ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > ბიზნეს გეგმა > რა გარანტია მაქვს რომ დამაფინანსებენ თუ … ?

რა გარანტია მაქვს რომ დამაფინანსებენ თუ … ?

მცირე მეწარმე, რომელიც რომელიმე კონკურსისთვის ბიზნეს გეგმის როგორმე დასაწერად “ნემსის ყუნწში ცდილობს გაძრომას”, ცხადია ინტერესდება – “რა გარანტია მაქვს რომ დამაფინანსებენ თუ ბიზნეს გეგმას დავწერ?”.

სათაურში დასმული შეკითხვა ხშირად დაუსვამთ ჩემთვის.

პასუხი ყოველთვის არის პირდაპირი და ცალსახა:

ა რ ა ნ ა ი რ ი !

და ხმის ტონალობაშივე ვგრძნობ ადამიანის იმედგაცრუებას!

ამ სტატიაში 3 მიზეზს გეტყვით, რომ მიხვდეთ თუ რატომ ვერ იქნება “სუპერ” ბიზნეს გეგმაც კი რომელიმე კონკურსში გამარჯვების 100 % გარანტი.

1. ბიზნეს გეგმის პროფესიონალურად დაწერა ცალკე საქმეა და ამ საქმეს თავისი წესები აქვს.

რა მოტივაციით შეადგენთ მას, დაწერთ თავად, თუ შეუკვეთთ ვინმეს, ეს თქვენი საქმეა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში სულ სხვაა თავად ბიზნეს გეგმის დაწერის პროცესი და სულ სხვაა რა მოხდება მერე.

სხვა თანაბარ პირობებში (ამას ხაზს ვუსვამ), რაც მეტად პროფესიონალურადაა შედგენილი ბიზნეს გეგმა, მით მეტია ნებისმიერ კონკურსში გამარჯვების შანსი (ეს შანსი მაქსიმუმ 50% შეადგენს)!

და ამ მხარეს თქვენ აკონტროლებთ!

მეორე 50% თქვენს კონტროლს მიღმაა!

2. ნებისმიერ კონკურსში მონაწილე უამრავ კონკურენტს შორის ერთ-ერთი შეიძლება იყოთ თქვენც. მაგრამ თქვენს გამარჯვებაზე “ხარისხიანი” ბიზნეს გეგმის გარდა უამრავი სხვა ისეთი ფაქტორი მოქმედებს, რომლებზედაც თქვენ შეიძლება წარმოდგენაც კი არ გექნეთ.

შეიძლება პროექტის მენეჯერმა ვერ წარადგინა კარგად, ან კომისიაზე გადაღლილებმა განიხილეს თქვენი თემა და სათანადო ყურადღება არ მიაქციეს, ან შეიძლება ისეთი “ბუკეტი” გადაწყვიტეს (გინდა, არ გინდა ეს ყოველთვისაა), სადაც თქვენი თემის ადგილი არ მოიძებნა, ან შეიძლება თქვენი პროექტი მაგარი იყო, მაგრამ ქულები არ ეყო, ან სულაც შეიძლება საკითხი “წინასწარ იყო გადაწყვეტილი” და ა.შ. და ეს “ბნელი” მხარე 100% თქვენს კონტროლს მიღმა იმყოფება!

3. თუნდაც გაიმარჯვოთ, სანამ ფულს მოგცემენ როგორც წესი კიდევ ერთ “ცხრილში” გაგატარებენ. შეიძლება პრეზენტაცია გაგაკეთებინონ, შეიძლება ადგილზე გესტუმრონ, შეიძლება რაღაც დამატებითი ინფორმაცია მოგატანინონ.

აქ კი თავად უნდა ივარგოთ, თქვენმა პიროვნებამ, საქმის აწყობის ხარისხმა და ბევრმა უშუალოდ თქვენზე დამოკიდებულმა ფაქტორმა უნდა გააკეთოს თავისი.

რა გარანტია მაქვს რომ დამაფინანსებენ? არანაირი!

ნებისმიერი, ვინც კი გეტყვით, რომ მოდი მე შენ დაგიწერ ბიზნეს გეგმას და გარანტიას გაძლევ, რომ კონკურსში 100% გაიმარჯვებ, მწარედ გატყუებთ!