამხმარე სივრცეში შემოვიდა პერსონალი [ნაწილი სასტუმრომ გამოგვიყო, ნაწილი ჩვენი გუნდის წევრები], რომელთაც 58 ტეტრაპაკის პაკეტიდან წვენი ჩაასხეს კოდირებულ 29 გრაფინში.
  • შემდეგ დამხმარე ოთახი დაიცალა და მე პირადად გადავანაცვლე კოდები გრაფინებზე იმისათვის, რომ არც დამხმარე პერსონალს არ სცოდნოდა რომელი კოდის გრაფინში რომელი წვენია. ჩავიწერე თითოეული ბრენდის თითოეული წვენის კოდი სპეციალურად მომზადებულ ფურცელზე, გრაფინებს მოვაშორე მათ გვერდში მდგარი წვენების ცარიელი პაკეტები და გადავაადგილე გრაფინები. ამ მომენტში მხოლოდ მე ვიცოდი, თუ რომელი კოდის გრაფინში რომელი ბრენდის რომელი წვენი ესხა და არცერთმა სხვამ. ეს ინფორმაცია სრულად გადავიტანე სპეციალურ ფურცელზე. ამან პროცესის ოდნავ დაყოვნება გამოიწვია.
  • ჩემი დაძახებისთანავე შემოდის პერსონალი, რომელსაც 29 კოდირებული გრაფინი გააქვს სადეგუსტაციო სივრცეში, სადაც თითოეულს დგამს წინასწარ მომზადებული 50 კოდირებული ჭიქის წინ. 01-01 კოდის გრაფინს დგამს 01-01 კოდის მქონე 50 ჭიქის გვერდით. 50*29=1450 კოდირებული ჭიქა წინასწარ იყო დალაგებული სადეგუსტაციო მაგიდებზე ჯგუფ-ჯგუფად [თითო ჯგუფში ერთნაირი კოდის მქონე 50 პლასტმასის ჭიქა].
  • მე კოდირებების ფურცელს აუდიტორიის წინაშე ვდებ სპეციალურ კონვერტში და დალუქულ კონვერტს გადავცემ დამსწრე დეგუსტატორებიდან ერთ-ერთს. კონვერტი დევს იქვე მაგიდაზე ამ ადამიანის წინ მთელი დეგუსტაციის მანძილზე და იხსნება მხოლოდ ბოლოში, შედეგების დაჯამების შემდეგ.
  • სულ 8 რაუნდია, კოდებით 01, 02, 03, 04, 05, 06, 07, 08 [მაგალითად პრემიუმ ფორთოხალი, პრემიუმ ბროწეული და ა.შ.]. სულ 29 წვენი. თუ პირველ რაუნდზე გადის 4 წვენი, მაშინ იმ რაუნდის გრაფინების კოდებია 01-01, 01-02, 01-03, 01-04. ზოგ რაუნდზე 4 წვენი ეჯიბრება, ზოგზე 3. სულ არის 50-მდე დეგუსტატორი. შესაბამისად პირველ რაუნდზე 01-01 კოდის წვენის 50 ჭიქასთან ერთად სხვა სამი წვენის 50-50 ჭიქა, სულ 200-მდე ჭიქა წვენი ჩამორიგდა, გაისინჯა და შეფასდა ამ ერთ რაუნდზე.
  • ჯერ დარიგდა პირველი რაუნდის 4 წვენი, გაისინჯა, შეფასდა კითხვარებით, აიკრიფა ცარიელი ჭიქები და კითხვარები. კითხვარები წავიდა ანალიზზე, რომელიც იქვე პარალელურად მიმდინარეობდა და მას 2 ადამიანი კურირებდა. მონაცემების შეტანა ხდებოდა იქვე სპეციალურად მომზადებულ პროგრამაში თან ისე, რომ სრული ანალიზი აუცილებლად უნდა დასრულებულიყო ფურშეტის დასრულებამდე. სათანადო რეპეტიციები ჩატარებული გვქონდა წინასწარ.
  • ამასობაში დამხმარე პერსონალმა პარალელურად დაიწყო მეორე რაუნდის წვენების დარიგება და ა.შ. შუაში გავაკეთეთ 15 წუთიანი შესვენება. ბოლოში ნახევარსაათიანი ფურშეტი, რომლის დასრულებისთანავე გამოვაცხადეთ შედეგები. საერთო ჯამში 17:00-ზე დაწყებული პროცესი 20:30-ზე დასრულებული იყო.

შედეგების გამოცხადება

ფურშეტის შემდეგ აუდიტორია მოვიწვიეთ ისევ სადეგუსტაციო სივრცეში. გავხსენით ანალიზის პროგრამა და ღიად, ეკრანზე ვაჩვენეთ თუ როგორ ხდებოდა კითხვარების შეტანა, როგორ ხდებოდა ანალიზი, სად ჯამდებოდა შედეგები და რა იყო შედეგები იმ მომენტში. ცხადია ჩანდა კონკრეტული კოდის წვენის მიერ თავის კატეგორიაში დაკავებული ადგილი, მაგრამ არ ჩანდა ბრენდები.

ამ დროს გაიხსნა სპეციალური დალუქული კონვერტი და ამოვიკითხეთ თუ რომელი კოდი რომელი წვენი იყო. ასე გამოვლინდნენ გამარჯვებულები.

შედეგები იქვე ამოიბეჭდა და თითოეულ დეგუსტატორს იქვე გადაეცა. kar.ge-ზე სტატიაც იმავე საღამოს დაიდო და მეორე დილით კი ფართოდ გავრცელდა მედია საზოგადოებაში.

 

მონაწილე და გამარჯვებული წვენის ბრენდები:

პრემიუმ სეგმენტი:

  1. პრემიუმ სეგმენტის ატმის წვენები. 4 ბრენდის ბრმა დეგუსტაცია ჩატარდა [რაუხი, სანდორა, სანტალი, კამპა]. პირველი ადგილის მფლობელი და გამარჯვებულია სანდორა ატამი.
  1. პრემიუმ სეგმენტის ალუბლის წვენები. 4 ბრენდის ბრმა დეგუსტაცია ჩატარდა [რაუხი,სანტალი, სანდორა, კამპა]. პირველი ადგილის მფლობელი და გამარჯვებულია სანდორა ალუბალი.
  1. პრემიუმ სეგმენტის ვაშლის წვენები. 4 ბრენდის ბრმა დეგუსტაცია ჩატარდა [რაუხი, სანდორა, სანტალი, კამპა]. პირველი ადგილის მფლობელი და გამარჯვებულია კამპა ვაშლი.
  1. პრემიუმ სეგმენტის ბროწეულის წვენები. 3 ბრენდის ბრმა დეგუსტაცია ჩატარდა [სანდორა, სანტალი, კამპა]. პირველი ადგილის მფლობელი და გამარჯვებულია კამპა ბროწეული.
  1. პრემიუმ სეგმენტის ფორთოხლის წვენები. 4 ბრენდის ბრმა დეგუსტაცია ჩატარდა [რაუხი, სანდორა, სანტალი, კამპა]. პირველი ადგილის მფლობელი და გამარჯვებულია სანდორა ფორთოხალი.

საბიუჯეტო სეგმენტი:

  1. საბიუჯეტო სეგმენტის ატმის ნექტარები. 3 ბრენდის ბრმა დეგუსტაცია ჩატარდა [სადაჩოკი, ჩვენი,რაუხი]. პირველი ადგილის მფლობელი და გამარჯვებულია ჩვენი ატამი.
  1. საბიუჯეტო სეგმენტის მულტიფრუქტის ნექტარები. 3 ბრენდის ბრმა დეგუსტაცია ჩატარდა [სადაჩოკი, ჩვენი, მაია სემია]. პირველი ადგილის მფლობელი და გამარჯვებულია ჩვენი მულტიფრუქტი.
  1. საბიუჯეტო სეგმენტის ფორთოხლის ნექტარები. 4 ბრენდის ბრმა დეგუსტაცია ჩატარდა [ჩვენი, სადაჩოკი, მაია სემია, რაუხი]. პირველი ადგილის მფლობელი და გამარჯვებულია ჩვენი ფორთოხალი.

საერთო ჯამში, ბრმა დეგუსტაციის 8 რაუნდიდან 5-ში ქართულმა ბრენდებმა გაიმარჯვეს, 3-ში უცხოურმა.

 

შედეგების გაშუქების მედია მხარდაჭერა

29 ნოემბერს პირდაპირი ეთერი გვქონდა საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაცემა ეკონომეტრში დეგუსტაციის დაწყებამდე. გადაცემის დასრულებისთანავე გადაცემის წამყვანი ქალბატონი ლელა კურდღელაშვილი ბრმა დეგუსტაციაზე შემოგვიერთდა და თვითონვე იყო მთელი პროცესის მონაწილე. იხილეთ სიუჟეტი ამ თემაზე.

ბრმა დეგუსტაციის შედეგები წინა ღამით უკვე განვათავსე kar.ge-ზე და ინფორმაცია გავავრცელეთ ჟურნალისტებთან. შედეგად 30 ნოემბერს სტატიები დაიწერა geotimes.ge, ფორტუნა, geonews.ge, gbc.ge-ზე. ხოლო სიუჟეტი მომზადდა იბერია TV-ზე. ეს ჟურნალისტები ყველანი ესწრებოდნენ დეგუსტაციის პროცესს და თავად დააგემოვნეს ყველა წვენი.

1 დეკემბერს რადიო კომერსანტზე პირდაპირი ეთერი გვქონდა ირაკლი მაკალათიასთან, რომელიც ასევე ესწრებოდა დეგუსტაციის პროცესს. ასევე გვქონდა ჩართვა პირველ რადიოზე. იხილეთ რეპორტაჟები.

 

5 დეკემბერს მიმიწვიეს პირდაპირ ეთერში TV იბერიაში, სადაც ჩვენი ღონისძიების შედეგებზე ვისაუბრეთ.

 

 

აქვე იხილეთ ღონისძიებისას გადაღებული რამოდენიმე სურათი

 

ესეც ბრმა დეგუსტაციის შემაჯამებელი ვიდეო

 

დიდი მადლობა ყველა პარტნიორს, ყველა სტუმარს, ჩვენი გუნდის ყველა წევრს ღონისძიების ორგანიზებულად ჩატარებისათვის! ბრმა დეგუსტაციების ჩატარებას სხვა პროდუქტებზეც ვგეგმავთ. ეს უკვე 2017 წელს.

ავტორი: ტარიელ ზივზივაძე

ტარიელ ზივზივაძე
კონსულტანტი & ტრენერი & სპიკერი: "მე მეამაყება, რომ ჩემი მოკრძალებული წვლილი შემაქვს კარგ ქართულ საქმეში. მჯერა, რომ ეს დიდი ცვლილებების დასაწყისია!"