დაახლოებით 5 თვის წინ kar.ge-ზე სოფლის ნობათის მაწონის შესახებ ჩვენი გუნდის წევრმა ეს მეტად პოზიტიური სტატია დაწერა. ნამდვილად არ მახსოვდა ამის შესახებ [ძებნისას აღმოვაჩინე Google-ში], თორემ მეორე სტატიას არ დავწერდი. მაგრამ რახან დაწერილი მქონდა, მაინც გამოვაქვეყნე. თვითონვე დარწმუნდებით, რომ ამიერიდან kar.ge-ზე პროდუქტებს სულ სხვა წნეხში გავატარებ. მე პირადად ვფიქრობ, რომ ასეთი ტიპის განხილვა უფრო სასარგებლო იქნება როგორც კომპანიისთვის, ასევე მომხმარებლის.
რა მომწონს:
- შეფუთვის დიზაინი ნამდვილად ეფექტურია. იკვეთება დახლზე.
- მე პირადად მაწონს არ მივირთმევ, მაგრამ ამ მაწონის ხარისხი ჩემთან ოჯახში მოწონთ.
- ფასი – 1.4 ლარი ნორმალური ფასია.
- მომწონს ის, რომ საწარმო საქართველოშია. ე.ი. ქართულ საქმეს აკეთებს.
რა არ მომწონს:
- ბრენდს არ აქვს ვებსაიტი და არც Facebook გვერდი. ეს სირცხვილია! „სოფლის ნობათი“-თ ძებნისას სამი Fb გვერდი იძებნება და არცერთი კომპანიის არ არის. მწარმოებელი – შპს „ვიმ-ბილ-დანი“ ამაზე უნდა ზრუნავდეს.
- ქოხის და ქალბატონის სურათი აშკარად შორსაა ქართულისგან. როგორც ჩანს დიზაინისას აშკარად არ იყო გათვალისწინებული საქართველოს ბაზარზე გაყიდვა ან პატივი არ სცეს ქართველ მომხმარებელს;
- სერტიფიცირებულია შიგა სტანდარტით. შიგა სტანდარტი რა არის რომ დავინტერესდე ვებსაიტიც არ არის რომ გავარკვიო;
- მიმდინარე სარეკლამო კამპანია არ აქვს არსად. როცა კი რეკლამა გადიოდა მახსოვს მხოლოდ რუსული ვარიანტის გაქართულებული ვერსიები იყო;
- პროდუქტზე მითითებულია, რომ ნატურალური წარმოებაა, მაგრამ საიდან დავრწმუნდე რომ ასეა? რას ნიშნავს საღი რძე? საღი უცხიმო რძე? მშრალი უცხიმო რძე? [იქვე ასევე წერია უცხიმო მშრალი რძეც]. ბოლო-ბოლო ნატურალური რძითაა დამზადებული თუ რძის ფხვნილით ნათელი არ არის ჩემთვის. ეს ინფორმაცია წესით ვებსაიტზე უნდა იყოს.
ვიყიდი თუ არა მეორედ?
ოჯახში ვყიდულობთ და საკმაოდ ხშირად … თუმცა მხოლოდ იმიტომ, რომ ეკო ფუდის მაწონი არ მოგვწონს და ახლო ობიექტში კი სანტეს მაწონი არ აქვთ.
თუ რამეში შევცდი ან გადავაჭარბე მიმითითეთ. შენიშვნას მივიღებ.
თქვენ რას დაამატებთ?