ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

რა შეიძლება აღმოაჩინოთ მოხალული მზესუმზიის პაკეტში?

მიუხედავად იმისა, რომ ლამბალოში ამ რამოდენიმე საათის წინ რამოდენიმე „აღმოჩენა“ გავაკეთე, ეხლაც ამ სტატიის წერის დროს ამ მზესუმზირას მივირთმევ. ხომ არ გადავყრიდი? თან გემოსაც არაუშავს. არ მინდოდა სტატიის სახით დაწერა, ვფიქრობდი FB პოსტით დავკმაყოფილებულიყავი, მაგრამ არ გამოვიდა და თუ რატომ ამ ბმულზე ნახეთ.

მოკლედ, გაიცანით ლამბალო, მოხალული მზესუმზირა, რომელშიც შეგიძლიათ აღმოაჩინოთ … იმაზე მეტი, ვიდრე ელით. ვიყიდე, გავხსენი და აღმოვჩინე სამი რამ: მოხალული მზესუმზირა, მოხალული არაქისი და ერთი-ორი საერთოდ არასაკვები რამ [არც კი ვიცი რა]. პირადი გამოცდილებაა, ასე რომ სურათიც აქვეა ზემოთ. ჰო, ერთი პაკეტი ვიყიდე მხოლოდ, ასე რომ არ ვიცი მეორე მსგავსში იქნება თუ არა „სიურპრიზები“.

100 გრამიანი პაკეტი 70 თეთრად ვიყიდე უბნის მარკეტში. ლამბალოს ვებსაიტიც აქვს, Facebook გვერდიც, დაბრენდილია, ნორმალური შეფუთვით და ნორმალური ფასით. თითქოს ყველაფერი წესრიგშია, მაგრამ …

რამოდენიმე რჩევა მწარმოებელს:

  1. არაქისი არის ძლიერი ალერგენი. მისი მიღება ზოგი ადამიანისთვის უბრალოდ არ შეიძლება. მე პირადად მიყვარს არაქისი და ვისიამოვნე კიდეც მისი ჩაკნატუნებით, მაგრამ მოხალული მზესუმზირის დალუქულ პაკეტში მოხალული არაქისი რომ არ უნდა მხვდებოდეს მგონი ეს ელემენტარულია;
  2. ერთი პროდუქტი ვიყიდე და მეორე რამით შერეული „გამოვიდა“. ასეთ შემთხვევაში ზოგიერთ ქვეყანაში როგორც გავიგე ჯარიმებიც კი ყოფილა. გაგიმართლათ, რომ ჩვენთან ამ საკითხს პატრონი არ ჰყავს, მაგრამ მაინც ჯობია მზესუმზირის პაკეტში მხოლოდ მზესუმზირა მხვდებოდეს;
  3. არაქისი უფრო ძვირია და წესით მზესუმზირაში არ უნდა გვხვდებოდეს. მაგრამ როგორც ჩანს საწარმოო პროცესში გაქვთ დიდი არეულობა. შესაძლოა ორივეს ერთი შესაფუთი მანქანით ფუთავთ და ესაა მიზეზი;
  4. არასაკვები ელემენტები [არ ვიცი რა ჰქვია იმას, რაც ამოვიდა] წესით არ უნდა ხვდებოდეს შეფუთვაში, მაგრამ როგორც ჩანს ესეც საწარმოო პროცესის არეულობამ გამოიწვია.
  5. ჩემი აზრით ასეთი პროდუქციის წარმოებისათვის რამე სასჯელი უნდა იყოს. მახსოვს ამ რამოდენიმე თვის წინ რომ ვიღაცამ თხილის საექსპორტო პარტიაში რომ არაქისი გაურია. იმ საქმის „დაღი“ დღესაც ადევს საქართველოდან თხილის ექსპორტის ბიზნესს. მაგრამ როგორც ჩანს ამ საკითხსაც არ ჰყავს პატრონი ამ ქვეყანაში. ასე რომ გაიხარეთ, სანამ შეგიძლიათ …

ერთი სიტყვით: განვითარდით, თორემ გაქრებით ბაზრიდან …