ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
baldor

Pledge Local – სადისტრიბუციო კომპანია BALDOR-ის კამპანია აშშ-ში

თითქოს სადისტრიბუციო კომპანიამ რა უნდა გააკეთოს ადგილობრივი ფერმერული წარმოების წახალისებისათვის, მაგრამ აჰა … გააკეთა და მერე როგორ … მეტად საინტერესო კამპანია წამოიწყო აშშ-ში კომპანია BALROD-მა, რომელიც აშშ-ის ჩრდილო-აღმოსავლეთის შტარების რესტორნებს ამარაგებს ცოცხალი ბოსტნეულით.

ადგილობრივი ფერმერული პროდუქციის პოპულარიზების ფონზე BALDOR-ში შეამჩნიეს, რომ თითქოს მოთხოვნა საზოგადოებისაგან არის და იგი ითხოვს ადგილობრივ ნაწარმს. თუმცა ასევე დაინახეს, რომ ადგილობრივი პროდუქციის გაყიდვები ადგილობრივ რესტორნებში დიდად არ იცვლება. შესწავლისას აღმოაჩინეს, რომ რესტორანში შეფია „მეფე“ და იგი არ უკვეთავს ფერმერულ პროდუქციას. რატომ? აღმოჩნდა, რომ მათ არ აქვთ ინფორმაცია, არ აქვთ დრო ადგილობრივი ფერმების შესასწავლად, არა აქვთ ინტერესი თითოეული ფერმიდან პროდუქტი მოიტანონ და ა.შ. ჰოდა, ჩაუჯდნენ BALDOR-ში ამ თემას და “გამოაცხვეს” პროექტი Pledge Local.

როგორ მოქმედებს Pledge Local?

დეტალურად სისტემა აქაა აღწერილი. მე ძირითადს ვიტყვი მხოლოდ

  1. რესტორანი და/ან მისი შეფი, რომელსაც პროდუქციას BALDOR აწვდის რეგისტრირდება სისტემაში. ეს არის სიგნალი BALDOR-ის გუნდისთვის, რომ ამ რესტორნის შესყიდვების ანალიზის შედეგად გააკეთოს „ჩანაცვლება“. ანუ ჩაანაცვლოს ყველა ის პროდუქცია, რომლის ფერმერული ალტერნატივა ახლომახლოში მოიპოვება დაახლოებით იმავე ფასისა და ხარისხის ადგილობრივი პროდუქტით.
  2. შესყიდვა. მყიდველი რესტორანი/შეფი გადაამოწმებს შეთავაზებას, გაეცნობა მიწოდებულ ვარიანტებს, ასევე გაეცნობა ადგილობრივ ფერმებს, მაგრამ თუ დრო არ აქვს, შეუძლია არაფერი შეცვალოს და შეთავაზება დატოვოს ძალაში. BALDOR თავის კლიენტებს საუკეთესო შეთავაზებებს პირდება.
  3. სერტიფიცირება. გაყიდვებიდან გამომდინარე გამოითვლება ე.წ. „ადგილობრივი მხარდაჭერის ქულა“. და თუ ეს ქულა აუცილებელ მინიმუმზე მაღალია, ხდება რესტორნის სერტიფიცირება. BALDOR-მა სპეციალური რუკაც კი შექმნა, რომელშიც სისტემაში ჩართული რესტორნები დააფიქსირა.

საქართველოში წარმოებული პროდუქციის გაყიდვების სიმცირის ერთ-ერთი მიზეზი სადისტრიბუციო ქსელშია. გული მიგრძნობს აქ ნამდვილად არის შესაძლებლობები.