ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
თაფლის ფესტივალი, 22 აგვისტო, ბათუმის ბულვარში

თაფლის ფესტივალი, 22 აგვისტო, ბათუმის ბულვარში

60 ადგილობრივი მეფუტკრის თაფლი აჭარის 10 ხეობიდან, 5 მუნიციპალიტეტიდან – ეს უკვე დიდი ძალაა … 22 აგვისტოს, ბათუმის ბულვარში, კოლონადების მიმდებარე ტერიტორიაზე, პირველად აჭარაში ჩატარდება თაფლის ფესტივალი. ყველაფერი 12:00-21:00 პერიოდში მოხდება. ფესტივალს ორგანიზებას უწევს აჭარის სავაჭრო და სამრეწველო პალატასთან არსებული აჭარის მეფუტკრეთა ბიზნეს ასოციაცია და ტარდება მცირე კავკასიის ალიანსების აჭარის პროგრამის ხელშეწყობით, რომელსაც შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით არასამთავრობო ორგანიზაცია მერსი ქორფსი ახორციელებს.

აჭარაში მეფუტკრეობას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს და უნიკალური ტრადიციებით გამოირჩევა. დღევანდელი მონაცემებით, აჭარა თაფლის წარმოების მიხედვით, ერთ-ერთი წამყვანი რეგიონია საქართველოში. ადგილობრივი თაფლი განსაკუთრებული გემოვნური თვისებებით ხასიათდება, ვინაიდან მისი შეგროვება აჭარის რეგიონში არსებული ეკოლოგიურად სუფთა და მრავალფეროვანი გარემოდან ხდება.
თაფლის ფესტივალი, განრიგი:

12:00 გახსნის ცერემონია
12:30:21:00 აჭარის მეფუტკრეობის ისტორია და თანამედროვეობა
12:30-21:00 თაფლის გამოფენა და დაგემოვნება აჭარის სხვადასხვა ხეობებიდან
12:30-21:00 ცვილისგან დამზადებული სკულპტურების გამოფენა
12:30-20:00 ფოლკლორული ჯგუფების წარმოდგენა
14:00-21:00 სახის მოხატვა
16:00-21:00 სახის ნიღაბი
17:30-20:00 გასართობი ღონისძიებები ბავშვებისთვის
19:00-20:00 მოხალისეებთან ერთად ცვილის სკულპტურების ძერწვა
21:00 ფესტივალის დახურვა

მშვენიერი დროა შერჩეული. ტურისტული სეზონი, თან შაბათი დღე, თან თაფლი! თუ 22 აგვისტოს ბათუმში მოხვდებით, აუცილებლად ეწვიეთ!

 

** ინფორმაცია მცირე კავკასიის ალიანსების აჭარის პროგრამის შესახებ

2014 წლის თებერვალში, აჭარის რეგიონში დაიწყო მეცხოველეობის განვითარების 5 წლიანი პროგრამა „მცირე კავკასიის ალიანსების აჭარის პროგრამა“ (Alliances Lesser Caucasus Ajara Programme – ALCPAJ), რომელსაც  საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „მერსი ქორფსი“ ახორციელებს, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. პროგრამა აჭარაში მოიცავს ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებს. გარდა აჭარისა, პროგრამა წარმატებით ფუნქციონირებს ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში.

პროგრამა მიზნად ისახავს მცირე მეცხოველე ფერმებისათვის მეცხოველეობის სერვისებისადმი ხელმისაწვდომობის გაზრდას. სწორედ ამიტომ, პროგრამის ფარგლებში თანადაფინანსების პრინციპით დაფინანსდება საწარმოები (რძის, ხორცის, თაფლის), რომლებიც იბარებენ ნედლეულს ფერმერებისაგან, რათა აწარმოონ რძისა, ხორცის და თაფლის პროდუქცია, ან სთავაზობენ მეცხოველეობისა და მეფუტკრეობის განვითარებისათვის საჭირო პროდუქტებსა და სერვისებს (ვეტაფთიაქი, სასაკლაო). გარდა ამისა, მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ ფერმერებს რეგულარულად უტარდებათ ტრეინინგები ვეტერინარიის, სურსათის უვნებლობის, დაავადებების, პირუტყვის განაყოფიერებისა და მეცხოველეობასთან დაკავშირებული სხვა საკითხების მიმართულებით.