ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

შეჯამება: საქველმოქმედო აქციები 26 დეკემბერს და 29-30 დეკემბერს, რომლებშიც მოძრაობა KAR.GE ჩაერთო

გასული დეკემბერის ორომტრიალში მაინც მოვახერხეთ ის, რომ ორ მცირე საქველმოქმედო აქციაში მიგვეღო მონაწილეობა. მსგავსი პრეცედენტი შარშანაც გვქონდა, როცა 2015 წლის დეკემბერის 30 დღიანი გამოწვევის ბოლო დღეს ახალგაზრდების აქციაში ჩავერთეთ. თუმცა წელს მგონი ცოტა მეტიც მოვახერხეთ მიუხედავად დროის სიმცირისა.

პირველის აქციის იდეა 23-24 დეკემბერს ქარვასლაში მიმდინარე “ახალი ქართული პროდუქციის ფესტივალი 2016”-თვის დაიბადა. ამ ღონისძიებისათვის სპეციალურად დავბეჭდეთ სტიკერები – “მე ვყიდულობ ქართულს” და გადავწყვიტეთ დიდი 3 ხოლო მცირე კი 1 ლარად გაგვეყიდა. შემოსული ფულით კი კათარზისს დავხმარებოდით წინასაახალწლოდ. საერთო ჯამში 100 ლარამდე თანხა შეიკრიბა.

ამას ახლად გახსნილი ბრენდული სავაჭრო ობიექტის – “ქართული ნატურალური ნობათი”-ს მიერ საქველმოქმედო საქმეში ჩადებული დიიიდი კალათაც დაემატა და ეს ყველაფერი [ბევრი არა, მაგრამ მცირეც საქმეა ჩემი აზრით] 26 დეკემბერს, ორშაბათ დღეს მივიტანეთ კათარზისში, აღმაშენებლის 137-ში. მისვლისთანავე ადგილზე დაამაკვალიანეს. კალათა შიგნით დავტოვე, 100 ლარიანი კი აი ამ დიდ ყუთში ჩავაგდე. შიგნით სურათების გადაღება არც კი მომსვლია აზრად.

თუმცა მალე მეორე იდეა გაჩნდა, რომლის ავტორი GDS-ის ჟურნალისტი ნინუცა კახნიაური იყო. მაშინვე დავაანონსეთ 28-ში საღამოს 2030-ის და მოძრაობა KAR.GE-ს ერთობლივი აქცია და შევუდექით საქმეს …

29 დეკემბერს, 15-დან 18 საათამდე, დიდი დიღმის Goodwill-ში, 2030-ისა და მოძრაობა KAR.GE-ს ერთობლივი საქველმოქმედო აქციის ფარგლებში შევკრიბეთ ძირითადში ქართული ნაწარმი და შეჭირვებულ ოჯახებს ჩავუტანეთ იმავე საღამოს და მეორე დილით.

ამ თემაზე ნინუცამ 30-ში რეპორტაჟი გააკეთა, რომელიც GDS-ზე 2030-ში გავიდა 30 დეკემბერის საღამოს.

დიდი მადლობა ჩემგან პირადად აი ამ ადამიანებს/კომპანიებს და არა მხოლოდ, რომლებიც სხვადასხვა ფორმით დაგვიდგნენ გვერდში ამ კონკრეტული ორი აქციის ჩატარებისას [სხვა ბევრიც იყო, მაგრამ ყველას სახელი და კომპანია არ ვიცი სამწუხაროდ]:

  • ბნ. ლადო შეწირული და ესპრესო ჯორჯია, რომელმაც საქართველოში წარმოებული ყავით გაახარა შეჭირვებული ოჯახები;
  • ქ-ნი ნატა წერეთელი და გუდვილი, რომელმაც პროდუქტების ერთი დიდი ურიკა გადმოგვცა ოჯახებში გასანაწილებლად;
  • ბნ. გოჩა აბდუშელაშვილი და ქართული ნატურალური ნობათი, რომელმაც ქართული ნობათით სავსე დიდი ქართული კალათა საჩუქრად გადასცა კათარზისს;
  • ბნ. ბესო თევდორაშვილი და იბერია რეფრეშმენთსი, რომელმაც ბავშვების გახარებაში თავისი დიდი წვლილი შეიტანა ბევრი PEPSI-ს გადმოცემით;
  • ქ-ნი იზო გოგოძე და კოსმეტიკური კრემი Izosia, რომელმაც საკვები პროდუქციის ერთი დიდი ურიკა სპეციალურად იყიდა გუდვილში აქციის მიზნებისათვის;
  • ქ-ნი ნინო ზამბახიძე და საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, რომელიც ქართული ფერმერული ნაწარმით დახუნძლული შემოგვიერთდა;
  • ქ-ნი ბაია აბულაძეს და ბაიას ღვინო, რომელმაც თავისი უმაგრესი ცოლიკაური ჩართო საქმეში;
  • ბნ. დავით სილაგავა და სს ივერია, რომელიც ქართული წარმოების შამპუნებით შემოუერთდა აქციას;
  • მაღაზია ჭიტას, რომელმაც სათამაშოები გადმოგვცა ბავშვებისათვის;

და ბევრ იმ ადამიანს, რომელსაც პირადად არც ვიცნობ და რომელიც ადგილზე გამოეხმაურა ჩვენს თხოვნას და აქციას შემოუერთდა.

ვიყიდოთ ქართული ნაწარმი!
რაც მეტად ძლიერი იქნება ქართული ეკონომიკა, ქართული ბიზნესი და საქართველოს მოქალაქე, მით ნაკლები იქნება დასახმარებელი ადამიანების რაოდენობა!