ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

რატომ ღირს 0.7 ლარად ნაყიდი ქართული კიტრი 3,5+ ლარი სუპერმარკეტებში?

დავუშვათ მოწესრიგებულმა (და კავშირებიანმა) დისტრიბუტორმა მარნეულში ან ლაგოდეხში კილო 0,7 ლარად იყიდა 5 ტონა კიტრი თბილისში ასევე მოწესრიგებულ (და კავშირებიან) სუპერმარკეტების ქსელისთვის მისაწოდებლად (ბრენდულ ქსელებზე ვამბობ). პროდუქტის ხარისხის, ნაყიდი რაოდენობის, ჩამოყალიბებული ურთიერთობის და ბევრი სხვა ფაქტორის გამო გადახდილი ფასი იყოს მეტი (ნაკლები არ მგონია).

0,5 ლარი უხეშად ვთქვათ დისტრიბუტორის ხარჯი, გადასახადები და მოგებაა კილოგრამზე.

აქ დააკვირდით …

თეორიულად 1,2 ლარად რომ შეეტანა ქსელში, ქსელი დაადებდა თავის 40% მარჟას და 18 % დღგ-ს და თქვენ და მე გადავიხდიდით მიახლოებით 1,9-2 ლარს. ბაზრობაზე რომ გაეტანა, მაქსიმუმ 1,4-1,5 ლარი გამოსულიყო კილოს ფასი. მაგრამ ამ ორიდან არცერთი ხდება და აქ იწყება ყველაზე საინტერესო …

კიტრი მალფუჭებადია. დისტრიბუტორს კიტრის 10-15 % გზაში გაუფუჭდა. ეს ხარჯში უნდა გავიდეს. და კილოგრამის თვითღირებულება გახდა მიახლოებით 1,4 ლარი.

ქსელმა 40 %-მდე სუფთა მარჟა დაამატა (60 თეთრი), და ფასი გახდა მიახლოებით 2 ლარი.

კიტრის 10-15 % დახლზე დაზიანდება და/ან სასაქონლო ფორმა დაეკარგება ლოგისტიკის რომელიმე ეტაპზე. ამას არავინ იყიდის. ესეც ხარჯში უნდა გავიდეს და თან ისე, რომ წინასწარ გაითვალისწინონ. და კიტრის ფასი გახდა მიახლოებით 2,3 ლარი.

აქ გავჩერდეთ: 2,3 ლარი კილოს ფასი არის როგორ ფასი იცით? რეალური ფასი!

ქვემოთ უკვე “სხვა ფაქტორები” ერევა …

საერთო გაყიდულიდან 5-25 %-მდე დისტრიბუტორმა ქეშბექი უნდა გადაუხადოს ქსელს (არაოფიციალური გადასახადი). უხეშად ავიღოთ გასაყიდი ფასის 20% და დამრგვალებით გამოვიდა 3 ლარი ფასი, რომელსაც ჩვენ გადავიხდიდით რომ არა კიდევ გამძვირებელი სამი ფაქტორი:

  1. დაკეტილია ბაზრობების გამო ხალხის ნაკადი მიაწყდა მარკეტებს, გაზარდა კიტრზე მოთხოვნა და შესაბამისად ამან ფასს წაამატა;
  2. დისტრიბუტორის და ქსელის “მადიდან” გამომდინარე ფასს კიდევ წაემატება;
  3. უბნის “ჩაკეტილობის ხარისხი” (რამდენად უჭირს ადამიანს შორს წასვლა. უბნის დონეზე კონკურენცია დიდი არ არის. უახლოეს ობიექტში მიდიხარ ხოლმე როგორც წესი) თავისას წაამატებს კიდევ;

და მიიღებთ ფასს 3,5 – 4,5 ლარის დიაპაზონში.

შენიშვნა: ეს კალკულაციის ერთი ვარიანტი, თუმცა ალტერნატიულ კალკულაციებსაც აქვს არსებობის უფლება!