ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

[ექსპერიმენტი და შედეგები] ომეგა 3-ით გაჯერებული კვერცხი VS ჩვეულებრივი კვერცხი

ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე მუდმივად ვუყურებ ქართული წარმოებების მიერ ბაზარზე შემოტანილ სიახლეებს. არაა ადვილი მოიფიქრო და გააკეთო რამე ახალი, მით უმეტეს ინოვაციური, თან დღევანდელ პირობებში. თუმცა პერიოდულად მაინც არის ხოლმე თვალსაჩინო ნოვაციები.

სწორედ ასეთი ნოვაციაა „ომეგა 3-ით გაჯერებული კვერცხი“, რომელიც 2017 წლის 1 მაისიდან უკვე იყიდება. მწარმოებელია შპს „დილის პროდუქტები“, რომელიც მრავალი წელია უკვე რაც ადგილობრივ ბაზარს ქართმის კვერცხით ამარაგებს.

მცირე შესავალი: რა არის „ომეგა 3-ით გაჯერებული კვერცხი“?

ავიღოთ ქათმის ჩვეულებრივი კვერცხი … ჭამთ? გიყვართ? მე მაგალითაც ხშირად მივირთმევ შემწვარსაც და მოხარშულსაც. ახსნა არ სჭირდება იმას, თუ რაოდენ სასარგებლოა კვერცხი ჯანმრთელობისათვის.

ეხლა წარმოიდგინეთ, რომ კვერცხისმდებელ ქათამს სისტემატურად აჭამო სპეციალური რაციონით, რომელშიც ჩვეულებრივ საკვებთან ერთად (სიმინდი, ხორბალი და ა.შ.) შედის თევზის ცხიმით გაჯერებული საკვები დანამატები, წყალმცენარეები და ზოგადად ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავებით გაჯერებული ქათმის საკვები. შედეგად ქათამი დებს განსხვავებული შემადგენლობის კვერცხს, რომელშიც ომეგა 3-ის შემადგენლობა (270 მილიგრამამდე) არის 5-6 -ჯერ მეტი, ვიდრე ჩვეულებრივ კვერცხში.

ომეგა 3 რა არის? ეს იმ ცხიმოვანი მჟავების გამაერთიანებელი სახელწოდებაა, რომლებიც ადამიანის ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისათვის კრიტიკულად აუცილებელია. ჩვენ ომეგა 3-ს სხვადასხვა საკვებთან ერთად ვღებულობთ. უამრავი ადამიანია მაგალითად თევზის ცხიმის მომხმარებელი საქართველოში, თუმცა თუ თევზის ქონი ერთხელ მაინც დაგილევიათ კარგი გაძლება გქონიათ. ომეგა 3-ის მიღება ორგანიზმში ასევე საკვები დანამატების ფორმითაც ყოფილა შესაძლებელი, რომელთაც სხვადასხვა პათოლოგიების მკურნალობისას ექიმები თურმე ხშირად უნიშნავენ პაციენტებს. აფთიაქებშიც იყიდება თურმე ეს საკვები დანამატები.

ერთი სიტყვით, გადავწყვიტე ექსპერიმენტის ჩატარება … გადავწყვიტე შევწვა ჩვეულებრივი კვერცხი, ასევე ომეგა 3-ით გაჯერებული კვერცხი, გავსინჯო ორივე და შევადარო.

გუშინ, 16 მაისს, გლდანი მოლში არსებულ უნივერსამში ომეგა 3-ით გაჯერებული კვერცხი შევიძინე. 3.6 ლარი გადავიხადე 10 ცალში. ინებეთ ჩეკის სურათი. დილას წარმოებული კვერცხის 10-იანი შეკვრა უკვე მქონდა სახლში.

აი ასე გამოიყურებოდა ორივე შეფუთვა დახლზე … შეფუთვა თვალს მართლაც ჭრის …

 

აი ორივე შეფუთვა გახსნილ მდგომარეობაში ჩემს სამზარეულოში …
ორ-ორი კვერცხი უკვე ამოვაცალე …

აი გატეხილი, აუთქვეფავად …
ამჩნევთ ხომ? ფერი აბსოლუტურად ერთნაირია … მარჯვენას მხოლოდ ჩრდილი ურტყამს …
სუნში არანაირი განსხვავება არ მიგრძვნია …

აი ათქვეფილ მდგომარეობაში…
სუნიც და ფერიც აბსოლუტურად იგივეა …

აი უკვე შემწვარი …
ტაფაზე როცა დავასხი, არ ამირევია. უბრალოდ ერთ მხარე რომ შეიწვა, გადმოვაბრუნე ..
ვიზუალურად აბსოლუტურად იგივენაირად გამოიყურებიან…
ვერც კი გაარჩევ რომელი რომელია …

დადგა გასინჯვის დროც. ჩემს მეუღლეს, რომელმაც არ იცოდა რომელ თეფშზე რომელი კვერცხი იყო, ვთხოვე გაესინჯა და გამოეცნო თუ რომელი იქნებოდა ომეგა 3-ით გაჯერებული კვერცხი. როგორც კი გასინჯა ეგრევე მიხვდა. როგორ? უბრალოდ „განსხვავებული“ გემო აქვსო. რამდენად განსხვავებული? აი ეს კი ვერ ამიღწერა. უბრალოდ განსხვავებულიო.

გავსინჯე. და აშკარად შევამჩნიე ორ რამ:
1) ჩვეულებრივ კვერცხს მკვეთრად გამოხატული კვერცხის გემო აქვს, ომეგა 3-ით გაჯერებულს კი ეს სიმკვეთრე არ ჰქონდა, და
2) ჩვეულებრივი კვერცხი უფრო მკვრივად იყო შემწვარი. ომეგა 3-ით გაჯერებული კი გაცილებით უფრო ფაფუკი იყო.

საერთო დასკვნები:
1. ფერი: ომეგა 3-ით გაჯერებულ კვერცხს აბსოლუტურად იგივე ფერი აქვს, როგორიც დილას წარმოებულ, ან რომელიმე სხვა კვერხს. განსხვავება აქ არ შეიმჩნევა;
2. სუნი: ომეგა 3-ით გაჯერებულ კვერცს აბსოლუტურად იგივე სუნი აქვს, როგორიც დილას წარმოების ჩვეულებრივ კვერცხს, ან რომელიმე სხვას. განსხვავება არც აქ შეიმჩნევა;
3. გემო: ომეგა 3-ით გაჯერებულ კვერცის გემოს ჩემი აზრით ნაკლები სიმძაფრით აქვს კვერცხის გემო, თან შემწვარი მაგალითად უფრო ფაფუკი იყო;
4. ფასი: ომეგა 3-ით გაჯერებული კვერცხში 3.6 ლარი გადავიხადე 10 ცალში. ჩვეულებრივი კვერცხის 10 ცალიანი შეფუთვა 3 ლარი ღირს. ანუ ფასი მეტია;
5. შეფუთვა: თუ დააკვირდებით დახლზე ფრიად გამორჩეულია. ომეგა 3-ით გაჯერებული კვერცხს აქვს ორიგინალური ეტიკეტი და თუ დაააკვირდებით ლურჯი ფერის მუყაოს შეფუთვაშია მოთავსებული. არცერთი სხვა კვერცხი ასეთ შეფუთვაში არ არის შეფუთული. ეს ეკო შეფუთვაა.

რა არის ომეგა 3-ით გაჯერებული კვერცხში ისეთი, რის გამოც ღირს მეტი ფასის გადახდა?

თავად შეფუთვაზე არის მოკლე ინფორმაცია მოცემული, მაგრამ კომპანიის Facebook გვერდზე და ვებსაიტზე სრულად არის ჩამოყალიბებული უპირატესობების სია:

• ნივთიერებათა ცვლის დაჩქარება;
• ხელს უწყობს მშრალი კუნთოვანი მასის ზდას და ცხიმოვანის შემცირებას. გამოიყენება როგორც გასახდომად, ისე მასის გასაზრდელად;
• ახასიათებს ინსულინის მიმართ მგრძნობელობის გაზრდა კუჭ-ნაწლავის ტრაქტში საკვების შემცველობის წინსვლის შენელების ხარჯზე. ასეთ დროს ნახშირწყლები ნელა აითვისებიან, არ ქმნიან კონცენტრაციულ პიკებს, რომლებიც იწვევენ ინსულინის დესენსიბილიზაციას;
• სისხლის რეოლოგიური თვისებების გაუმჯობესება, მისი სიბლანტის შემცველობის ხარჯზე, რის შედეგადაც მცირდება არტერიული წნევა, მცირდება გულ-სისხლძრღვთა დაავადებების რისკი, თრომბების წარმოქმნა, ინსულტები ინფარქტები;
• ზრდის საერთო ტონუსს და ამტანობას;
• წარმოადგენს სისხლის ბიოლოგიურად აქტიური ანთების საწინააღმდეგო კომპონენტების – პროსტაგლანდინების წინამორბედს. პროსტაგლანდინები ამცირებენ ტკივილს და ანთებით პროცესებს, რომლებიც თან ახლავს ფიზიკურ ვარჯიშს. ასეთი სახით მცირდება ვარჯიშის შემდეგ კუნთოვანი ქსოვილების დაშლა და აღდგენა უფრო სწრაფად ხდება;
• უმჯობესდება ტვინის ფუნქცია, მაღლდება განწყობა. ახდენს რუხი ნივთიერების სტრუქტურის სრულყოფას. ტვინის ნივთიერებათა 60% ცხიმებისაგან შედგება და მას აუცილებლად ესაჭიროება ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავები ნაყოფიერი ფუნქციონირებისათვის;
• ხდის კანს რბილს და სუფთას;
• ენერგიის ჯანმრთელი წყაროა. არ ზრდის ცხიმოვანი მასის მომატების რისკს;
• იზრდება ჰორმონების რეპროდუქცია, მათ შორის ტესტოსტერონის, რომელიც აუცილებელია ბოდიბილდინგში;

ომეგა-3 დადებითი ეფექტები აქვს შემდეგი პათოლოგიებისას:
• მაღალი ქოლესტეროლი, დიაბეტი;
• ოსტეოპოროზი, ართრიტი;
• ბავშვის გონებრივ და ფიზიკურ განვითარებაში ჩამორჩენა, ყურადღების დეფიციტი;
• მაღალი წნევა, მაკულარული დეგენერაცია (თვალის ბადურა გარსის პათოლოგია);
• ასთმა, დეპრესია;
• კანის პრობლემები, საჭმლის მონელების დარღვევა;
• ზოგიერთი სიმსივნე;

თქვენც გასინჯეთ ომეგა 3-ით გაჯერებული კვერცხი და გაგვიზიარეთ თქვენი აზრი …
უკვე ბევრგან იყიდება …