ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ბამბის ნაყინი ტკბილი ბამბა

ბამბის ნაყინი ტკბილი ბამბა – შეაფასეთ ახალი პროდუქტი

აბა ვის გიყვართ ბამბის ნაყინი?

ბამბის ნაყინი ტკბილი ბამბა ჩემს თვალსაწიერში პირველად დღეს გამოჩნდა. პროდუქტი შემთხვევით ამ დილით აღმოვაჩინე ჩემი უბნის მარკეტში…. აღმოვაჩინე და შევიძინე 1.2 ლარად ეს კონკრეტული ბურთულა. შეკითხვები გამიჩნდა. ბევრი ფიქრის გარეშე ავიღე ტელეფონი და დავრეკე იმ ნომერზე, რომელიც მითითებული იყო ეტიკეტზე და გავესაუბრე პირს, რომელმაც მიპასუხა. გადავამოწმე მწარმოებელი რეესტრში. მოკლედ, თემა გავაანალიზე.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 2 თვეში ბევრი ახალი პროდუქტი აღმოვაჩინე, kar.ge-ზე პროდუქტების მიმოხილვების ტემპი შეგნებულად მაქვს დაგდებული. ერთ პროექტზე ვმუშაობთ და ჯერ ის უნდა გავუშვათ. თუმცა ბამბის ნაყინის განხილვას გვერდს ვერ ავუვლიდი. და აი ჩემი მოკლე დასკვნა.

რა მომწონს:

  1. შეფუთვა ნამდვილი ნოვაციაა ბამბის ნაყინის შემთხვევაში! ასე შეფუთული ბამბის ნაყინი მე ჯერ საქართველოში არ შემხვედრია;
  2. შეფუთვის ტიპი მომეწონა. ვაკუუმი რა თქმა უნდა არ არის, მაგრამ სფერული შეფუთვა აქვს, ცელოფნის, რომელიც ჰაერითაა გაბერილი და შიგნით ბამბის ნაყინი ტკბილი ბამბა ფუნფულა ბურთულის სახითაა მოთავსებული და დაზიანების შანსი მიზერულია. ხელში კარგად მოვსინჯე და მართლა ძალიან უნდა მოინდომო, რომ ბურთულა გახეთქო ან ძალიან დიდი მავნე უნდა იყო, რომ რამე წვეტიანით გაჩხვლიტო;
  3. ბამბის ნაყინის 4 სახეობა აქვს, სხვადასხვა ფერი უფრო სწორად – წითელი, მწვანე, ყვითელი და ცისფერი. ანუ არჩევანი არის;

რას შევცვლიდი:

  1. შეფუთვის გაფორმება. არაქართული დიზაინი და უხარისხო ბეჭდვა, რომელიც მაშინვე თვალში მომხვდა. ჩემი აზრით საქართველოში პროდუქტი როცა იწარმოება [ბამბის ნაყინი ტკბილი ბამბა შემოდის თუ იწარმოება დარწმუნებული არ ვარ, ვერ გავარკვიე] და თან ბავშვებისათვის, მას აუცილებლად ქართული გაფორმება უნდა ჰქონდეს და მთლად პრემიუმ დონე თუ არ იქნება, ცოტა ლამაზი მაინც უნდა იყოს;
  2. სულ 20-25 გრამია და2 ლარი ღირს. ერთი მუჭის ხელაა სულ და … პრინციპში ჩემი მუჭი დიდია, მაგრამ მგონია, რომ 1.2 ლარი მაინც ძვირია. ალბათ ფასი განპირობებული იმითაცაა, რომ დახლზე მსგავსი არაფერი დევს [ყოველ შემთხვევაში მე არ შემხვედრია];
  3. მე ეს წითელი ფერის ბამბის ნაყინი ტკბილი ბამბა გავსინჯე. არომატი და გემო უცებ კარგი მეჩვენა, მაგრამ გემო დამიტოვა რაღაც. ეტყობა საღებავია ისეთი გამოყენებული, რომელიც გემოს ტოვებს. ბავშვებს კი მოეწონებათ, მაგრამ მე სამედიცინო დაწესებულების „არომატი“ გამახსენა, რომელიც დიდად არ მსიამოვნებს;
  4. შტრიხ კოდი მარტივი გამოანგარიშებით გადავამოწმე [არის ასეთი მეთოდი]. გამოანგარიშებული ციფრის და საკონტროლო ციფრის ჯამი 10-ია, მაგრამ შტრიხკოდი 185-ით იწყება, რომელიც არც საქართველოსია და არც სომხეთის]. 185 საერთოდ არცერთი ქვეყნის კოდი არაა. ამან გამიჩინა საფუძვლიანი ეჭვი, რომ რაღაც აქ ვერაა წესრიგში;
  5. ეტიკეტირება. მისამართი მითითებულია, მაგრამ მწარმოებლისაა იგი თუ იმპორტიორის არ ჩანს [ტელეფონზე მითხრა ჩვენ ვაწარმოებთო]. ეტიკეტზე წარწერები სომხურადაა. წარმოების თარიღი მითითებული არაა, რა სტანდარტს შეესაბამება მითითებული არაა. მე მგონი ამათი არ ქონისათვის უკვე ეტიკეტირების წესების დარღვევა ფიქსირდება. ამაზე კი პირველ შემთხვევაში 1000 ლარამდე ჯარიმაა, მეორე შემთხვევაზე კი 5000 ლარამდე ჯარიმა;
  6. ხარისხს ვინ ადასტურებს? რომელ სტანდარტს შეესაბამება? ვინაა გარანტი, რომ ეს პროდუქტი ჯანმრთელობისათვის უვნებელია?
  7. მარკეტინგი? სადაა მარკეტინგი? რა საიტი, რის Facebook გვერდი … შორსაა ეს პროდუქტი ყველანაირი მარკეტინგისგან გარდა ერთისა: დახლზე დევს! რა, ტესტირებას პროდუქტის ტესტ-მარკეტინგს ატარებთ? თუ გაგაქვთ პროდუქტი ბაზარზე, მაშინ პატივი ეცით მომხმარებელს და წესიერი „მარკეტინგული შეფუთვა“ გაუკეთეთ!

მე ვიყიდე, გავსინჯე და აი ჩემი ვერდიქტი: მოტივაცია არ მაქვს, რომ ბამბის ნაყინი ტკბილი ბამბა მეორედ ვიყიდო!

თქვენ რას იტყვით?