მას შემდეგ რაც IFFE 2019-ზე გამგზავრების შესახებ გავაცხადეთ გაჩნდა შეკითხვები მწარმოებლებისგან, თუ რის წაღებას / გატნევას აქვს აზრი. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე გადავახალისო ეს შარშანდელი სტატია. საკმარისი გამოცდილება დამიგროვდა 2016, 2017, და 2018 წლებში IFFE-ში მონაწილეობის შედეგად. ამ ტექსტში აქცენტს გავაკეთებ კორეის ბაზარზე 10 იმ პროდუქტის პერსპექტივაზე, რომელიც უკვე გვქონდა წაღებული და “დავტესტეთ”.
1. ჩურჩხელა ყოველ წელს მიგვაქვს. მეტიც, ჩურჩხელის სპეციალური ბრენდიც კი შეგვიქმნია (churub). ყველაზე მეტად ხალხს ხიბლავს ბადაგის, თხილის და ნიგვზის ნატურალურობა. ჩურჩხელას უამრავი ვარიანტი წაგვიღია, მათ შორის ჩირზე გაკეთებულებიც. უამრავი დეგუსტაცია მოგვიწყვია და ყოველ ჯერზე რიგები დგებოდა ხოლმე. ჩურჩხელა დესერტების კატეგორიაში გადის და მისი მცირე პარტიის ექსპორტიც კი გავაკეთეთ 2017 წლის დასაწყისში. თავიდანვე აღმოჩნდა, რომ ჩურჩხელას პერსპექტივა აქვს, მაგრამ ადგილობრივ გემოვნებაზე და კულტურაზე უნდა მორგება. მაგალითად თხლად დაჭრილი ჯობია იყიდებოდეს, ვინაიდან ჩაიზე მიირთმევენ და დაჭრა ჯობია არ დასჭირდეთ. გამოწვევა არის შემდეგი: დესერტების ბაზარი ძალიან მზარდია, მაგრამ გადატვირთულია. ამ “ჯუნგლებში” რომ საკუთარი ადგილი დაიჭირო საკმარისი არაა გექნეს მხოლოდ ჩურჩხელა. ადაპტირებაა აუცილებელი.
2. ღვინო დიდი თემაა. ყოველთვის იყო დიდი მოთხოვნა/ინტერესი და ყოველთვის გვქონდა ცოტა ღვინო ექსპოზე, ისიც მხოლოდ დეგუსტაციისთვის. წელს ბლომად გვექნება. ინტერესი დიდია. თუ რომელიმე ღვინის მწარმოებელი რიგიანად ჩაერთვება, ძალიან მოიგებთ ბატონებო და ქალბატონებო.
3. ჭაჭა, არაყი, ბრენდი და ზოგადად მაგარი სასმელები ასევე უდიდესი თემაა. როგორ დამავიწყდება სტუმართა “დაჭყანული სახეები” ტყემლის არყიდან დაწყებული ჭაჭით დამთავრებული სხვადასხვა სასმელის გასინჯვის შემდეგ. თუ გაქვთ ხარისხიანი ნაწარმი, ასეთ ექსპოზე მისი წარმოჩენა არის კარგი ნაბიჯი წინ.
4. თაფლი დიდი თემაა. ადგილობრივ თაფლს რატომღაც არ წყალობენ კორეაში, სამაგიეროდ იმპორტულ თაფლზე გიჟდებიან. თაფლს აშკარად დიდი პოტენციალი აქვს, მაგრამ სამუშაოც დიდია. ძალიან დიდია კონკურენცია ამ ნაწილში და ბაზარზე თუ გინდა ფეხის მოკიდება, დიდი ძალისხმევის დახარჯვა მოგიწევს. განსაკუთრებით აკვირდებიან ხარისხს და ნატურალურობას.
5. აჯიკა ორივე წელს გვქონდა, სხვადასხვა სახის. კორეული სამზარეულო მეტად მდიდარია სხვადასხვა სახის მწარე, ნაკლებად მწარე, ტკბილ-მწარე და ა.შ. უამრავი სახის ანალოგიური პროდუქციით. ასე რომ მათ ვერაფრით გააკვირვებ. ასეთ ბაზართან ჭიდაობას აზრი მხოლოდ მაშინ აქვს, როცა რაღაც განსაკუთრებული გაქვს განსაკუთრებულ ფასში.
6. დამბალხაჭო პირველ წელს გვქონდა წაღებული. ყველას ძალიან მოეწონა, ოღონდ თავიდან ვერ მიხვდნენ რა იყო ეს, რატომ ჰქონდა ობი გარედან და როგორ ეჭამათ. დეგუსტაციებზე ღვინოსთან ერთად ვთავაზობდით პროდუქტს და სასწაულად მოეწონა ყველას. დამბალხაჭოს პერსპექტივა დიდი აქვს კორეაში. უბრალოდ გუნდის ფორმით მისი გატანა არ მგონია კარგი აზრი იყოს. საჭირო იქნება მისი თხელ ნაწილებად დაჭრა და ისე შეფუთვა, ოღონდ არ უნდა დატყდეს. ასევე მნიშვნელოვანია შენახვის ვადა. საჭიროა შენახვის ვადის როგორმე გაზრდა 1 წლამდე მინიმუმ. ოღონდ მარილით არა. მარილი თუ საერთოდ არ ექნება, უკეთესი იქნება. კორეაში მარილს არ წყალობენ. იქ ჯანსაღი ცხოვრების წესია მთავარი. ალბათ მიტომაცაა, რომ კორეაში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა ყველაზე მაღალია მსოფლიოში.
7. ჩაი ყოველთვის იყო, არის და იქნება თემა. ოღონდ ძალიან რთულია მათი გაკვირვება ამ კატეგორიაში. ჩაის, რომელსაც იქ შესთავაზებ უნდა რაღაც ჰქონდეს გამორჩეული. მაგალითად ბიო ჩაი, ან სამკურნალო ჩაი. ოღონდ თითოეულ სიტყვას სჭირდება ახსნა და დასაბუთება ისეთი, ქვას რომ ხეთქავდეს.
8. ბაქმაზი. უდიდესი მოწონება დაიმსახურა, ოღონდ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ავუხსენით რა იყო ეს. მსგავსი არაფერი აქვთ. ბაქმაზს დიდი პოტენციალი აქვს თუ მის შესახებ ინფორმაციის მიწოდება სწორად მოხდება.
9. მწნილები (ჯონჯოლი და ნივრის) აშკარად მოეწონათ, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ იმდენნაირი მწნილები აქვთ ტრადიციულ სამზარეულოში, რომ აშკარად ძნელია მათთან კონკურენცია გაბედო. ქალაქ ჯონჯუში ექსპოზე რომ ჯონჯოლს ჩაიტან ეს დიდი თემაა თავისთავად, მაგრამ მარტო ეს არ კმარა. ნიორის მწნილიც გვქონდა, მაგრამ ერთიც და მეორეც მარილიანი იყო და მაინცადამაინც პოპულარობა არ დაიმსახურა. დარწმუნებული ვარ უმარილოდ დამწნილებული ერთიც და მეორეც ძალიან საინტერესო იქნებოდა.
10. ყველი მე კორეაში ვერც ვნახე და ვერც ვჭამე თუ არ ჩავთვლით სოიოს ყველს, მაგრამ ეს უგემური მასაა, რომელსაც როგორც ჩვენ სუპში ვყრით კარტოფილს, დაახლოებით ეგეთივე ფუნქცია აქვს. დარწმუნებული ვარ, რომ ქართულ ყველს და სულგუნს დიდი მომავალი ექნებოდა კორეაში, ოღონდ მარილი უნდა დაივიწყოთ.
საერთო დასკვნა: პროდუქტი ჯობია იყოს განსხვავებული (ეს უპირველესი კრიტერიუმია) და ქართულ ფესვებთან ახლო, ნატურალური / ხარისხიანი (დასაბუთებული სათანადო სერტიფიცირებებით) და ჰქონდეს ადექვატური / კონკურენტული ფასი. პროდუქტის ანალოგი თუ არ იქნება კორეულ ბაზარზე ვფიქრობ უკეთესიც კი იქნება. კი, რთული იქნება იდეის ჩაწოდება, მაგრამ ყურადღებას უფრო მიიქცევს. ხოლო მთლად საუკეთესო იქნება თუ ვინმე შუაგულ სეულში ქართულ რესტორანს გააკეთებს (არაა). ეს იქნებოდა ძალიან დიდი ექსპანსიის დასაწყისი კორეულ ბაზარზე.
შეგახსენებთ, რომ 28 ოქტომბერს მივფრინავთ IFFE 2019-ზე. შეგვიძლია წავიღოთ და წარმოვაჩინოთ თქვენი ნაწარმი (საკვები / სასმელი). 15 კგ. ტვირთის ტრანსპორტირების ღირებულებაა 200 USD. დაგვირეკეთ 577 73 79 64 ახლავე.