ჩინეთის ღვინის ბაზარი უზარმაზარია. ამ მსუყე ბაზარზე კი ყოველმა მეათე ჩინელმა დღეში ერთი ყლუპი ქართული ღვინო რომ გადაყლაპოს ეს თითქმის 1 მილიონი ბოთლია დღეში. მთავარია როგორ გადავაყლაპოთ პირველი 🙂 ეხლა კი დავსერიოზულდეთ …
ღვინის სააგენტომ უკვე მეორე ქართული ღვინის სახლი, ამჯერად ჟიჯანგის (Zhijiang) პროვინციის ქალაქ ლიშვეიში გახსნა. ღონისძიებას ქართულ დელეგაციასთან ერთად საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს სპეციალური წარმომადგენელი ჩინეთში მაია ცქიტიშვილი დაესწრო.
ქართული ღვინის სახლი „სუოლუნ“ კომპანიამ გახსნა და რიგით მეორე ღვინის სახლია ბოლო 7 თვის განმავლობაში ამ კომპანიის მიერ გახსნილი. საზეიმო გახსნაზე მოწვეულნი იყვნენ ადგილობრივი დისტრიბუტორები, დილერები და მედიის წარმომადგენლები. „სუოლუნ“ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ბატონმა ისიაო ძიუნუმ სტუმრებს ქართული ღვინის პრეზენტაცია წარუდგინა და ჩინეთში „ქართული ღვინის სახლების“ ქსელის მნიშვნელობა გააცნო.
ადამიანურ ენაზე რომ ვთქვათ …
რაც მეტი ასეთი სახლი იქნება ჩინეთში, მით უკეთესი ჩინეთში ჩვენი ღვინის ექსპორტისათვის, რომელიც 2015 წელს საგრძნობლად გაიზარდა. ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით ზრდამ 122 %, ხოლო მთლიანმა ექსპორტმა 2,672,154 ბოთლი შეადგინა.