მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > მოძრაობა kar.ge > ანონსი: 2017 წლის 1 დეკემბერს გრანდიოზული #30დღიანიგამოწვევა #მევყიდულობქართულს იწყება

ანონსი: 2017 წლის 1 დეკემბერს გრანდიოზული #30დღიანიგამოწვევა #მევყიდულობქართულს იწყება

მშვიდობა თქვენდა!
გიორგობას გილოცავთ პირველ რიგში, მრავალს დაესწარით!

და სწორედ ამ დღეს უმნიშვნელოვანეს ქართულ საქმეში ჩართვა მინდა შემოგთავაზოთ (y)

უმწვავესი პრობლემა

2017 წელს ემიგრანტების ჩამორიცხვების (20 %-მდე), ექსპორტის (30 %-მდე) და ტურიზმის (10 %-მდე) დღემდე უპრეცედენტო ზრდის მიუხედავად საქართველოს ეკონომიკის წლიური ზრდა 5%-საც ვერ აღწევს. იკითხავთ – რატომ? რატომ არ აისახება ადექვატურად შემოსავლის ასეთი თვალსაჩინო ზრდა ქვეყნის ეკონომიკაზე? წარმოების განვითარებაზე? და რაც მთავარია თქვენს ჯიბეზე?

პასუხი მარტივია: იმიტომ რომ უყურადღებოდ მიტოვებულ, თითქმის 23 მილიარდი ლარის ღირებულების შიდა ბაზარზე აბსოლუტური უმეტესობა იმპორტული ნაწარმი იყიდება! შედეგად, უკვე მრავალი წელია გვაქვს 5 მილიარდ ამერიკულ დოლარზე მეტი სავაჭრო დეფიციტი (იმპორტი აღემატება ექსპორტს) ყოველწლიურად. სწორედ ეს არის ფუნდამენტური პრობლემა! როცა იმპორტულს ყიდულობთ ასაქმებთ უცხოელს უცხო ქვეყანაში, ავითარებთ უცხოურ ბიზნესს, აძლიერებთ რომელიმე უცხო სახელმწიფოს … და ეს ყველაფერი საკუთარის ხარჯზე! აი რატომ არ იზრდება დასაქმება, არ ვითარდება ადგილობრივი წარმოება და ქვეყანა ვერ მიდის წინ!

ჩვენ შეგვიძლია ერთად მივახრჩოთ ეს პრობლემა!
დიახ, ჩვენ! ჩვენს ხელში ძალიან დიდი ძალაა – ჩვენი ფული – 13 მილიარდ ლარამდე ნაღდი ფული, რომელსაც ჩვენ – საქართველოს მოსახლეობა წელიწადში ხარჯავს! მოდით ეს ფული ქართულ ნაწარმში გადავამისამართოდ და ამ საქმეში ავიყოლიოთ სხვებიც. შედეგად გავზრდით დასაქმებას, განვითარდება წარმოება & სოფლის მეურნეობა და ქვეყანა გაძლიერდება (აი ასე). სწორედ ამ მიზნით მოძრაობა KAR.GE უკვე მეექვსედ (პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე) ატარებს გრანდიოზულ 30 დღიან გამოწვევას, რომელიც 1 დეკემბერს დაიწყება და გიწვევთ თქვენც ჩაერთოთ მასში.

რას ვაკეთებთ კონკრეტულად 1 დეკემბერს?

2017 წლის 1 დეკემბერს ჩვენთან ერთად იყიდეთ 1 ლარზე მეტი ღირებულების ნებისმიერი ქართული ბრენდირებული ნაწარმი, ტელეფონით გადაიღეთ ორიგინალური ვიდეო და გამოიწვიეთ თქვენი 3 Facebook მეგობარი, ატვირთეთ ვიდეო საკუთარ Facebook პროფილზე და დათაგეთ გამოწვეული მეგობრები, რომელთაც მიეცით 24 საათი იგივეს გასაკეთებლად.

გაზიარებისას ყველანი ვიყენებთ ჰეშტეგებს – #30დღიანიგამოწვევა, #მევყიდულობქართულს და #ძალაერთობაშია. გამოწვევა 30 დღე გაგრძელდება და გარწმუნებთ – შედეგით იამაყებთ!

რა შედეგს ვუმიზნებთ?

საქართველოში მილიონი ოჯახია. ყოველი მათგანი მარტო წინასაახალწლოდ 400 ლარს მაინც ხარჯავს (საშუალოდ), ჯამში 400 მილიონ ლარამდე ხარჯს მხოლოდ საჭმელ-სასმელში და საჩუქრებში. მოდით გამოვაფხიზლოთ ყველა ჩვენებური საქართველოში და მის ფარგლებს გარეთაც, რომ ფული უპირატესად ხარისხიან ქართულ ნაწარმში დახარჯოს. ამისათვის კი გამოვიყენოთ Facebook, რომლითაც საქართველოში 1,500,000 ადამიანს მივწვდებით, საქართველოს გარეთ კი 1,000,000-მდე ქართველს.

მიიღებთ გამოწვევას?

თუ კი, დააფიქსირეთ მზადყოფნა ქვემოთ FB კომენტარში და მოემზადეთ 1 დეკემბერისათვის!
კიდევ ერთხელ განვმეორდები – შედეგით იამაყებთ!

 

PS1
გამოწვევის ვიდეოს როცა გადაიღებთ და FB-ზე დადებთ, ვიდეოშიც და FB თიზერშიც ჯობია გამოიყენოთ შემდეგი შინაარსის ტექსტი (თქვენებური ინტერპრეტაციით რა თქმა უნდა): ვღებულობ XXX XXX-ის გამოწვევას და ვერთვები 30 დღიან გამოწვევაში. მე ვიყიდე ქართული ნაწარმი – XXX XXX, რადგანაც ეს ზრდის დასაქმებას, ავითარებს ქართულ ბიზნესს და აძლიერებს ქვეყანას (თან აჩვენეთ პროდუქტი). ეხლა კი ვიწვევ ჩემს სამ მეგობარს XXX XXX, XXX XXX და XXX XXX. მეგობრებო, თქვენ გაქვთ 24 საათი იმისათვის, რომ იყიდოთ ნებისმიერი ქართული ნაწარმი და გამოიწვიოთ თქვენი სამ-სამი მეგობარი.
#30დღიანიგამოწვევა, #მევყიდულობქართულს, #ძალაერთობაშია
[დათაგეთ ის, ვინც გამოგიწვიათ და ისინიც, ვინც თქვენ გამოიწვიეთ. თუ მოძრაობა KAR.GE-ს დათაგავთ, თქვენს ვიდეოს გავაზიარებთ მოძრაობა KAR.GE-ს FB გვერდზე]

PS2
როგორ ამოიცნოთ საქართველოში წარმოებული ბრენდირებული პროდუქტი? 1) ნაწარმს უნდა ჰქონდეს ქართულენოვანი შეფუთვა და ეტიკეტი, 2) შტრიხ კოდი უნდა იწყებოდეს 486-ზე და 3) ეტიკეტზე უნდა ეწეროს (აუცილებლად), რომ საქართველოშია წარმოებული. თუ რომელიმე ნაწარმის წარმომავლობაში ეჭვი შეგეპარებათ, გვკითხეთ და დაგაკვალიანებთ.

 

ავტორი: ტარიელ ზივზივაძე

ტარიელ ზივზივაძე

კონსულტანტი & ტრენერი & სპიკერი: “მე მეამაყება, რომ ჩემი მოკრძალებული წვლილი შემაქვს კარგ ქართულ საქმეში. მჯერა, რომ ეს დიდი ცვლილებების დასაწყისია!”