ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
დავით IV აღმაშენებელი

მეფე დავით IV-ის “აღმაშენებლად” მოხსენიების პირველი ოფიციალური პრეცედენტები

ცოტა ვინმემ თუ იცის, რომ ქართველ ხალხს დავით IV-სთვის „აღმაშენებელი“-ს ეპითეტი უცებ არ მიუცია და ამას საუკუნეები დასჭირდა. ჩვენ მოვძებნეთ სამეცნიერო ნაშრომი [51-ე გვერდიდან], სადაც მეფე დავით IV-ის “აღმაშენებლად” მოხსენიების პირველი ოფიციალური პრეცედენტებია შესწავლილი. 51-ე გვერდიდან იწყება ჩვენთვის საინტერესო ნაწილი. ქვემოთ კი მთავარს მოგახსენებთ.

დავით აღმაშენებელს, მისი საოცრად წარმატებული მოღვაწეობის გამო, მრავალი დიდებული ეპითეტით ამკობდნენ როგორც თანამედროვენი, ისე სხვა დროის ქართველები. დავითის თანამედროვე მემატიანე, რომელიც ისტორიოგრაფიაში “დავითის ისტორიკოსადაა“ ცნობილი, მეფეს „ყოვლად ბრძენი მეფის“, „ძლიერის“ და „დიდის“ ეპითეტებით ამკობს. მისივე თანამედროვე არსენი ბერი მას უწოდებს „ბრძენს“, „მზეს“, „ბრწყინვალეს“. მოგვიანებით, თამარის ისტორიკოსი და ლაშა-გიორგის დროინდელი მემატიანე (XIII ს.) მას „დიდ დავითს“ უწოდებენ. XIV ს-ის მემატიანე ჟამთააღმწერელი დავითს მოიხსენიებს როგორც „დიდ და სახელოვან“ ხელმწიფეებს შორის „უმეტეს განთქმულ“ მეფეს. თუმცა, „აღმაშენებლად“ დავით მეფეს არ იხსენიებენ აღნიშნული XII-XIV სს-ის საისტორიო თხზულებები, დოკუმენტური და სხვა წყაროები (გოგოლაძე 1989: 43).

ისტორიოგრაფიაში გაზიარებულია აზრი, რომ დავით IV-ის “აღმაშენებლად” პირველად იწოდება XV ს-ში, კერძოდ, ბაგრატ მეფეთ მეფის გაცემულ ავჟანდაძეთა 1452 წ-ის სასისხლო სიგელში (გოგოლაძე 1989: 44), რომელიც ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ინახება შიფრით Sd-521. თუმცა ამ ნაშრომის მიხედვით დავით IV აღმაშენებლად კიდევ უფრო ადრეა მოხსენიებული, კერძოდ კი XV საუკუნის დასაწყისში სინას მთის წმ. ეკატერინეს მონასტრის ქართველთა ეკლესიის სულთა მატიანეზე.

ჩვენამდე შემორჩენილი უძველესი პრეცედენტები დავით IV-ის „აღმაშენებლად“, როგორც უკვე დამკვიდრებული მთავარი ზედწოდებით მოხსენიებისა დასტურდება უკვე XV ს-ის პირველი ათწლეულის ორ საისტორიო წყაროში – გერგეტის სამების „მატიანე მოსაჴსენებელი სულთაჲ“– ისა და სინას მთის წმ. ეკატერინეს მონასტრის ქართველთა ეკლესიის სულთა მატიანის ტექსტების უძველეს ნაწილებში. იმის დადგენა, თუ რომელია ამ ორი წყაროდან უფრო ძველი, ამ ეტაპზე ძალზედ რთულია. თუმცა, ისტორიკოსი თ. ჯოჯუა, გერგეტის სულთა მატიანეში მოხსენიებულ ისტორიულ პირთა მოღვაწეობის ქრონოლოგიაზე დაყრდნობით, ვარაუდობს, რომ გერგეტის სულთა მატიანის ჩვენთვის საინტერესო ნაწილი შექმნილია არა XV ს-ის პირველი ათწლეულში, არამედ XIV ს-ის მიწურულს. თუ ბ-ნ თ. ჯოჯუას ეს ვარაუდი დამტკიცდა შესაბამისი არგუმენტაციით, რაც მისი ერთ-ერთი მომავალი ნაშრომის მიზანს წარმოადგენს, ბუნებრივად მივიღებთ დასკვნას, რომ პირველი პრეცედენტი დავითის „აღმაშენებლად“ მოხსენიებისა გვხვდება XIV ს-ის მიწურულს, გერგეტის სულთა მატიანეში, ხოლო მოგვიანებით, XV ს-ის პირველი ათწლეულში.

აქედან დასკვნა:

დავით აღმაშენებლის გარდაცვალებიდან თითქმის 3 საუკუნის შემდეგ გვხვდება პირველი დადასტურებული ოფიციალური წყარო, სადაც ეპითეტი „აღმაშენებელია“ ნახსენები მის მიმართ.