ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

რომელი ქართული პროდუქცია მიგვაქვს კორეაში IFFE 2016-ზე?

ამ საქმეში ძალიან ბევრი ადამიანის მონდომებაა ჩადებული …
და ყველას მინდა მადლობა ვუთხრა …
ყველა მწარმოებელს, რომელიც გვენდო და ნიმუში მოგვაწოდა …
ყველა ჟურნალისტს, რომელმაც სხვადასხვა დროს მხარი დაგვიჭირა …
ყველა სახელმწიფო მოხელეს, რომელთაც სხვადასხვა სახის მხარდაჭერა გამოგვიცხადა …
ყველა მეგობარს, მხარდამჭერს და კომპანიას, რომელიც დაგვეხმარა დიზაინის გაკეთებიდან დაწყებული პრომო მასალების დამზადებით დამთავრებული …
ჩვენს კორეელ პარტნიორს – Tbilisi-OKTA-ს …
და თითოეულ თქვენგანს, რომელიც ჩვენს სტატიებს ეცნობით …

ეს სტატია დუბაის აეროპორტში იწერება …
აქ ველოდებით თბილისიდან 3 საათიანი ფრენის შემდეგ …
ლოდინის დრო დაახლოებით 8 საათია …
იმის შემდეგ კი დაახლოებით 9 საათიანი ფრენა სეულისკენ …
იმის შემდეგ დაახლოებით 4 საათიანი მგზავრობა საგამოფენო ცენტრისკენ, სამხრეთ კორეის გასტრონომიურ დედაქალაქში [რომელიც იუნესკომაც აღიარა მსოფლიოს გასტრონომიულ დედაქალაქად 2012-ში] …
ქალაქ ჯონჯუში
ჩავალთ კორეის დროით 23:00-ზე … არაქათგამოცლილები ალბათ …
სასტუმროში დაახლოებით 5 საათი ძილი და უთენია დილიდანვე ქართული სტენდის მოწყობა ისე, რომ ოფიციალური გახსნისთვის [20-ში დილის 10:00 მზად იყოს ყველაფერი] მოკლედ, ჯონჯუში მივდივართ …
სხვა პროდუქტებთან ერთად ჯონჯოლიც მიგვაქვს :))
… ჯონჯუ … ჯონჯოლი …

20-24 ოქტომბერს კორეის რესპუბლიკის ქ. ჯონჯუში იმართება ფერმენტირებული საკვების მე-14 საერთაშორისო გამოფენა (International Fermented Food Expo 2016), რომელშიც კორეელი ორგანიზატორის World-OKTA-ს მოწვევით პირველად იღებს მონაწილეობას ქართული დელეგაცია. გამოფენაზე საქართველოში წარმოებული სხვადასხვა სახის (ათობით) პროდუქცია 6 სტენდზე იქნება წარმოდგენილი. ორგანიზატორები არიან: World-OKTA თბილისის ოფისი (მსოფლიოში უდიდესი კორეული ეკონომიკური ქსელი, 30 წლიანი ისტორიით და 70 ქვეყანაში 137 ოფისით, http://www.okta.net/) და მოძრაობა KAR.GE (საზოგადოებრივი მოძრაობა, რომლის მიზანია საქართველოში წარმოებული პროდუქციის ცნობადობის, გაყიდვებისა და ექსპორტის ზრდა, http://kar.ge). გამოფენის შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: http://www.iffe.or.kr/2016_english/.

 

რა მიგვაქვს?

10-მდე სახის ჩირები და ტყლაპები, ჩურჩხელა (ვაკუუმში შეფუთული), 15-მდე სახის წვენები და ნექტრები, თათარა, 1 კომპანიის 5 სახის ჩაი, 2 კომპანიის 5 სახის თაფლი, 5 სახის „ჩირკოლადი“, უამრავი სხვადასხვა სახის სვანური მარილი, დამბალხაჭო, ჯონჯოლი, ნივრის მწნილი, ბადაგი, 4 კომპანიის 12 სხვადასხვა სახის ღვინო როგორც ქვევრის, ასევე ბოთლის, 5 კომპანიის 5 სხვადასხვა სახის არაყი და ჭაჭა, დაფნა, წიწაკა, 2 კომპანიის 6 სხვადასხვა სახის აჯიკა, ხილის ლიქიორული სასმელი 2 სახის და ა.შ. ადგილზე ჩავატარებთ 10-მდე დეგუსტაციას. ასევე დაგეგმილი გვაქვს კონფერენციაზე გამოსვლა, სადაც ქართული კულტურის, სამზარეულოს, საკვების და ქართული პროდუქციის შესახებ პრეზენტაციის წარდგენა.

ღონისძიების საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით მუდმივ კომუნიკაციაში ვიმყოფებით კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსთან.

მომდევნო პოსტებში თითოეული კომპანიის პროდუქციას გაგაცნობთ Live-ში 🙂