ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

საქართველოს ექსპორტის საკრედიტო სააგენტო: 8 მწვავე შეკითხვა KAR.GE-სგან

იქმნება საქართველოს ექსპორტის საკრედიტო სააგენტო – ფინანსური ინსტიტუტი და ამაში 20 მილიონი უნდა დაიხარჯოს ჩემი და თქვენი გადახდილი გადასახადებიდან. ორშაბათს, 30 აპრილს განხილვაა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში, თბილისში, რომელსაც ვერ ვესწრები (მიზეზი რომ ნათელი იყოს … გვიან გავიგე და ორშაბათი უკვე დაგეგმილი მაქვს). მესმის რა საკითხის გრავიტაცია, kar.ge-ზე ღიად ჩამოვაყალიბე ჩემი მოსაზრებები და გავუგზავნე საპარტნიორო ფონდის პასუხისმგებელ პირს ელ. ფოსტით. PDF პრეზენტაცია / დოკუმენტი ჩამოტვირთეთ აქ.

რა მეჩვენა ძალიან სასარგებლოდ?

აქამდე არცერთი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ამა თუ იმ ფორმით წარმოებას ავითარდებდა საქართველოში, თავის თავზე არ იღებდა კომერციულ რისკს, თუნდაც მის ნაწილს (ყოველ შემთხვევაში მე არ გამიგია). ამ კუთხით საქართველოს ექსპორტის საკრედიტო სააგენტოს შექმნა, არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი წინ. მე კარგად მესმის ამ ნიუანსის მნიშვნელობა. ამ “ინსტრუმენტის” შექმნით ბევრი საექსპორტო შესაძლებლობა უბრალოდ არ დაიკარგება.

მაგრამ მიჩნდება მწვავე შეკითხვები:

1. თუ გადავხედავთ საპარტნიორო ფონდის ვებსაიტს, ფონდის მიზნები მკვეთრადაა ჩამოყალიბებული და მათში არ შედის ასეთი ტიპის პროექტის განხორციელება, მით უმეტეს სააგენტოს დაფუძნება. საქართველოს ექსპორტის საკრედიტო სააგენტოს საქმიანობები არც აქტივების მართვაა და არც საინვესტიციო საქმიანობა. სააგენტო ფინანსური ინსტიტუტი გამოდის, უფრო სადაზღვევო სააგენტო. რა ლოგიკით უნდა შედიოდეს ეს სტრუქტურა საპარტნიორო ფონდის შემადგენლობაში?

2. მსოფლიოში არსებობს ორი ძირითადი მიდგომა: 1) როცა სახელმწიფო თვითონ აკეთებს ასეთი ტიპის ფინანსურ დაწესებულებას და 2) როცა ეს ფუნქცია outsource-ზე გადაცემული აქვს კერძო სტრუქტურას. რა იყო მოტივაცია იმისა, რომ საქართველოში პირველი ვარიანტი ჩაითვალა უკეთეს ვარიანტად? სახელმწიფო უფრო ეფექტიანად დახარჯავს ჩვენს გადახდილ გადასახადებს, ვიდრე კერძო სტრუქტურა?

3. სადაა პრობლემის დებულება? სადაა სათანადო კვლევა? დათვლილი არის რამდენად მწვავეა პრობლემა რომლის მოსაგვარებლადაც სააგენტო იქმნება? რა “ღირს” ეს პრობლემა ფულში? სადაა რიცხვები, თუ “რა მოცულობის / რამდენი საექსპორტო შესაძლებლობა” იკარგება დღეს და არ დაიკარგება ხვალ? დათვლილი არის რამდენი ექსპორტიორისათვის და კონკრეტულად რომელი სფერების წარმომადგენლებისათვის როგორ გადაჭრის ეს პრობლემებს? თუ იგივენაირად მოხდება ყველაფერი როგორც აქამდე ხდებოდა? დავხარჯოთ გადამხდელთა ფული და მერე ვნახოთ რა გამოვა?

4. ანუ, საპარტნიორო ფონდი სადაზღვევო ბიზნესში იჭრება? ანუ, სახელმწიფო სტრუქტურა კერძო სტრუქტურის კონკურენტი გახდება სადაზღვევო ინდუსტრიაში? კერძო სადაზღვევო ინდუსტრიას, რომელსაც დნმ-ში აქვს ფულზე განსაკუთრებული ყნოსვა, “ფულიანი” თემა გამოეპარა? თუ კერძო სექტორი თვლის, რომ “ეს ჩიტი ბრდღვნად არ ღირს”? თუ ასეა, მაშინ სახელმწიფომ რატომ უნდა დახარჯოს ჩემი და თქვენი ფული ისეთ ბიზნეს პროექტში, სადაც ფული არ არის? თუ სახელმწიფო ჩვენს ფულს კერძო სადაზღვევო ინდუსტრიაზე უკეთ დახარჯავს? თუ რამე სხვა მიზანია?

5. სადაა მოსალოდნელი შედეგები რიცხვებში (პროცენტებში არა, რიცხვებში)? სადაა მოსალოდნელი სინერგიული ეფექტი სამკუთხედის სამივე რგოლს შორის? იქნებ სინერგიული ეფექტი მეტია თუ ექსპორტის სტიმულირებაში ორი მოთამაშე დარჩება ეკონომიკის სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს სახით?

6. ვინ აძლევს გარანტიას ექსპორტიორს, რომ მის მყიდველებს ვინმე არ აწაპნის (ყველა მის კონტაქტს, თავს რომ ევლება ისეთს და თითოეულის მოპოვებაში რომ დიდი ენერგიაა ჩადებული ისეთს, ხომ “საფუძვლიანად შეაფასებენ”)? მე კარგად ვიცი, რა დონეზეა კონკურენცია ექსპორტიორებს შორის. ზოგჯერ არაფერს თაკილობენ, რომ ერთმანეთს აახიონ კლიენტები. ეხლა თუ შუაში კიდევ ერთი სახელმწიფო სტრუქტურა ჩაერთო, რა გარანტიაა რომ ეს სახელმწიფო სტრუქტურა “ვინმეზე” არ იმუშავებს?

7. რა დაუჯდება ეს მომსახურება ექსპორტიორს? სადაა კონკრეტული რიცხვები? სადაა გათვლა, რომ ამ პირველ 20 მილიონს მეორე 20 და კიდევ მეტი არ დაემატება? რამდენად მდგრადია ბიზნეს მოდელი?

8. რა მექანიზმი ექნება (თავისი, და არა სხვისი) საქართველოს ექსპორტის საკრედიტო სააგენტოს, რომ ადექვატურად შეაფასოს სხვადასხვა ქვეყნების რისკები და თითოეულ ქვეყანაში კონკრეტული უცხოური კომპანიების რისკები?

მთლიანობაში მჯერა, რომ საქართველოს ექსპორტის საკრედიტო სააგენტოს შექმნა საჭირო საქმეა და ექსპორტს წაახალისებს, თუმცა ამ მომენტში უფრო მეტი შეკითხვა მაქვს, ვიდრე პასუხი.