ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

აუდიო წიგნი – ჰერასაგან მათთვის, ვისაც წაკითხვა არ შეუძლია

ქართულია & kar.ge-ა!

დღეს წიგნის დღე მქონდა… უნდა ვაღიარო, დღემდე ვერ გამოვედი “ბავშვობის ასაკიდან” და საოცარ სიამოვნებას მანიჭებს კითხვაში გატარებული წუთები … ძალიან მიყვარს ირეალურ ისტორიებში ჩაძირვა, წარსული საუკუნეების პერსონაჟების “ტყავში შეძრომა” და მათი ცხოვრების გაზიარება …

ამჯერადაც წიგნის მაღაზიებში დავბოდიალებდი ახალი წიგნის შესარჩევად და მეტად საინტერესო დისკს გადავაწყდი- ეს არის აუდიო წიგნი, რომელსაც კითხულობენ  ნუგზარ ყურაშვილი და სხვა ქართველი მსახიობები. ერთი დისკის ფასი 7 ლარი იყო და სიმართლე გითხრათ, ცნობისმოყვარეობამ მძლია.  არსებული ვარიანტებიდან ქართულ ხალხურ ზღაპრებზე შევაჩერე არჩევანი და სახლში მოსულმა, “გადავამოწმე” კიდეც.  საკმაოდ სასიამოვნო მოსასმენი აღმოჩნდა, ოდესმე აუცილებლად ჩავურთავ ჩემს შვილს 🙂

“აფხაზეთის უსინათლოთა და ყრუ-მუნჯთა კავშირი ჰერა”- ვკითხულობთ დისკის უკანა მხარეს. ძალიან დამაინტერესა იდეის ავტორმა და ინტერნტში აღმოვაჩინე, რომ ის რაც მე ვნახე, ზღვაში წვეთია. ამ ადამიანებს არაერთი ქართული და არაქართული ზღაპრების თუ კლასიკოსების ნაშრომები აქვთ ჩაწერილი უსინათლო თანამემამულეთათვის…  ეს ჰერას ვებ-გვერდია; ეს კი მათი ფეისბუქის გვერდი …

ნახეთ თქვენც, მოუსმინეთ. მე პირადად, ბავშვობა და საღამოს, რადიოში მოსმენილი “ძილისპირული” გამახსენდა და გამიხარდა, რომ 5 წუთში არავინ გაწყვეტდა ზღაპარს და შემეძლო იმდენ ხანს მესმინა, რამდენ ხანსაც მსურდა…

მოიძიეთ, ნახეთ, გაეცანით, ნუ ჩავთვლით რომ ეს მხოლოდ უსინათლოთათვისაა, იქნებ სწორედ ეს დისკი აღმოჩნდეს თქვენი შვილებისა და უმცროსი და-ძმისათვის წიგნის საოცარი და საინტერესო სამყაროს გასაღები…

 

მადლობა რომ კითხულობთ ამ ტექსტს. პატივი ვცეთ ქართულ წარმოებას და ვიყიდოთ ქართული წარმოების პროდუქცია, იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს ვეხმარებით.