ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ქართული წარმოება

ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებით გაგვეხსნება ევროპული ბაზარი თუ დაიღუპება ქართული წარმოება?

დღეს ამ რუბრიკის უკანასკნელ მითს გავაჟღერებ, ჩემამდე სხვა “მარგალიტი” ჯერ არ მოსულა. თუ სურვილი გაქვთ, შეგვეხმიანეთ, გაგიზიარეთ თქვენი შეშფოთების მიზეზი და ერთად გავარკვიოთ ევროპული მისწრაფებები საფრთხეა თუ შესაძლებლობაა საქართველოს განვითარებისათვის!

დღეისათვის, სამწუხარო რეალობაა ის, რომ ადამიანებს სიახლის მიღება უჭირთ და გაურკვეველის ეშინიათ, “შეჩვეული ჭირი ურჩევნიათ შეუჩვეველ ლხინს”… მაგრამ რამდენად სწორია ასეთი მიდგომა?

მართალია, ევროკავშირთან ასოცირება გულისხმობს ძირეულ რეფორმებს;

მართალია, რომ რეფორმები მოთხოვს დამატებით სახსრებს, მეტ ძალისხმევას, ახლის სწავლას და ახლებურად კეთებას;

მართალია, რომ თავისუფალ საბაზრო ეკონომიკაში სუსტების ადგილი არაა;

მართალია, რომ მოგვიწევს ისეთ სტანდარტებს შევეჭიდოთ, რომელიც აქამდე არ გვქონია და ბევრად მაღლა დგას ჩვენს საშუალო მაჩვენებელზე.

მაგრამ, ეს ყველაფერი ხომ გამოწვევაა?!

მე, როგორც ერთი რიგითი ქართველი ვიღებ ამ გამოწვევას და ვამბობ, მე შევძლებ! იმიტომ რომ ჩვენ, ქართველები, მთელი ჩვენი ისტორიის განმავლობაში ვიდექით იქ, სადაც სამყაროს პროგრესული, განვითარებული ნაწილი იდგა!

დიახ, თუ ჩემი წინაპრები სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ომში  იცავდნენ ჩვენი სამშობოლოს არსებობას და განვითარებას, მე, თანამედროვე ქართელი ახალგაზრდა, სისხლისა და ოფლის უკანასკნელ წვეთამდე ვიშრომებ იმისთვის, რომ მონობისგან დაკნინებული და დასუსტებული ჩემი ქვეყანა ისევ ღირსეულად დადგეს მსოფლიოს საუკეთესო საზოგადოებების გვერდით და ისევ ვიამაყო ქართულით!

შეიძლება ვიღაცისთვის ეს სიტყვები ძალიან პათეტიურად ჟღერს, მაგრამ ეს რეალობაა. თუ ჩვენთვის განვითარების ბოლო ნიშნულად დარჩება საბჭოთა სტანდარტები, მაშინ ვერასოდეს შევძლებთ ვიამაყოთ  საუკეთესო, ტრადიციული ქართული ღვინით, უნიკალური ქართული თაფლით, ცხვრით და უსასრულოდ შეიძლება ამ სიის გაგრძელება…

იცოდით რომ, ქართული ფუტკარი უნიკალური და მსოფლიოში საუკეთესო ჯიშია?

იცოდით, რომ ქართულ ცხვარს, როგორც საუკეთესოს, სარიტუალოდ ყიდულობენ?

იცით რომ ევროპელებმა ქართული წესით, ქვევრში დაიწყეს ღვინის დავარგება და ადგილწარმოშობის მიხედვით ვენახების გაშენება საქართველოში? – დიახ- ევროპელები საქართველოში აშენებენ ვენახს, ყურძენს წურავენ ქვევრებში და ისე ყიდიან მათ სამშობლოში…

საქართველოს ეკონომიკას აქვს რესურსი, შესაძლებლობა და კონკურენტუნარიანი პროდუქტი, რომ ქართული წარმოება ღირსეულად წარსდგეს ევროპულ ბაზარზე, მაგრამ ამისათვის რამდენიმეწლიანი, ერთობლივი, მუხლჩაუხრელი შრომაა საჭირო!

ძალიან ბევრი ადამიანი ვართ მზად, მივიღოთ ეს გამოწვევა და ვისაც გეშინიათ, გაგვატარეთ და წუწუნით მაინც ნუ შეგვიშლით ხელს, იმიტომ, რომ ჩვენ მომავალი განვითარებისაკენ მივდივართ!