ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

პურის გაძვირებას აქვს დადებითი მხარეებიც, მინიმუმ სამი …

მესმის, რომ 90-იანების რიგებში ნაჭიდავები ადამიანებისათვის პურის ფასის თემა განსაკუთრებით სათუთია. ასევე მესმის, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი დღეს საქართველოში მართლაც გაჭირვებულ მდგომარეობაშია. სწორედ ამიტომ სიმართლეს უნდა გავუსწოროთ თვალი: ყველაფერი ძვირდება და ადრე თუ გვიან პურის ფასიც ნელ-ნელა აიწევს.

მოდით გავაანალიზოთ …

დღეს ხორბლით და ფქვილით მომარაგების საკითხში კატასტროფული მდგომარეობა გვაქვს:

1. ხორბლის და ფქვილის 90 %-მდე არის იმპორტი. ეს ნიშნავს, რომ წელიწადში 100 მილიონ აშშ დოლარზე მეტი გადის ქვეყნის გარეთ და ეს არის ქვეყნიდან გადინებული დოვლათი, რომლითაც ვამდიდრებთ სხვა სახელმწიფოს, ვასაქმებთ მის მოქალაქეებს, ვავითარებთ მის საწარმოო სექტორს! … საკუთარის ხარჯზე რა თქმა უნდა …

2. მოხმარებული ხორბლის და ფქვილის 85 %-მდე არის რუსული. რუსულ პურს ჭამ ჯიგარო ყოველდღიურად! მტერი სახელმწიფოს პროდუქტს! ასაქმებთ მის მოქალაქეს, ავითარებთ რუსულ ბიზნესს და ყველაფერი ეს ჩვენის ხარჯზე! და დიახ, ეს არის ცუდი!

3. საქართველოში ხორბლის მწარმოებლურობა არის სასტიკად დაბალი. დიახ, მწარმოებლურობა იმ ცინგლიანი 10%-სა, რაც საქართველოში მოიყვანება არის ჰექტარზე 2,5 ტონამდე. ეს კატასტროფული მონაცემებია იმ ფონზე, როცა მსოფლიოში 7-10 ტონაა ჰექტარზე მოსავლიანობა. ანდა საიდან იქნება მეტი? პატრონი არ ჰყოლია დღემდე დარგს. ფული არ არის ამ საქმეში და რატომ იზრუნებდა ვინმე დარგის განვითარებაზე?

3 რამეს მოიტანს კარგს პურის გაძვირდება:

1. ხორბლის ადგილობრივ წარმოებას აზრი მიეცემა. ყველას გსმენიათ ხომ წითელი დოლი, ცეხვილი და ა.შ.? ჰოდა ამ ფერმერებისთვის ფასის ზრდა იქნება სტიმული, რომ უფრო განვითარდნენ, მეტი აწარმოონ და მეტი გაყიდონ. ეს გაზრდის დასაქმებას, განავითარებს წარმოებას და მიმდებარე დარგებს და სასარგებლოა სახელმწიფოსათვის.

2. ხორბლის წარმოების ახალ ტექნოლოგიებში ჩაიდება ფული. გასაგებია, რომ მწარმოებლურობა კატასტროფულად დაბალია დღეს, მაგრამ წარმოებას როცა აზრი მიეცემა, ინვესტიციასაც აზრი მიეცემა და მალე დავინახავთ შემოტანილ ტექნოლოგიებს, რომლებიც გაზრდიან მწარმოებლურობას. ეს ბუნებრივად მოხდება და ამას ფერმერები თავად გააკეთებენ. რატომ? იმიტომ რომ ფულს დაინახავენ.

3. ხორბლის წარმოების ზრდა კარგია ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებისათვის. დღეს, როცა რუსეთიდან – მტერი ქვეყნიდან შემოდის ხორბლის და ფქვილის 85%-მდე, ჩვენ ვართ დაუცველი! ჩვენ თუ 30-35% თვითუზრუნველყოფის დონემზე ავედით, ეს უკვე იქნება ძალიან კარგი. ბიზნეს ინტერესი ერთადერთია, რაც ამას გააკეთებს.

იმ ჯაჭვურ ეფექტზე არაფერს ვამბობ, რასაც გამოიწვევს ეს ყველა დადებითი პროცესი. შეგიძლიათ კომენტარებში დაამატოთ თქვენ.