ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ჰაკერული შეტევა

ჰაკერული შეტევა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებსაიტზე

მახსოვს დაახლოებით 18 წლის წინ ქუთაისში ჩვენი ორგანიზაციის ახალი ოფისი რომ ავიღეთ, გულდასმით შევამოწმეთ ყველაფერი, კედლების სისქის ჩათვლით და ბოლო ეტაპად სიგნალიზაცია დავაყენეთ. მინებზე ალუმინის ფოლგის გაყოლებისას ჩემთვის ვფიქრობდი: „ვაი ჩვენს პატრონს თუ ამან არ იმუშავა“. იმ დროისთვის მნიშვნელოვანი ტექნიკა გვქონდა, ამიტომ სიგნალიზაციას არ ვენდობოდით და მეგობრები მორიგეობით ვრჩებოდით ღამღამობით. ეგ კიდევ შეიძლება, როცა offline ხარ, მაგრამ online რაღას იზამ? იქ როგორ დაიცავ თავს?

ჰაკერებმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოფიციალური ვებსაიტი გატეხეს. ეს გუშინ მოხდა. http://www.moa.gov.ge/ უკვე ჩართულია …

„50 ალუმინის ტრაქტორი, 100 პლასტმასის კომბაინი, 50 ნამგალი, 90 ჩაქუჩი, ტონა ლურსმანი, 10 ტრაკტორის საჭეე, 40 ნიკელის საბურავის დისკები, 11 ველოსიპედის პედალი, 50 არაბული სუფთა სისხლის ჯორები“ – თურმე ეს „ავლადიდება“ ზიმბაბვეს მთავრობას საქართველოს მთავრობისთვის უჩუქებია და ეს ხალხამდე არ დასულა. სწორედ ამიტომ ჰაკერთა ჯგუფმა „შური იძია“. ტიპებმა იღადავეს, მაგრამ ხეირი?

2002 წლიდან ჩემი საიტები მაქვს. თვითონ ვიცი საკმარისად საიმისოდ, რომ kar.ge-ს მსგავსი საიტი მარტომ გავაკეთო. მთელ ჩემს პრაქტიკაში არაერთხელ მქონია კრიტიკული შემთხვევები, ჩემი ძველი საიტიც დაუჰაკავთ, თან არაერთხელ. ამ მომენტში kar.ge არის მთავარი პრიორიტეტი და მიხარია, რომ ჰაკერის „მსახვრალი კოდი“ მას არ შეხებია. თუმცა მუდმივი მცდელობები ყოველ დღე ხდება. ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით გიზიარებთ 4 გაკვეთილს, რომელიც kar.ge-ს მკითხველს ვისაც ვებსაიტი და მას, ვინც ვებსაიტის გაკეთებაზე ფიქრობს ალბათ გამოადგება:

  1. ვებსაიტის გაკეთებაზე ფიქრობ? იცოდე, რომ გაკეთება ერთი დიდი პროცესია, მაგრამ გაკეთებული ვებსაიტის შემდეგ მოვლა კიდევ უფრო საპასუხისმგებლო პროცესია. თუ ფიქრობ რომ ვებსაიტი გააკეთე და ამით მორჩა, მწარედ ცდები. ამიტომ თავიდანვე იზრუნე ვებსაიტს ჰყავდეს მცოდნე “პატრონი”, რომელიც მოუვლის ტექნიკურ მხარეს.
  1. ვებსაიტისათვის გადახდისას ჟმოტობ? ჰოდა იცოდე, რომ რასაც ერთი შეხედვით დაზოგავ, 10 იმდენ ხარჯს ელოდე როგორც დროის, ასევე ფინანსური თვალსაზრისით როცა პრობლემა დაგიდგება. მოძებნე მცოდნე და გადაიხადე სადაც საჭიროა და რაც საჭიროა საიმისოდ, რომ რიგიანად დაცული ვებსაიტი გააკეთო.
  1. ვებსაიტი დაცული გგონია? ცდები თუ აზროვნებ „რაღა ჩემი ვებსაიტი გატყდება“-ს პრინციპით! ვებსაიტი ინტერნეტშია და მისი გატეხვა დღეს სკოლის მოსწავლესაც შეუძლია. არ არსებობს 100% დაცული ვებსაიტი. ამიტომ საჭიროა გყავდეს ხალხი, ვისაც შეკითხვას მაინც დაუსვამ. მე პირადად როცა მსგავსი დახმარება მჭირდება მივმართავ ხოლმე Facebook –ზე არსებულ ჯგუფს – Security.ge, სადაც მცოდნე ხალხი რამოდენიმეჯერ უკვე სერიოზულად დამეხმარა, რისთვისაც მათ მადლობა.
  1. ვებსაიტის პერიოდულ backup აკეთებ? მე პირდად კვირაში ერთხელ ყველაფრის რეზერვს ვაკეთებ, როგორც ვებსაიტის, ასევე კომპიუტერში არსებული სასარგებლო ინფორმაციისას. ყველაზე ცუდი რომც მოხდეს, აღდგენა ადვილად იქნება შესაძლებელი.

საკითხში ჩემზე მეტად კომპეტენტური ადამიანები ხომ არ დაამატებდით რამეს?