ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ხანტრაბუცა

ხანტრაბუცა იცით რა არის?

ბავშვობაში სოფელში გოგრას რომ გავჭრიდით პირველ რიგში მარცვლებს გამოვარჩევდი ხოლმე, მოვხალავდი მარილთან ერთად და ისე ვაკნატუნებდით. სწორედ ეს სასუსნავია ხანტრაბუცა. „თანამედროვე ენაზე“ ეს არის გოგრის მოხალული მარცვლები. მაკნატუნას ეს მორიგი პროდუქტი სულ 2 დღის წინ აღმოვაჩინე. 1.6 ლარი გადავიხადე მარკეტში 60 გრამიან შეფუთვაში.

რა მომწონს?

  1. მომწონს შეფუთვა. ცეცხლი უკიდია, ამ სიტყვების სრული მნიშვნელობით;
  2. ვაფასებ, რომ მაკნატუნა ასე გეგმაზომიერად ავითარებს ბიზნესს, ქართულია & kar.ge-ა!
  3. გემრიელია;
  4. ვებსაიტს არაუშავს. მინიმალური ინფორმაცია არის ზედ;

რეკომენდაციები:

  1. მაკნატუნას facebook გვერდი არასწორად არის გაკეთებული. ეს არის Facebook პროფილი, მაშინ როცა უნდა იყოს Facebook გვერდი. ანუ ახლიდანაა გასაკეთებელი. საიტიც გადასაკეთებელია, დაძველდა უკვე დღეს არსებული;
  2. გასაგებია რომ ბრენდი არის მაკნატუნა და ის უნდა განავითარო, მაგრამ მე მგონი ყველა კონკრეტულ პროდუქტს სახელი თავისი ჯობია ჰქონდეს. ჩემს მიერ ნაყიდ სასუსნავს მოხალული გოგრის მარცვლები მარილით აწერია, რაც სახელი ნამდვილად არ არის, ეს აღწერილობაა. დაბრენდეთ ხანტრაბუცა … ნამდვილად სახალისო სიტყვაა და იმუშავებს!
  3. მაკნატუნას საიტზე თუ შეხვალთ შეამჩნევთ, რომ შეფუთვებში ერთიანი ხაზი ძნელად დასაჭერია. აშკარად ახლოვდება დრო, როცა კომპანია სრულ რებრენდინგს გააკეთებს და ერთიანად გადაახალისებს ყველაფერს [ლოგო, სახელები, სლოგანი + საიტი, FB გვერდი, კომუნიკაცია];
  4. მაგრად ტეხავს, როცა შეფუთვაზე ელექტრონული ფოსტა არის @mail.ru! სირცხვილია!
  5. თავად მარცვლების ხარისხი არ მომეწონა. თავიდან ვფურცქნიდი და ისე მივირთმევდი, მაგრამ ისე დავიღალე ამ პროცედურისგან [სულ ხელში მეფშვნებოდა მარცვალი გარჩევისას], რომ მერე კანებინად მივირთვი [გემრიელია მაინც]. მარცვლები ზედმეტად მოხალულია, რაც გემოვნებით თვისებებზე არ აისახება დადებითად. ისეთი არ იყო, როგორსაც ველოდი. აქედან დასკვნა: მოხალვისას ცეცხლს ძალიან ნუ შეუნთებთ!

ვიყიდი თუ არა კიდევ? ალბათ კი, თუმცა თუმცა თუ მწარმოებლები რეკომენდაციებს გაითვალისწინებენ, სხვაც ბევრი იყიდის.

მითხარით, ოღონდ გულწრფელად, იცოდით აქამდე რა იყო ხანტრაბუცა?