ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

უხარისხო, წამგებიანი, მთავრობის და საწარმოო სექტორის შემარცხვენელი. მხოლოდ ერთი დადებითი აქვს …

დღეს PSP-ში ვიყიდე ქართული წარმოების პირბადე. 3-ის ყიდვა იყო ლიმიტი, 2 ცალი ნიმუში ვიყიდე. სამედიცინო თვისებებზე ვერ ვიმსჯელებ, მაგრამ რასაც ვხედავ იმით “აღფრთოვანება” სათაურში ავსახე.

უხარისხო რატომ?

ეს არის რაღაც ბოდიში და აპუწული მარლის უფორმო მაიმუნობა რეზინიანი საყურეებით (სახელიც არ ვიცი ამას რა ჰქვია), რომელსაც ნაკერი-ნაკერში არ მიუყვება და ორივეს სხვადასხვა ფორმა აქვს, ძაფები ცვივა და ასვენია ასე “საყვარლად” (გაუთოვებაც დაეზარათ). კარდონის ყუთში პირდაპირ გროვა იყო ჩაკუჭული (იქვე ჩავხედე ყუთში PSP-ში, სადაც ვიყიდე). არანაირი ინიციალი, თუ ვისი ნაწარმოებია (ვინ გაიფუჭებდა სახელს, ხალხი მსოფლიო ბრენდებს კერავს და პირბადე ვერ შეკერესო იტყვიან).

არანაირი ინსტრუქცია არ მოჰყოლია. ამბობენ მრავალჯერადიაო. ზოგი ამბობს 2 საათში გადასაგდებიაო. მოკლედ … მთავარია, რომ ლუგარის ცენტრის რეკომენდაციითაა შეკერილი და დეფიციტური მასალით. ბოდიში, ეს არ ჩანს არსად. ნებისმიერი, ვისაც ცოტა კერვა ეხერხება, ჩვეულებრივი ბინტისგან შეკერავს არანაკლებს.

წამგებიანი რატომ?

ეკონომიკის მინისტრმა გამოსვლაში განაცხადა 1 ლარი ჯდება, 50 თეთრში ვყიდითო და თან 400,000 ცალი გავა პირველ ეტაპზე ქსელშიო. ანუ, 400,000 ლარი გადავიხადეთ თქვენი და ჩემი გადახდილი გადასახადებიდან. აქედან შეუვათ 200,000 ლარი. ანუ, “გასროლილი” თანხა არის 200,000 ლარი.

აქ გავჩერდეთ … ეს პირბადე მარტო ამ ორი ფაქტორის გამოა მთელი ქართული საწარმოო სექტორის შემარცხვენელი! ხალხი ამას ნახავს და რას იფიქრებს? რა შთაბეჭდილება დარჩებათ ადამიანებს ადგილობრივ წარმოებაზე?

ერთადერთი “დადებითი” დავინახე …

აკვირდებით პურის და ფქვილის, ასევე “პური არ გაძვირდება”-ს თემას როგორ გვიტრიალებენ მუდმივად? რატომ? იმიტომ რომ ხალხის დიდი ნაწილისთვის პურის ფასი არის მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობის ძირითადი განმსაზღვრელი. და როცა პურის ფასი უცვლელია, ხალხი მშვიდადაა.

ზუსტად იგივე ფსიქოლოგიური ეფექტია აქაც. რაც მთავარია პირბადეს ვკერავთ საქართველოში და მოსახლეობას მისი ყიდვა შეუძლია! ვიზუალი, ხარისხი და წამგებიანობა იქით იყოს და ადამიანებისთვის მცირედი მაინც შვება არის ის, რომ პირბადე აქვს.

ამ ბოლო ფაქტორის გამო (რომ ხალხი იყოს მშვიდად) კიდევ დავეთანხმებოდი 200,000 ლარის (ჯერ) გადაყრას, მაგრამ სამწუხაროდ ხალხის ფსიქოლოგიური დაბურანების მეტი ეკონომიკაში საქმიანი, რეალური, ხელშესახები, რომ წარმოების სექტორს მართლა მხარი დაეჭიროს … არაფერი კეთდება!

PS

კომენტარების უდიდესი ნაწილი კიდევ ერთხელ მარწმუნებს შემდეგში იმაში, რასაც ველოდი: ადამიანები იმდენად არიან დაშინებულები, რომ მათი ფსიქოლოგიური კომფორტისთვის ნებისმიერ ნაბიჯზე წავა ეს მთავრობა. და როცა გამოფხიზლდებით აღმოაჩენთ, რომ 1) პირბადეც ბლეფი იყო, 2) აგარის შაქრის “აღორძინების” თემა და კიდევ ბევრი სხვა.

ოღონდ მერე იქნება გვიან. ეკონომიკაში უსუსური გადაწყვეტილებების შემდეგ 2-3 თვეში საბანკო გადასახდელებიც რომ მოგიწევთ, გადასახადებიც და ათობით ათასი სამუშაო ადგილი დაიკარგება, კი მიხვდებით “რა სიცრუეში” გაატარეთ 3 თვე, მაგრამ … მაგრამ …

ჯობია დროულად გამოფხიზლდეთ ამ ძილბურანიდან.

“ბოდიში”, რომ გასააზრებელი ტექსტის რაოდენობა გაიზარდა

!!!