სტატიის დაწერის თარიღი: 11 მარტი, 2020
#1 რედაქტირება: 15 მარტი, 2020 (ჩაემატა კომენტარი 13 მარტს პრემიერის 6 პუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით).
ღია წერილი საქართველოს პრემიერ მინისტრს!
მთავარი დაშვება:
მთავრობა და მასთან ერთად მოსახლეობის უმატესობა ცდება როცა ჰგონია, რომ კორონავირუსის თემა 2-3 თვეში მოკვდება, ტურიზმი საქართველოში მალე დაუბრუნდება ძველ ნიშნულებს და ჩვენც “გადავრჩებით”.
მე ამის არ მჯერა! მე – ტარიელ ზივზივაძე ვფიქრობ, რომ 12-18 თვე საქართველოში ტურიზმი (რასაც ტურიზმი ჰქვია და არა ვიზიტორები) იქნება ნულთან ახლოს და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყება ზრდა!
რატომ ვფიქრობ ასე? ჯერ იყო ჩინეთი .. ვირუსი გაჯეჯილდა, დაკეტეს ქვეყანა, აკონტროლებენ, უკვე იმარჯვებენ. რიგ-რიგობით კეტავენ ქვეყნებს და ყველა საფუძველი მაქვს ვივარაუდო რომ ეს არ დასრულდება კიდევ კარგა ხანი. გაეროს კი 200-მდე წევრი ქვეყანა ჰყავს. დროში გაწელვის პარალელურად ვირუსი მუდმივად იქნება აქტუალური და რომელი გიჟი გაბედავს ამ დროს ტურისტულ მოგზაურობაში წასვლას?
ვაქცინა ჯერ არ არის! ვაქცინის შექმნას კი სერიოზული ხალხი უკეთეს შემთხვევაში 12-18 თვეში პროგნოზირებს. მაშინაც კი, როცა ვაქცინა იარსებებს და ადამიანს არსად კარანტინში გამოკეტვა არ დაემუქრება, ბევრი მაინც თავს შეიკავებს ტურისტული მგზავრობისგან. სწორედ ამას ვამბობ: სანამ კორონავირუსის თემა კაპიტალურად არ “მოკვდება” ტურისტები მგზავრობას არ დაიწყებენ და ჩვენი ტურიზმის სექტორი იქნება ცუდ დღეში.
მნიშვნელოვანია მკვეთრად განვასხვავოთ ინფექციის გავრცელების პრობლემა და ეკონომიკური პრობლემა. რაც არ უნდა იდეალურად მართოს საქართველოს მთავრობამ (და ამ მომენტამდე აქ აუგს ვერ ვიტყვი, მადლობა პირველ რიგში ექიმებს და თითოეულ იმ ადამიანს, რომელსაც თავისი წვლილი შეაქვს ამ საქმეში), ეკონომიკური სფერო სულ სხვა განზომილებაა.
☝️ ახლა მთავარი …
desperate times require desperate measures … ამ სტატიის მიზანი ერთადერთია: მთავრობამ რიგიანი ყურადღება მიაქციოს იმას, რაც სასწრაფოდ გასაკეთებელია. სწორედ ამიტომ ეს წერილი თავისი ფორმატით აშკარად ცდება ტიპიური “ღია წერილი”-ს ფორმატს.
კორონავირუსული ინფექციის მსოფლიო მასშტაბით გავრცელების გამო საქართველოს ეკონომიკა უმძაფრესად “მოიმკის” 1) მთავრობის მიერ ყველა “კვერცხის” ტურიზმის სექტორში ჩადების, 2) მთავრობის მიერ პრიორიტეტულად ექსპორტზე ორიენტირებული საწარმოო სექტორის მხარდაჭერის და 3) საწარმოო სექტორისთვის შიდა ბაზრის დაბრუნებისადმი მთავრობის უყურადღებო დამოკიდებულების შედეგებს! პროცესი სამწუხაროდ უკვე დაიწყო.
მივყვეთ ეტაპობრივად …
- საქართველოს ტურიზმის სექტორი გაიყინება და ეს მინიმუმ ვაქცინის შექმნამდე გაგრძელდება. ტურიზმმა 2019 წელს თითქმის 3.5 მილიარდი USD შემოიტანა. 2020 წელს ჩემი ვარაუდით 2,5 მილიარდ USD ვერ მივიღებთ. ისიც ფაქტია, რომ ამ თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი მაინც ქვეყნიდან ეგრევე გარეთ გავიდოდა, ვინაიდან ტურისტები დიდწილად იმპორტირებულ საკვებს ჭამენ, იმპორტირებული საწვავით დადიან და იმპორტირებულ ნაწარმს ყიდულობენ და ა.შ., ამიტომაც რეალური დანაკლისი 1-1,5 მლრდ USD იქნება. მოსახლეობის მიერ ხარჯების შემცირების გამო ალბათ 1 მლრდ USD გვექნება როგორმე ამოსაქოქი 2020-ში. მომავალ წელს რა იქნება ღმერთმა იცის.
- შიდა ტურიზმის წახალისებით ამ დანაკლისის დაბალანსება ვერ მოხდება. ხალხს სახლებში დარჩენას ურჩევენ მასიურად. ასე რომ დაივიწყეთ შიდა ტურიზმი (თუ არ ჩავთვლით სოფლებში ხალხის მასიურად გასვლას). ერთადერთი, რისი იმედიც შეიძლება აქ გვქონდეს არის ის, რომ გამსვლელი ტურისტები (რომლებიც ასობით მილიონ USD ხარჯავენ ყოველწლიურად), ვერ გავლენ და ფული არ გავა ქვეყნიდან.
- ტურიზმზე საქართველოში 250,000-მდე ადამიანია მიბმული. ამ ადამიანების დიდი ნაწილი შემოსავალს ვერ მიიღებს, ნაწილს კი მნიშვნელოვნად შეუმცირდება შემოსავალი. ეს კი ნიშნავს, რომ 250 ათასი ოჯახი ნაკლებს დახარჯავს ეკონომიკაში.
- სასტუმრო სექტორი ძალიან ცუდ დღეში ჩავარდება. უკვე ჩავარდა. ყველა ინვესტიციითაა გაკეთებული და უმრავლესობას სესხი აქვთ გადასახდელი ყოველთვიურად. უკვე დაიწყეს დახურვები.
- ტრანსპორტირებაზე მოთხოვნა ქვეყნის შიგნით შემცირდება. ერთი რომ ტურიზმის მხრიდან მოთხოვნა თითქმის განულდება, მეორე რომ ხალხს სახლში დარჩენას ურჩევენ. ვისაც მანქანა ჰქონდა ნაყიდი ტურიზმში გამოსაყენებლად და სესხს იხდის, ალბათ ცუდ დღეში ჩავარდება.
- რესტორანები და კაფეები სერიოზულად დაზარალდებიან. ღონისძიებები (ნებისმიერი: ქორწილი, გასვენება, კორპორატიული, პრეზენტაცია და ა.შ.) ან არ ჩატარდება ან ძალიან ვიწრო წრეში ჩატარდება, ასევე შემცირდება გიდების, თარჯიმნების და ა.შ. ტურისტების სხვა მომსახურებზე მოთხოვნა.
- ეს ყველაფერი მწარედ დაარტყამს გლეხებს / ფერმერებს. ფერმერული ნაწარმი, რომელიც იყიდება რესტორნებში და სასტუმროებში ჩაწვება და ათიათასობით მეურნეობას შემოსავალი შეუმცირდება. ეს კრიტიკული წერტილია. დიდი შანსია შემოდგომაზე ხილი და ბოსტნეულიც კი ვერ გავიდეს ექსპორტზე საკმარისი რაოდენობით, ვინაიდან ჯამური მოთხოვნა შემცირდება ყველა ქვეყნიდან (ანდა რა ხელითაა მოკრეფილი, რატომ უნდა ენდოს ვინმე?).
დომინოს ეფექტი …
ეკონომიკაში 3 ძირითადი სექტორია: ვაჭრობა, მომსახურებები და წარმოება. ეკონომიკური რეცესიის რისკების გამო მომსახურების სექტორი ყველაზე მეტად შემცირდება, ვაჭრობა ძალიან დაეცემა, თუმცა 5 მლრდ USD სავაჭრო დეფიციტი დარჩება და სწორედ ეს გამოგვფატრავს. წარმოების სექტორი კი ყველაზე ნაკლებად შემცირდება (განსაკუთრებით პირველადი მოხმარების პროდუქციას ვინც აწარმოებს)
ფაქტობრივად განულდება ღონისძიებების ჩატარებაზე ორიენტირებული ბიზნესების საქმიანობა. თითქმის საერთოდ გაუქმდება სპორტული შეჯიბრებები, მატჩები და ა.შ.
ძალიან შემცირდება სპეციალიზებული ბრენდული მაღაზიების გაყიდვები. მათი ზრდა ბუნებრივად ეყრდნობოდა ტურიზმის ზრდას, თუმცა ახლა დარჩათ ადგილობრივი მყიდველი, რომელიც ძალიან ნაკლებს დახარჯავს
სავაჭრო ქსელებს (Mall-ებს ვგულისხმობ) ცუდი დღე დაუდგებათ, თუმცა სურსათის მაღაზიებზე ეს ნაკლებად გავრცელდება. ეგაა, რომ შესყიდვების სტრუქტურა შეიცვლება. ადამიანები პირველადი მოხმარების (კალათის) ნაწარმზე გააკეთებენ მეტ აქცენტს. უკვე იყო ე.წ. “აჟიოტაჟური” შესყიდვების პრეცედენტები. ჯოგური მენტალიტეტი მაინც თავისას შვება. “კეტავს” რეპტილიის ტვინს და ადამიანი მხოლოდ გადარჩენის რეფლექსით მოქმედებს. არადა ამ დროს საქართველოში დახლზე პროდუქტის გამოლევის შანსი უბრალოდ არაა (და არა იმიტომ, რომ პრემიერმა დაუქნია თითი ქსელების უფროსებს).
2020 წელს შემცირდება თანამემამულეების გადმორიცხვები, ექსპორტი, ინვესტიციები და ეს შემცირება ტურიზმის მიწასთან გასწორებასთან ერთად სერიოზულად დაარტყამს საქართველოს ეკონომიკას. გაიზრდება უმუშევრობა, შემცირდება ბიზნეს სექტორი, რეალურად შემცირდება ეკონომიკა. რიცხვების თქმა რთულია, ასობით მილიონ USD-ზეა საუბარი.
ველოდები, რომ გაიზრდება: სპეციალური დანიშნულების სამედიცინო პროდუქტების და მომსახურებების გაყიდვები; ვირტუალურ სივრცესთან დაკავშირებული ბიზნესების მოხმარება: ინტერნეტი, ტელეფონი, სერვისები; ონლაინ მარკეტების დრო დგება; კურიერული სერვისები უფრო განვითარდება; სამშენებლო სექტორს არაფერი დააკლდება. პირიქით, მოსალოდნელია მეტი განვითარებაც კი, თუ ეროვნული ბანკი რეგულაციებს შეარბილებს და მთავრობა ხარჯებს გაზრდის ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით; საქართველოში ყოველწლიურად გამავალი ტურიზმი მრავალასეულმილიონიანია. ეს ფული არ გავა ქვეყნიდან; სოფლის მეურნეობა ცოტა მეტად დაფასდება, ვინაიდან ადგილობრივი ნაწარმი გახდება პრიორიტეტი. სოფლის პროდუქცია გაძვირდება. თუმცა, ამ ნაზრდებისგან არ ველი, რომ რამე მნიშვნელოვანი ცვლილება მოახდინოს კალკულაციაში.
რას ეცდება მთავრობა ეკონომიკის კუთხით?
არაფერს განსაკუთრებულს … რაც აქამდე უცდია ან რისთვისაც ყური მოუკრავს (სხვები რას აკეთებენ)…
- პრობლების სიმწვავის ხელოვნური “შერბილება” ნარატივებით “არ ვიცით ჯერ”, “სიტუაციას ვაფასებთ”, “სავარაუდოდ ორ თვეში ყველაფერი დალაგდება”
- სასტუმროების გადარჩენა პირველ რიგში მოუვიდათ აზრად, ვინაიდან შარშან სცადეს უკვე. ჩემი აზრით სასტუმროები არ იმსახურებენ ჩემი და თქვენი ფულის დახარჯვას. კეთილი ინებონ ბიზნესები არიან და თავად გადარჩნენ, ან გაკოტრდნენ. ვინც გაკოტრებულს იყიდის, ის აამუშავებს შემდეგ … შენობას ვერავინ გადადგამს!
- ეროვნული ბანკი ეცდება ლარს ამოსდოს ლაგამი. სადამდე? ეს ისტორიული გამოწვევაა. მარტო ეროვნული ბანკი ვერაფერს შეძლებს. მთავრობის შეცდომებს “ლატკავდა” აქამდე, და საგარეო შოკებს აბრალებდა ლარის ფლუქტუაციებს. აგერ ბატონო საგარეო შოკიც და შოკუნიაც გასამკლავებლად … რიტორიკული ფრაზა იყო ჩემგან რა თქმა უნდა … მარტო ეროვნულ ბანკს შანსი არ აქვს ამ ბრძოლაში!
- მთავრობა ალბათ ბანკებთან ერთად მოილაპარაკებს და ბიზნესებს და მოსახლეობას გადაუვადებს საბანკო ვალდებულებების გადახდას. სადამდე? ან რის / ვის ხარჯზე?
ალბათ წვრილმანი ღონისძიებები კიდევ იქნება, თუმცა მნიშვნელოვანი არცერთი ისეთი, რომ აქ ხსენებად ღირდეს
ცხადია არავინ ახსენებს იმ მთავარ სტრატეგიულ შეცდომებს, რომლებიც წლებია არჩეულ მიმართლებად აქვთ და როცა დაუსვამ შეკითხვას, მოგთხოვენ მყისიერ გამოსავალს … “აბა რა ვქნათ, შემოგვთავაზეთ რამე” … ვითომ წლებით ჩასვრილ მდგომარეობას სწრაფი გამოსავალი ჰქონდეს … თუმცა, რაღაც-რაღაცეების გაკეთება შეიძლება, რომ ის 1 მილიარდი USD მიუღებელი შემოსავალი დაბალანსდეს ერთი წლის მანძილზე.
რა დაანონსდა 13 მარტს?
ამ ბმულზე ნახეთ საქართველოს მთავრობის მიერ 13 მარტს დაანონსებული 6 პუნქტიანი გეგმა, საიდანაც ჩემი კრიტიკული პოსტი წამიშალეს. ვის აწყობს “ვიღაც” ტარიელ ზივზივაძის “მონაჩმახი”, რომელიც არ ჯდება მთავრობის ნარატივში და მისი ტროლ-ბოტების პათოსში? სწორედ ამიტომ აქვე დავწერ 6-ვე პუნქტის მოკლე კრიტიკას აქ:
- სესხის დროებითი რესტრუქტურიზაცია მათთვის, ვისაც პრობლემა აქვს და ესეც ბანკების ხელით. მთავრობის წვლილი რაშია? თითის დაქნევაში? თან, რეალურად არავინ არავის არაფერს “პატიობს” … გადახდა ოდნავ გადაიწევს .. 3 თვით … 3 თვეში რა, პრობლემა გადაიჭრება? ტყუილი იმედის მიცემა ყველაზე უარესია რაც კი შეიძლება ამ დროს გააკეთო მთავრობამ.
- მოქალაქეებისთვის სესხის გადახდების გადავადება. ესეც პრობლემის დადავადებაა და არა აღმოფხვრა. ცხადია #1 და #2 პუნქტი დროებითი შვება იქნება, მაგრამ მეოთხე თვიდან რას სთავაზობ?
- ტურიზმში დასაქმებულთათვის – კომპანიებისა და მოსახლეობისათვის საშემოსავლოს და ქონების გადასახადის გადავადება 4 თვით. რა 100 მილიონი დარჩება? დარჩება რა, ხახვივით შერჩება? რა, ის გადასახდელი არ იქნება 5-ე თვეში? როგორ გადაიხდის ეს ხალხი ამ ფულს?
- დამატებითი 600 მილიონის დღგ-ს დაბრუნება. შევხედავთ თუ ოდესმე ეს მოხდა. ბიზნესს თუ ფულს დაუბრუნებთ გგონიათ ადამიანებამდე მივა? რას იტყვით იმ იდეაზე, რომ იმ ბიზნესების ხელმძღვანელებმა ის ფული ცალკე “მოაყუჩონ” უკეთესი დროების მოლოდინში? ან იქნებ კრიზისის დროს გაიაფებული აქტივები იყიდონ?
- სესხის პროცენტში შეხიდების სპეციალური პროგრამა სასტუმროებისათვის. პირადად მე ვფიქრობ, რომ ჩემი და მოსახლეობის გადახდილი გადასახადებით ამ ბიზნესების გადარჩენა არის არასწორი. წყალში გადაყრილი ფულია ეს. ბიზნესები არიან სასტუმროები და რისკები უნდა გაეთვალათ თავად. თუმცა ერთი მათ კომპლიმენტად უნდა ვთქვა, რომ იციან როგორ მოითხოვონ და თუნდაც სწორედ ამიტომ ეკუთვნით (განსხვავებით სხვა სექტორებისგან).
- კაპიტალური ხარჯების 300 მილიონით ზრდა. ეს არაა ურიგო სვლა. მაგრამ არასაკმარისია. კრიზისის დროს მთავრობის ინექციებს ინფრასტრუქტურულ და სხვა პროექტებში აქვს დიდი როლი და ეს მხაარე გასაძლიერებელია.
პრემიერის მიერ 13 მარტს დაანონსებული გეგმის უსუსურობას მისივე ზედაპირულობა თუ გადაწონის. შემოთავაზებული მოსავალი იმდენად “სტანდარტულია”, რომ ზედაპირსაც ვერ მოფხაჭნის. არადა სწორედ ახლაა არასტანდარტული გადაწყვეტილებების დრო, ახალი იდეების დრო, ხისტი მეთოდების დროც.
რა უნდა გააკეთოს მთავრობამ რეალურად?
[არ გამიკვირდება თუ 10-დან 9 საბჭოურად მოაზროვნე უნიჭო ფუნქციონერი ჩათვლის რომ ქვემოთ რაც წერია არის “სიგიჟე”, ან “ეს არ იმუშავებს” ან კიდევ რამე მსგავსს. ეს მხოლოდ კომპლიმენტი იქნება ჩემთვის]
გადარჩენის “გასაღები” წარმოების სექტორშია, უფრო სწორად რაც მისგან დარჩა იმაში. სწორედ საქართველოში წარმოებულ პროდუქციას აქვს შანსი დოვლათი დატოვოს ქვეყანაში (და არ გაუშვას საზღვარს გარეთ), შეინარჩუნოს სამუშაო ადგილები ქვეყნის შიგნით და შეინარჩუნოს არსებული ეკონომიკის მდგრადობა. ოღონდ ისე არა, საბჭოური აზროვნების ხალხს რომ წარმოუდგენიათ, სხვანაირად. საყრდენი წერტილი უნდა გახდეს მყიდველი ადგილობრივ ბაზარზე (და არა წარმოება)!
მყისიერი ღონისძიებებიდან (ცენტრში მყიდველის ჩაყენებით) საჭიროა შემდეგი:
- 5 მილიარდ ლარზე მეტი იხარჯება სახელმწიფო შესყიდვებში ყოველწლიურად. დროა მიანიჭოთ უპირატესობა საქართველოში წარმოებულ პროდუქციას … ახლა მაინც! ან კანონის შეცვლით, ან “სათანადო გადაჩურჩულებებით”. ის ადგილობრივი წარმოების პროდუქცია, რომელსაც ტურისტები ვერ მოიხმარენ წელს თუ არ გასაღდა მწარმოებლებს / ფერმერებს დაუდგებათ ცუდი დღე.
- ასობით მილიონი იხარჯება საექსპორტო მიზნებისათვის წარმოების სტიმულირებაში ყოველწლიურად, მაგრამ 0 ყურადღება ეთმობა მრავალათეულმილიარდიან შიდა ბაზარს. საჭიროა მწარმოებლებისთვის კომერციული რისკის ნაწილში შეხიდება, თორემ ტურიზმის სექტორში დაზარალებულ 250,000-მდე დასაქმებულს 750,000-მდე საწარმოო & ფერმერულ სექტორში დასაქმებული და თვითდასაქმებული დაზარალებული მიემატება.
- სავაჭრო ქსელები მწარმოებლებს ახრჩობენ 1) ქსელში შესვლის მაღალი ფასით, 2) დრაკონული 35 %-მდე ფასნამატით, და რაც ყველაზე სავალალო პრაქტიკაა 3) დამატებით დაწესებული 25%-მდე არაოფიციალური პროგრესული გადასახადით (მთლიანი ბრუნვიდან) სახელად “ქეშბექი”. აღარ ვსაუბრობ მარკეტინგულ ხარჯებზე (აქციები და ა.შ.). ამათგან პირველ რიგში მოსახსნელია ქეშბექები. ეს ყველაზე არასამართლიანი გადასახდელია, რომელიც პირველად საქართველში კარფურმა შემოიტანა და შემდეგ ყველა ქსელმა აიტაცა! ამ პრობლემის მოგვარება ზუსტად ისევე შეუძლია მთავრობას, როგორც შეძლო და დღეს თითქმის ყველა სავაჭრო ქსელი დროულად უხდის მწარმოებლებს კუთვნილ ფულს.
- უსერიოზულესი კამპანიაა გასაშლელი ქართული ნაწარმის ყიდვის პოპულარიზების კუთხით მე-2 და მე-3 პუნქტთან ტანდემში. თქვენ ეს არ იცით! მე კი ვიცი როგორც უნდა გაკეთდეს, ამას წლებია ვაკეთებ, მაგრამ ამ საქმეში ყველა უნდა ჩაერთოს უკვე. არავითარი პროტექციონიზმი! მხოლოდ საზოგადოებრივი კამპანია, რომელიც სათანადო წინაპირობების შემთხვევაში იმუშავებს! მოინდომეთ და გავაკეთოთ.
- საჭიროა წარმოებების მხარდაჭერის ისეთი გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება, რომელიც მწარმოებელს მიეხმარება ადგილობრივ მრავალათეულმილიარდიან ბაზარზე მოიმაგროს ფეხი! ეს ეკონომიკური კრიზისი წელს იწყება და საქართველოსთვის მინიმუმ 2 წელი გადასათრევია, გეგმა კი 4 წელზე გათვლით მაინც უნდა გაკეთდეს.
1 მილიარდი USD-ს ქვეყნიდან “არ გაწრეტა” არაა დაუძლეველი ამოცანა. ვისაც არ გჯერად ნახეთ თუ როგორ შეიძლება ეს დაიწყოს 1 გადამისამართებული ლარიანიდან!!!
გააზიარეთ ეს სტატია. იქნებ მიაღწიოს იმ ხალხამდე, რომელიც რამეს წყვეტს ამ ქვეყანაში …