ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
იოკოძუნა

იამაყეთ! ქართველმა სუმოისტმა მონღოლი იოკოძუნა დაამარცხა

არცთუ დიდი ხნის წინ ჩვენს საიტზე ქართველი სუმოისტი – გაგამარუ გაგაცანით, რომლის სახელითა და გამოსახულებით იაპონიაში ნამცხვარი გამოუშვეს. გუშინ კი ქართველ სპორტსმენს კარიერაში ყველაზე წარმატებული დღე ჰქონდა. მან ნაცუ ბაშოს (მაისის სუპერტურნირი) მე-10 ტურში მონღოლი იოკოძუნა ჰარუმაფუჯი დაამარცხა და პირველი კინბოში აიღო კარიერაში!

იოკოძუნა – ეს არის სუმოს იერარქიაში უმაღლესი ტიტული და ჩვენს ენაზე შეგვიძლია მას უძლეველი ჩემპიონი ვუწუდოთ. ხოლო კინბოში  გახლავთ ერთგვარი ოქროს ვარსკვლავი, რომელიც რიგით მაეგაშირებს გადაეცემათ იოკოძუნათა ძლევის შემთხვევაში.

გაგამარუ, იგივე გაგა ჯუღელი მიმდინარე ბაშოზე მე-6 მაეგაშირად გახლავთ განთესილი და თუ არ ჩავთვლით რამოდენიმე გაუთვალისწინებელ მარცხს, ნორმალურად გამოიყურება. დღევანდელი გამარჯვება კი უდავოდ ერთი ათად ფასობს მისთვის, რადგან იოკოძუნას დამარცხება ნამდვილად არაა ჩვეული მოვლენა, დამერწმუნეთ!

სუმოს ისტორიაში ეს გახლავთ მე-4 კინბოში, რომელიც ქართველმა სუმოისტებმა აიღეს. აქამდე კოკკაის (ლევან ცაგურიას) ორჯერ ყავს დამარცხებული მონღოლი იოკოძუნა ასაშორიუ, შორეულ 2005-2006 წლებში. წინა ბაშოზე, მარტში, ოსაკაში ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძემ) სძლია ჰარუმაფუჯის. ხოლო გუშინ ამ იოკოძუნასთან იგივე გაიმეორა გაგამარუმაც.

ვისთვისაც უცხო ხილია სპორტის ეს სახეობა, უყურეთ ამ ვიდეოს და მერწმუნეთ, არ ინანებთ! მთელ რამედ ღირს ჩვენი გოლიათის გაბადრული, გახარებული სახის ცქერა, როცა იგი ორთაბრძოლის შემდეგ გასახდელისკენ მიემართება! 🙂

ყველას გილოცავთ ქართველი სპორტსმენის ამ დიდ წარმატებას!