ერთი კვირის წინ გავიგე რომ თბილისი მოლში ტარდება საინტერესო გამოფენა-გაყიდვა, რომელიც გუშინ მოვინახულე. მოვინახულე და აღტაცებული დავრჩი იმ შრომის შედეგით, რაც იქ იყო გამოფენილი. ნანახის სიტყვებით აღწერა ალბათ გამიჭირდება, ამიტომ ფოტოკოლაჟი გავაკეთე და აქვე გთავაზობთ.
ყველა ეს ნამუშევარი შეიქმნა FABLAB-ში, ილიაუნის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიაში, პროგრამის – „დაიწყე ბიზნესი FABLAB-თან ერთად“ – ფარგლებში. იგი 2 ნოემბერს დაიწყო 6 დეკემბრის გამოფენა-გაყიდვით დაგვირგვინდა. აქ კი რეალური გაყიდვები შედგა.
ახალგაზრდებმა, რომელთა შორის სტუდენტებიც იყვნენ და სკოლის მოსწავლეებიც სულ რამოდენიმე დღეში მართლაც რომ შესანიშნავი პროდუქტები შექმნეს. აქ იყო ხის სანათები, ხის ბრელოკები, ხეში ჩარგული ფლეშკები, ხისა და ტყავის ჩანთები, ხის ნაძვის ხის სათამაშოები, ხის ბლოკნოტები, პასტით ნახატები, ხის სასალფეთქეები, ხის დეკორატიული ყუთები, ხის სათვალეები, ხეზე ნახატი სურათები, ხის ტირექსის მაკეტიც კი. უნდა გამოეყენებინათ ხე, ტყავი და ის დანადგარები, რაც FABLAB-ში აქვთ.
ახალგაზრდებს ბრენდის შექმნაზეც ჰქონდათ ნაფიქრი. დააკვირდით სურათებს და დაინახავთ ბრენდებს: BEGELS, Modern Design, LibArt, Light Up, pARTners, TADD. მეტიც, სპონსორებიც ჰყავდათ ნაპოვნი, რომელთაც ამ პროდუქტების შექმნისათვის მასალების შეძენა დაუფინანსეს.
თამამად უნდა აღინიშნოს, რომ გუშინ მე მომავალი ქართველი მილიონრები თუ არა მილიონერი მაინც გავიცანი … ცხადია ის ამ ბავშვებს შორისაა. წარმატებები ჩემო კარგები!