ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

შიმშილის “თამაშები”: რატომ ვერ დებს მთავრობა ეკონომიკურ გეგმას?

ორ ომში ვართ: ერთი სამედიცინო, მეორე ეკონომიკურში.

პირველს პირდაპირ ეთერში ვადევნებთ თვალს. აქ აუგს ვერ ვიტყვი მთავრობის და საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევის გამო (ჯერჯერობით).

ეკონომიკის ფრონტზე კი კატასტროფული ჩავარდნაა! დღეს, 13 აპრილს, 1 თვე გავიდა 13 მარტს მთავრობის მიერ ეკონომიკის მხარდამჭერი 6 სასწრაფო ნაბიჯის დაანონსების დღიდან, თუმცა არც კრიზისული და არც პოსტკრიზისული გეგმა დღემდე არ არის დადებული. ყველაზე ცუდი კი ისააა, რომ მთავრობის კომუნიკაცია ამ საკითხებზე არის ნულთან მიახლოებული დონის!

შეგახსენებთ რა გამოწვევას ვუპირისპირდებით ეკონომიკაში

კრიზისი უკვე დაიწყო და 2 წელი მაინც გაგრძელდება. უშუალოდ 2020 წელს ტურიზმის განულებასთან ერთად მნიშვნელოვნად შემცირდება გადმორიცხვები, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და ექსპორტი. ათიათასობით სამუშაო ადგილი დაიკარგება და ასიათასობით ადამიანს შეუმცირდება შემოსავალი. საქართველოში მაცხოვრებელი 3 მილიონზე მეტი ადამიანი უარყოფით შედეგებს იგრძნობს ჯიბეზე. 2020 წელს ეკონომიკა შემცირდება 7-10 %-ით. 2019 წლის მონაცემებზე დაბრუნებას მინიმუმ 3 წელი დასჭირდება.

13 მარტის შემდეგ თითქოს იყო რამდენიმე პოზიტიური გზავნილი წარმოების სექტორის მხარდაჭერის აუცილებლობის, საკრედიტო-საგარანტიო სქემის და ა.შ. შესახებ, თუმცა რეალურად მხოლოდ ეროვნული ბანკია, რომელიც იმსახურებს აპლოდისმენტებს მისი გაბედული ქმედებების გამო. ფსიქოლოგიური “მორფი” კი იცოცხლე, ბლომად გვაქვს. კონკრეტულად:

  • კრიტიკის ქარცეცხლში ჩავარდნილი პირბადეების პროექტი, რომელიც ფაქტობრივად საკონტროლო გასროლით მოკლეს დღეს
  • აგარის შაქრის აშკარად ოქტომბრის არჩევნებზე გათვლილი სამარცხვინო პროექტი, რომელსაც უვარგისობის გამო იმედია მოკლავენ
  • კომუნალური გადასახადების 3 თვით გადახდის პროექტი მასიურად იმ ადამიანებისთვისაც კი, ვისაც რეალურად არ სჭირდებოდა იგი
  • ნელ-ნელა გვაპარებენ რეცესიის იქნებაო. ჯერ დაიწყეს, რომ ზრდა დაბალი იქნებაო, მერე აღარ იქნებაო, დღეს უკვე -4-5 % კლება გვექნებაო. უარესს გვეტყვიან მალე

გარდა ამისაა, მართლა მავნებლური ქმედებება თავდაცვის სამინისტროს მიერ ჯარისკაცების ფეხსაცმელების საზღვარგარეთ შეკერვის პროექტი. თუმცა რა გასაკვირია … პირბადეს ვერ ვკერავთ და ფეხსაცმელს ვინ შეგვაკერინებს?

და ეს იმ დროს, როცა აშშ საელჩოც კი ხვდება ადგილობრივი წარმოების უდიდეს მნიშვნელობას და 100,000+ ლარის ღირებულების საქართველოში წარმოებული სამედიცინო აღჭურვილობის ყიდვას და ჯანდაცვის სამინისტროსთვის გადაცემას აპირებს.

დასკვნა: კრიტიკულად საჭიროა ორი პრობლემის მოგვარება მთავრობის მხრიდან – 1) ეკონომიკის პრობლემების მოგვარებას პროფესიონალი “სახე”-ები და მისგან (მათგან) სწორი კომუნიკაცია სჭირდება, და 2) გეგმა უნდა დაიდოს!

თორემ შინშილის თამაშებს რეალურ ცხოვრებაში ვნახავთ ივნისიდან!