ამ 10 დღის წინ kar.ge-ზე სტატია დავდე, სადაც დაწნული შებოლილი სულგუნი გაგაცანით. ამ უგემრიელეს პროდუქტს კომპანია მილკენი აწარმოებს. გავარკვიე, რომ ამ სტატიის დაწერის მომენტისათვის კომპანიაში სულ 14 ადამიანი მუშაობს და იმდენი საქმეა აქვთ, რომ კიდევ ეძებენ თანამშრომლებს. ნეტა ყველა ქართულ წარმოებაში იგივე პრობლემა იყოს …
მოხდა რა … 22 მაისს kar.ge-ზე სტატიის დადებიდან და Facebook-ში მასიური გაზიარებიდან უმოკლეს დროში შემეხმიანა ბნ. ბაგრატ მეზურნიშვილი, რომელმაც მთხოვა დამეკავშირებინა იგი მწარმოებელთან პროდუქტის თავის ახლად გახსნილ სავაჭრო ობიექტში შეტანის მიზნით. რამოდენიმე დღეა პროდუქტი უკვე დახლზე დევს. გუშინ სპეციალურად ჩავედი ადგილზე და სურათები გადავუღე. ეს სავაჭრო ობიექტი მდებარეობს თბილისში, ათონელის 31-ში, სანაპიროს მხრიდან მშრალი ხიდის ქვეშ. ობიექტი ახალი გახსნილია და როგორც კი საბოლოოდ მზად იქნება ფართო აუდიტორიისათვის წარსადგენად, რიგიანად გაგაცნობთ kar.ge-ზე.
რატომაა ასე მნიშვნელოვანი დახლზე მოხვედრა, თუნდაც +1-ზე?
ქართული წარმოების პროდუქტების ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, რომ ხალხი მათ ვერ პოულობს დახლზე. როგორ გაიყიდება თუ პროდუქტი დახლზე არ დევს? ყველაფერი მნიშვნელოვანია, წარმოებაც, ხარისხიც, დისტრიბუციაც, ბრენდინგიც, რეკლამაც, ცნობადობაც, ნდობაც და ა.შ. და მხოლოდ ამათი ერთ უღელში შებმის შემდეგ მიიღწევა შედეგი: გაყიდვები
აწარმოებთ ქართულს? დაგვიკავშირდით და თქვენც “წაგიკრავთ ხელს“ …