ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
აწარმოე საქართველოში

აწარმოე საქართველოში – მინი PR გამოფენა

ქართველებმა დილით ადრე მხოლოდ ხაში ვიცით? ყოველ შემთხვევაში ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა ამ დილით პარლამენტის წინ „აწარმოე საქართველოში“ გამოფენაზე მისულს.

გუშინ გავიგე, რომ ყოფილი პარლამენტის წინ მინი გამოფენა კეთდებოდა. მივედი დღეს, ვიფიქრე რამეს ვნახავ მეთქი და ჩამივარდა კოვზი ნაცარში … როგორც ჩანს 09:30 ნამეტანი ადრეა ქართველი მწარმოებლებისათვის, რომ საქმიანობა დაიწყონ … 16 სტენდიდან 3 იყო გაშლილი დილის 10:00-თვის, ერთ ამდენი გაწყობის მომენტში იყო, დანარჩენები კი უპატრონოდ მიტოვებული. აქვე ხაზი მინდა გავუსვა რომელ კომპანიებს ჰქონდათ ყველაფერი წესრიგში:

Natural Food Company – ჩურჩხელა ბადაგი

Natural Food Company - ჩურჩხელა ბადაგი

Georgian Product Renaissance – თხილი ბონატი

Georgian Product Renaissance - თხილი ბონატი

ყველის სახლი – საფერავში დავარგებული ყველი

ყველის სახლი - საფერავში დავარგებული ყველი

დანარჩენი 13-ის საყურადღებოდ: გასაგებია რომ PR გამოფენაა და EBRD-ს სამიტზე ჩამოსული ხალხის წინაშე თავის მოსაწონებლად კეთდება, ასევე გასაგებია, რომ გინდა არ გინდა მაინც უნდა მიიღო მონაწილეობა, ასევე გასაგებია, რომ დიდ გაყიდვებს არ უნდა ელოდო, მაგრამ თუ აკეთებ, წესიერად გააკეთო უნდა. ასე მგონია მე. სხვათა შორის სტენდები მართლა მომეწონა. გეგმაში მაქვს დღეს კიდევ მივიდე, ცოტა მოგვიანებით, რომ „პროცესში“ ვნახო გაწყობილი დახლები …

ერთი მართლა მაინტერესებს: ნუთუ მართლა ჰგონია ვინმეს მთავრობაში, რომ ძველი პარლამენტის შენობის წინ “აწარმოე საქართველოში”-ს ფარგლებში წარმოებული EBRD სამიტისთვის საჩვენებლად გამოდგმული რამოდენიმე პროდუქტის მწარმოებლის ჯიხური უშველის ჩვენს დაღმა მიმავალ ეკონომიკას?

ერთადერთი, რაც საქმეს შველის არის მასიური კამპანიის დაწყება ქართული წარმოების პროდუქციის პოპულარიზების მიზნით, რომელიც შეაგულიანებს და წახალისებს საქართველოში დარჩენილ 3.7 მილიონ ადამიანს იყიდოს ქართული!