ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > ანალიტიკა > “არასტანდარტული” მიდგომა. ტარიელ ზივზივაძის შეთავაზება მთავრობას!

“არასტანდარტული” მიდგომა. ტარიელ ზივზივაძის შეთავაზება მთავრობას!

[სტატია დაიწერა 2020 წლის 4 აპრილს]

ადგილობრივი წარმოება TOP პრიორიტეტი ხდება. ამაზე მეტყველებს პრემიერის ბოლო ორი განცხადება (2020 წლის 28 მარტის და 3 აპრილის) და თანხმლები ნარატივის გაძლიერება. ოღონდ, ჯერ გადარჩენისთვისაც და შემდეგ წარმატებისთვისაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია მთავრობამ წარმოების სექტორის მიმართ აქამდე გაბატონებული “სტანდარტული” მიდგომა და ნაბიჯები “არასტანდარტულით” გაამდიდროს! სწორედ ამ თემაზეა ეს სტრატეგიის დოკუმენტი, რომლითაც მე – ტარიელ ზივზივაძე, მოძრაობა KAR.GE-ს დამფუძნებელი ჩემს მოსაზრებებს ვთავაზობ საქართველოს მთავრობას.

უნდა გვესმოდეს რა გამოწვევას ვუპირისპირდებით

ეკონომიკური კრიზისი უკვე დაიწყო და 2 წელი მაინც გაგრძელდება. უშუალოდ 2020 წელს ტურიზმის განულებასთან ერთად მნიშვნელოვნად შემცირდება გადმორიცხვები, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და ექსპორტი. ათიათასობით სამუშაო ადგილი დაიკარგება და ასიათასობით ადამიანს შეუმცირდება შემოსავალი. საქართველოში მაცხოვრებელი 3 მილიონზე მეტი ადამიანი უარყოფით შედეგებს იგრძნობს ჯიბეზე. 2020 წელს ეკონომიკა შემცირდება 7-10 %-ით. 2019 წლის მონაცემებზე დაბრუნებას მინიმუმ 3 წელი დასჭირდება.

გამოსავალი

ხელისუფლებას გარდა მთავრობის ფისკალური ინსტრუმენტებისა და ეროვნული ბანკის მონეტარული ინსტრუმენტებისა, არაერთი სხვა ბერკეტით შეუძლია საჭირო მიმართულებით ეკონომიკის სტიმულირება: კონკრეტული სექტორებისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესება, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ხარჯების ზრდა, სოფლის მეურნეობის ტექნიკური მხარდაჭერა, უმუშევართა დახმარების პროგრამები და ა.შ., მათ შორის საერთაშორისო დახმარების მეშვეობითაც. და ამას გააკეთებს კიდეც.

თუმცა, წარმოების სექტორის სწორად გაძლიერება ქალაქად და სოფლად (ფერმერული მეურნეობები) ერთადერთი სტრატეგიაა, რომელიც ქვეყანას უფრო ძლიერს გამოიყვანს ეკონომიკური კრიზიდან (იხილეთ 11 მარტის სტატია)!

ამისათვის კი გადამწყვეტია “არასტანდარტული” მიდგომა …

თუ აქამდე წარმოების მხარდამჭერ ეკონომიკურ პოლიტიკაში საყრდენი წერტილი იყო თავად “წარმოება” (და ყველა ღონისძიება მწარმოებელს ხელს უწყობდა რომ ან მეტი საექსპორტო ნაწარმი ეწარმოებინა, ან სესხი აეღო იაფად, ან ქონება ეყიდა იაფად), ამიერიდან საჭიროა საყრდენი წერტილი გახდეს “მყიდველი შიდა ბაზარზე” (ახალი ნაბიჯები მიმართული უნდა იყოს იქითკენ, რომ მყიდველმა ინდივიდებმა & ორგანიზაციებმა შიდა ბაზარზე მეტი ადგილობრივი წარმოებული ნაწარმი იყიდონ უფრო ადვილად და უფრო მეტ ადგილას მთელი ქვეყნის მასშტაბით).

ბოლო 5 წლის განმავლობაში 3 თვალსაჩინო მაგალითი გვაქვს, სადაც მთავრობის მსგავსმა მიდგომამ შედეგი უკვე დადო: ჩააყენეს ტურისტი (მომსახურების მყიდველი) ცენტრში და მას “შემოულაგეს” მთელი აქტივობა საერთაშორისო მასშტაბით? 2019 წელს ტურიზმმა რეკორდული შედეგი დადო! ჩააყენეს ღვინის მყიდველი ცენტრში? 2019 წელს ღვინის ექსპორტმაც რეკორდული შედეგი დადო! ჩააყენეს თხილის მყიდველი ცენტრში (მსხვილი B2B კლიენტები)? დაიდო შედეგი!

KAR.GE-ს “არასტანდარტული” მიდგომის კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამი ელემენტია:

1) “აღმოვაჩინოთ” განძი რომელზედაც ვზივართ – 35 მილიარდამდე ლარის მყიდველობითი უნარის მქონე შიდა ბაზარი,

2) შიდა ბაზარზე მწარმოებლების შემზღუდველი “მახრჩობელების” მოხსნა,

3) შიდა ბაზარზე მყიდველების სტიმულირება რომ იყიდონ უპირატესად საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი.

შიდა ბაზარზე მყიდველთა 3 ჯგუფია (ტურისტების ხარჯები გამოკლებულია): მოსახლეობა ხარჯავს წელიწადში მიახლოებით 20+ მილიარდ ლარს, კერძო სექტორი ხარჯავს წელიწადში მიახლოებით 10+ მილიარდ ლარს, მთავრობა ხარჯავს წელიწადში 5+ მილიარდ ლარს.

საჭიროა კონკრეტული მიზნის დასმა …

მაგალითად: 1 მილიარდი USD -თი ნაკლები გავიდეს ქვეყნიდან 2020 წელს. ეს ნიშნავს, რომ 1 მილიარდი USD იმპორტული ნაწარმის (კაბელი იქნება ეს, ქათმის ხორცი თუ პომიდორი) მაგივრად ვიყიდოთ საქართველოში წარმოებული პროდუქცია მოსახლეობამ, კერძო სექტორმა და მთავრობამ. რატომ 1 მილიარდი USD იხილეთ აქ. რა ეფექტს მივიღებთ იხილეთ აქ.

საჭიროა 3 აუცილებელი ნაბიჯის გადადგმა მინიმუმ …

ხაზგასმით ვამბობ, რომ შეთავაზებული ნაბიჯები ქვეყნისთვის, წარმოების სექტორისთვის და თითოეული მოქალაქისთვის დადებით შედეგებს მოიტანენ ნებისმიერ შემთხვევაში!

  1. მთავრობამ შესყიდვებისას უპირატესობა მიენიჭოს საქართველოში წარმოებულ პროდუქციას. თუ გამოცხადდება ტენდერი/პირდაპირი შესყიდვა პირველ რიგში ადგილობრივი ნაწარმის შეძენა მოხდეს. მეტიც, ამის საჯაროდ აღიარება მოხდეს, როგორც ახალი პოლიტიკის და გამყარდეს შესყიდვების შესახებ კანონში სათანადო ცვლილებებით.
  2. მთავრობამ საცალო ვაჭრობის ბრენდულ ქსელებს აუკრძალოს მათ მიერ მწარმოებლებისთვის (და არა მხოლოდ) შემოღებული 25%-მდე არაოფიციალური პროგრესული გადასახადის სახელად “ქეშბექი”-ს ამოღება. ეს არასამართლიანი გადასახადი (ჯამური გაყიდვიდან) არის ყველაზე დიდი “მახრჩობელა”, რომელიც საქართველოში მომხმარებელს 15-20 %-ით უძვირებს პროდუქტს, მწარმოებელს ჯიბიდან აცლის მასშტაბის ეკონომიის შედეგად დაზოგილ ხარჯს და ადგილობრივად წარმოებულ ნაწარმს ბლოკავს შიდა ბაზარზე მოხვედრისგან.
  3. KAR.GE-ს დაწყებული აქვს კამპანია – #ძალაჩვენშია საქართველოს მოსახლეობაში და კერძო სექტორში ქართული ნაწარმის ყიდვის პოპულარიზების კუთხით, თუმცა ჩვენი ძალები საკმარისი არ არის. საჭიროა მთავრობის მიერ ანალოგიური კამპანიის დაწყება და მეტი რესურსის ჭკვიანურად დახარჯვა ამ კუთხით.

შეჯამება

ჩემს მიერ შემოთავაზებული “არასტანდარტული” მიდგომა წარმოების სექტორის გასაძლიერებლად ჩართული უნდა იქნას ხელისუფლების მიერ ეკონომიკის სტიმულირების ღონისძიებათა საერთო პაკეტში.

შედეგად გარანტირებულად მივიღებთ მეტი დამატებული ღირებულების საქართველოში შექმნას, ქვეყანაში მეტი ფულის ჩატოვებას და ბრუნვების გაზრდას, მეტი ადგილობრივის დასაქმებას, ადგილობრივი წარმოების და მასზე მიბმული დარგების მეტ განვითარებას და ქვეყანაც გაცილებით უფრო ძლიერი იქნება ეკონომიკური კრიზისის დასრულების შემდეგ.