ფლატე – გაზირებული მინერალური წყალი ადიგენის მთიანი მონაკვეთიდან. ფლატე სოფლის სახელია და ალბათ აქედან მოდის წყლის დასახელება. ეს სახელი აქამდეც გამეგონა, მაგრამ ამ ორიოდ კვირის წინ მას დახლზე თუ აღმოვაჩენდი არ მეგონა.
გაზგასმით უნდა ვთქვა: ეფექტური ფერი აქვს ბოთლს და ეტიკეტსაც, რაც დახლზე ძალიან გამოარჩევს …
ფლატეს „Georgian Mineral & Water Company” ასხამს. საერთო მინერალიზაცია 1,8-2,8 გ/ლ. 1 ლიტრიანი შეფუთვა 0.65 ლარი ღირს ჩვეულებრივ მარკეტში. 0.5 ლიტრიანი კი 55 თეთრი. ეტიკეტზე საკონტაქტო მხოლოდ მობილურია მითითებული [595 550 32] და ელ. ფოსტა – phlate@yahoo.com. მერე აღმოვაჩინე ვებსაიტიც და facebook გვერდიც. გათვლა როგორც ჩანს ექსპორტზეა, ჰოდაა წარმატებები ვუსურვოთ. ექსპორტი წმინდა საქმეა!
რამ დამაფიქრა:
- ვებსაიტის ქართულენოვანი ვერსია ფრიად ინფორმატიულია, თუმცა დასრულებული არ არის, თან ცუდადაა გაკეთებული. რუსულ და ინგლისურენოვანებზე აღარაფერს ვამბობ;
- facebook გვერდიც არის, მაგრამ უმოქმედო, აქ ცეცხლია შესანთები;
- ეტიკეტი ქართულ და რუსულ ენებზეა. პრინციპში გასაგებია ინგლისური რატომაც არაა;
- ეტიკეტი დასახვეწია! თუ ექსპორტზე ფიქრობთ საიტის მითითება საჭიროა;
- სარეკლამო კამპანია საქართველოში პრინციპში დიდად საჭირო არაა, მაგრამ რახან დახლზე ვნახე [თან კუნძულზე], ე.ი. ადგილობრივ ბაზარზეც სერიოზულად აპირებთ სიტყვის თქმას. ჰოდა სარეკლამო კამპანიაც დაგჭირდებათ;
- საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობაზე ალბათ იფიქრებდით. იქ გამარჯვებები ძალიან წაადგებოდა თქვენს პროდუქტს;
- ბროშურა ვნახე გაყიდვის წერტილში. უნდა ვაღიარო, რომ ძააააალიან არაპროფესიონალურადაა გაკეთებული. გადატვირთული ტექსტით, გზავნილებით, ფონტებით და ფერებით;
- მაგრამ მთავარი შეკითხვაა ჩემთვის პასუხგაუცემელი. ეს შეკითხვა პირდაპირ კავშირშია პოზიცირებასთან/ცნობადობასთან: ბორჯომი გასაგებია, ნაბეღლავი გასაგებია, მიტარბიც კი გასაგებია, მაგრამ აი ფლატე რატომ უნდა დავლიო ვერ გავიგე? იმიტომ რომ ნატურალური მინერალური წყალია? იმიტომ რომ ყველაზე სასარგებლო წყალია ჯანმრთელობისათვის? იმიტომ რომ მესხეთის მთების შვილია? იმიტომ რომ სიცოცხლის წყაროა? თუ იმიტომ რომ სამკურნალო თვისებები აქვს? ერთი გზავნილი შეარჩიოთ აუცილებლად, თორემ დააბნევთ მყიდველს და ვერ მოახდებთ კამპანიის ფოკუსირებას;
თქვენ გაგისინჯავთ ფლატე?