ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

ღია წერილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ბატონ გიორგი ქობულიას

წერილი ეკონომიკის მინისტრს გაეგზავნა 2018 წლის 19 ნოემბერს

ბატონო გიორგი,

მოგახსენებთ, რომ დიდი ყურადღებით ვუსმინე თქვენს გამოსვლებს ა.წ. 14 ნოემბერს საზოგადოებრივი მაუწყებელზე და ა.წ. 16 ნოემბერს TV პირველზე. თქვენ მრავალ მნიშვნელოვან საკითხს შეეხეთ და წარმოადგინეთ თქვენი ხედვები, პროგნოზები და დაპირებები 2025 წლის ჩათვლით. მიუხედავად პირადად თქვენდამი დიდი პატივისცემისა ვაღიარებ, რომ მათ უდიდეს ნაწილს ვერ გავიზიარებ, ზოგიერში პრინციპულად ვერ დაგეთანხმებით, რამოდენიმე კი აშკარად არარელისტური მეჩვენა.

მე გახლავართ ტარიელ ზივზივაძე, მოძრაობა KAR.GE-ს დამფუძნებელი, რომელიც უკვე 5 წელზე მეტია პარტნიორებთან და თანამოაზრეებთან ერთად ყოველდღიურად დაკავებული ვარ ხარისხიანი ქართული ნაწარმის ცნობადობის, გაყიდვების და ექსპორტის ზრდით. ამას ვაკეთებთ საექსპორტო და ელექტრონული კატალოგებით, ფესტივალებით საქართველოში და საზღვარგარეთ, ონლაინ კამპანიებით და სხვადასხვა პროექტებით, რომელთა სრული ჩამონათვალი (ანგარიშების ჩათვლით) შეგიძლიათ იხილოთ აქ – http://kar.ge. მოცემულ წერილს თან ერთვის ჩვენს მიერ 2018 წლის დასაწყისში გამოცემული საექსპორტო კატალოგი (მეორე გამოცემა), რომელშიც 400+ ჩანაწერია.

მე ერთადერთი ადამიანი ვარ, ვინც 2016 წლის წინასაარჩევნო პერიოდში წერილობით შევაფასე ყველა პოლიტიკური პარტიის ეკონომიკური პროგრამა (ვისაც ჰქონდა), მათ შორის ქართული ოცნების ეკონომიკური პროგრამაც, ამიტომ ზუსტად ვიცი „რა შევუკვეთეთ“ 2016-ში. ასევე, ყოველდღიურ შეხებაში ვარ ადგილობრივ მწარმოებლებთან, ვეცნობი სტატისტიკას, ანალიზიც შემიძლია და საქმის კეთებაც, მაქვს კონკრეტული მისია და ზუსტად ვხედავ რა „ჩამოვიდა“ 2018 წლისთვის. სწორედ ამან განაპირობა თქვენს მიერ ნახსენები ზოგიერთი პუნქტის მიმართ ჩემი კრიტიკული კომენტარები 15 და 17 ნოემბერს ჩემსავე FB პროფილზე. დღეს კი, 2018 წლის 19 ნოემბერს, „TV პირველი“-ს დილის გადაცემაში „საქმიანი დილა“ შესაძლებლობა მომეცა ვრცლად მესაუბრა იმ მნიშვნელოვან ჩავარდნებზე, რაც აქვს ქართულ ეკონომიკას (09:22-დან) და თუ როგორი არაადექვატურია მათი მოგვარებისკენ მიმართული ძალისხმევა, რომელიც მთავრობისგან მომდინარეობს.

დღეს, „საქმიანი დილის“ პირდაპირი ეთერიდან მე შემოგთავაზეთ და აქაც გთავაზობთ შემდეგი ნაბიჯების გადადგმას უახლოეს დღეებში, ნოემბერში, საპრეზიდენტო არჩევნებამდე:

1. პირადად თქვენთან ჩემი შეხვედრა, რომ დავგეგმთ შემდეგი ნაბიჯები;

2. თქვენი და მთელი ეკონომიკური გუნდის შეხვედრა მწარმოებლებთან, დისტრიბუტორებთან და სავაჭრო ქსელებთან (ორგანიზებას ჩვენს თავზე ვიღებთ), სადაც არა მხოლოდ ვისაუბროთ რეალურ პრობლემებზე, რომლებიც ხელს უშლიან ადგილობრივი ხარისხიანი ნაწარმის გაყიდვებს შიდა ბაზარზე არამედ დავგეგმოთ მოგვარების გზები. საუბრის საგანი – სააგენტო „იყიდე ქართული“-ს დაფუძნებაც იქნება, რომ კომპლექსურად მიეხედოს შიდა ბაზარზე ქართული ხარისხიანი ნაწარმის ცნობადობის და გაყიდვების ზრდის თემას;

3. ერთად ვეწვიოთ ერთ ან რამოდენიმე სუპერმარკეტს, ვიყიდოთ ქართული ნაწარმი და იქვე ადგილზე იმავე სუპერმარკეტის ხელმძღვანელებთან ერთად მოვიკითხოთ ქართული ნაწარმის გაყიდვების პრობლემები;
მოხარული ვიქნები თუ შედგება კომუნიკაცია და ოდესმე რეალურ ნაბიჯებს გადავდგამთ ოკუპირებული შიდა ბაზრის დაბრუნებისაკენ.

შენიშვნა: მოცემული ღია წერილი 2018 წლის 19 ნოემბერს მიეწოდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, დაიდო მოძრაობა KAR.GE-ს ვებსაიტზე და დაეგზავნა საქართველოში არსებულ ყველა ბიზნეს მედიას.

პატივისცემით,

ტარიელ ზივზივაძე
მოძრაობა KAR.GE
დამფუძნებელი
+995 577 73 79 64
info@kar.ge
http://kar.ge
19 ნოემბერი, 2018 წ.