მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > ანალიტიკა > 1 ლარით გაბრწყინებული იბერია …
იბერია

1 ლარით გაბრწყინებული იბერია …

რაოდენ მომხიბლავიც არ უნდა იყოს კარგი ქართული ეროვნული საქმის კეთების იდეა, რაც არ უნდა გამეტებით ყიდულობდე მხოლოდ ქართული წარმოების პროდუქციას, მაინც გინდა ადამიანს საერთო საქმეში შენი წვლილის ციფრებში დანახვა. დღეს გადავწყვიტე შენ, რაციონალურად მოაზროვნე მყიდველს ციფრებში დაგანახო „რა სარგებლობა მოაქვს მამალს“ და რომ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა რეალურად მიღწევადია.

დავუშვათ ხელში გიჭირავს 1 ლარი და გინდა გადაწყვიტო ქართულ პროდუქტში დახარჯო თუ იმპორტირებულში; მაგალითად სნიკერსი იყიდო, თუ ბარამბოს შოკოლადი. მოდით დავთვალოთ რომლის ყიდვას როგორი ეფექტი აქვს.

ნახე ცხრილი …

  1. მარცხენა სვეტში მოცემულია რა ხდება როცა იძენ იმპორტირებულს, მარჯვნივ კი როცა იძენ ქართულს;
  2. დრენაჟი მიუთითებს, რომ ეს ოდენობის თანხა „გაიწრიტა“ საზღვარგარეთ საქართველოს ეკონომიკიდან, დოვლათი მიუთითებს თანხას, რომელიც შეიქმნა და ამოძრავდა ქვეყანაში;
  3. 20/80 წესის იდეა ისაა, რომ მაგალითად იმპორტირებული პროდუქტის შეძენისას შენს მიერ გადახდილი თანხიდან მისი დაახლოებით 20% ხმარდება ჩვენს ქვეყანას, დანარჩენი 80% კი გაედინება. ქართული პროდუქტის შეძენისას კი პირიქით [ეს თანაფარდობა ცვალებადია, მაგრამ ბოლო 2 წლის განმავლობაში 400-ზე მეტი პროდუქტის გაანალიზების შემდეგ ამ დასკვნამდე მივედი];
  4. რაუნდი 1 ნიშნავს, რომ მოხდა პირველი შესყიდვა [დავუშვათ შენ იყიდე ქართული შოკოლადი]. რაუნდი 2 ნიშნავს, რომ მოხდა მეორე შესყიდვა [დავუშვათ იმან, ვინც შენს მიერ ქართული შოკოლადის შესყიდვისას გადახდილი ფული შემოსავლად მიიღო, ისევ ქართულ პროდუქტში დახარჯა] და ა.შ.
  5. წითელ კუბიკში ჩაწერილი 14.44 რას ნიშნავს იხილე მთავარ დასკვნაში ქვემოთ;

კალკულაცია-calculation

დასკვნები

დასკვნა [1]: თუ იმ 1 ლარს დახარჯავ სნიკერსში [მარცხენა სვეტი], სამი შესყიდვის რაუნდის შედეგად შენი და სხვათა [ვინც იმპორტულს ყიდულობს] „დამსახურებით“ ჯამში ქვეყნიდან უმალ გაიწრიტება 0,99 ლარი, ხოლო ქვეყანაში კი მხოლოდ 0,25 ლარის დოვლათი „შეიქმნება“;

დასკვნა [2]: თუ იმ 1 ლარს დახარჯავ ბარამბოს შოკოლადში [მარჯვენა სვეტი], 10 შესყიდვის რაუნდის შედეგად შენი და სხვათა [ვინც ქართულს ყიდულობს] „დამსახურებით“ ჯამში ქვეყნიდან გაიწრიტება სულ რაღაც 0,89 ლარი, ხოლო ქვეყანაში 3,58 ლარის დოვლათი შეიქმნება, დარჩება, იმოძრავებს და „იბარტყებს“ კიდეც;

მთავარი დასკვნა: დღეში რამოდენიმეჯერ, თუნდაც 1 [ერთი] ლარის დახარჯვის მყიდველობითი გადაწყვეტილების მიღებისას შენს ხელშია ორი მნიშვნელოვანი ალტერნატივა: 1) იყიდო იმპორტული და ქვეყნის ეკონომიკაში პოტენციურად 25 თეთრის დოვლათი შექმნა, ან 2) იყიდო ქართული წარმოების პროდუქტი და ქვეყნის ეკონომიკაში პოტენციურად 14.44-ჯერ მეტი [3,58 ლარი] დოვლათის შექმნას შეუწყო ხელი;

ეფექტი?

როგორ აძლიერებს ეს „ლარიანი  გადაწყვეტილება“ ქართულ სახელმწიფოს? როცა ქვეყანაში ფული რჩება, არ გაიწრიტება და თან მოძრაობს, ბიუჯეტში შესული მეტი გადასახადით, განვითარებული ინფრასტრუქტურით, სოციალური პროგრამების დაფინანსებით, ეროვნული ვალუტის გაძლიერებით და ა.შ. ქვეყანა ძლიერება, ეკონომიკური ზრდა მაღალია და უფრო მიმზიდველი ხდება ინვესტიციების და ა.შ. მრავალი კუთხით.

როგორ აძლიერებს ეს „ლარიანი  გადაწყვეტილება“ ქართულ ბიზნესს? როცა ქართული ბიზნესის წარმოებული პროდუქცია იყიდება, ბაზარი ვითარდება, ბიზნესი ვითარდება, ხარისხს აუმჯობესებს, ასორტიმენტს ზრდის, ექსპორტს ზრდის, რაც მეტი ადამიანის დასაქმებას იწვევს, მეტი ამ ქვეყნის მოქალაქე იღებს მეტ შემოსავალს, ბიზნესის თავისუფლების ხარისხს ზრდის, რაც ყოველმხრივ დადებითი მოვლენაა. აღარ ვსაუბრობ ბიზნესებს შორის გაზრდილ კონკურენციაზე, რომელიც ფასებს ავტომატურად ჩამოსწევს ქვემოთ.

როგორ აისახება ეს „ლარიანი  გადაწყვეტილება“ კონკრეტულად შენზე? როცა ძლიერ ქვეყანაში ცხოვრობ სადაც ეკონომიკური ზრდა ორნიშნაა, როცა შემოსავალი გეზრდება, როცა ბიზნესის დაწყება თამამად შეგიძლია იმიტომ რომ გარემო მხარს გიჭერს, როცა ახლობლებისათვის მეტის გაკეთება შეგიძლია, როცა ქვეყნიდან ხალხი კი არ გარბის, არამედ უკან ბრუნდება, განა ამაზე კარგი შენთვის რა შეიძლება იყოს?

მეგა დასკვნა:

საქართველოს ყველა მოქალაქემ დღეში 1 ლარი რომ გადაამისამართოს [ანუ იმპორტულის ყიდვას აპირებდა და ქართული იყიდა], წელიწადში ეს გამოვა 3,730,000 * 365 = 1,361,450,000 [მილიარდზე მეტი] ლარის გადამისამართება [თან იმპორტის შემცირების ხარჯზე]. ეს რეალური ინვესტიცია ეროვნულ ეკონომიკაში ჩვენი ზემო კალკულაციის თანახმად შექმნის  დაახლოებით 4,873,991,000 [თითქმის 5 მილიარდი] ლარის დოვლათს. საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 2014 წელს 29,2 მილიარდი ლარი იყო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ 16%+ პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა მარტო ლარიანის გადამისამართებით შეგვიძლია მივიღოთ. შედეგად კი რამოდენიმე წელიწადში ჩვენი მოხუცების მოსავლელად რიგში დადგებიან ბერძენი, ესპანელი, ამერიკელი, თურქი და ა.შ. ქალბატონები!

იბერიის გაბრწყინება მხოლოდ მითი არ არის ჩემი კარგებო!
იგი რეალურად “ლარიანის გადამისამართებით” იწყება!

 

PS

ჩემს 12 წუთიან ვიდეო გამოსვლაში სწორედ ამ თემაზე ვსაუბრობ. გამოსვლა შედგა 2016 წლის 8 აპრილს Business Georgia-ს, GITA-ს და მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე – “ინოვაცია და ციფრული ეკონომიკა”.

 

ავტორი: ტარიელ ზივზივაძე

ტარიელ ზივზივაძე

კონსულტანტი & ტრენერი & სპიკერი: “მე მეამაყება, რომ ჩემი მოკრძალებული წვლილი შემაქვს კარგ ქართულ საქმეში. მჯერა, რომ ეს დიდი ცვლილებების დასაწყისია!”