ამ თემაზე დროს არც კი დავხარჯავდი, რომ არა ერთი მეტად საინტერესო Live, რომელსაც რამოდენიმე საათის წინ შევესწარი. მეტად საინტერესო ხალხი იყო შეკრებილი IHUBS-ის მიერ და საქართველოში სტარტაპების პრობლემებზე და სიტუაციიდან გამოსავალზე მსჯელობდნენ. დაილოცა Facebook, რა კარგი მოფიქრებაა ეს Live ჩართვები … მოკლედ, მეც იქ ვიყავი და კომენტარი იქ მივაწერე. კომენტარმა კი იმდენი მოწონება მიიღო, რომ ჩავთვალე KAR.GE-ზე გამოტანად ღირდა. ცოტა „გადავალაგე“ და აი ისიც … მე ჩემს აზრს მოგახსენებთ, შეგიძლიათ არ დამეთანხმოთ რა თქმა უნდა.
5 რამეში ცდებით ქართველი სტარტაპერები და მათი „მამები“
- ბევრი სტარტაპი წუწუნებს ფულზე, რომ ფული არაა. მე არ ვფიქრობ, რომ სტარტაპის მთავარი პრობლემა საქართველოში დღეს არის უფულობა … ირგვლივ თუ მიმოვიხედავთ სხვა ქვეყნებშიც არის ფულის პრობლემა, სხვაგანაც რთულია დაარწმუნო ინვესტორი. რატომ უნდა ჩადოს მან თქვენს სიახლეში ფული, თან ისეთ სიახლეში, მისგან ღმერთმაც რომ არ იცის რა გამოვა?
- მე არ ვფიქრობ, რომ სტარტაპის მთავარი პრობლემა არის საქართველოში არსებული არახელსაყრელი გარემო … მსოფლიოში საქართველოზე მეტად ჩამორჩენილი ქვეყნები არიან. მე ამას ვუყურებ როგორც მოცემულობას და ვმუშაობ მასთან. მართლა გგონიათ, რომ სხვა ქვეყანაში რომ დაბადებულიყავით უკეთეს გარემოში მოხვდებოდით?
- შეცდომაა, თუ ვინმე ფიქრობს, რომ სტარტაპის პრობლემა არის “უშანსობა”, რომ ვინმე დააინტერესო … გამოაცხვეთ იდეა, რომელიც პრობლემას უნიკალურად გადაჭრის და მიწიდან ამოგთხრიან მსოფლიო მასშტაბით. უამრავი კონკურსი ტარდება, სადაც სულ იმას უყურებენ რამე ახალი აღმოაჩინონ. ბოლოს რომელში მიიღეთ მონაწილეობა?
- შეცდომაა თუ ვინმე ფიქრობს, რომ ვინმე სტარტაპერი გურუს წარმატების ისტორია რამეში გამოგადგებათ გარდა ინსპირაციისა. მიუხედავად იმისა, რომ ეს „ბოლი“ კარგად იყიდება, იმ გურუს ისტორია უშუალოდ მისია, და ხშირად მისი ფასეულობა აქაური სტარტაპერისთვის ნულია. არასწორი ხალხისგან ხომ იღებთ მაგალითებს მეგობრებო?
- მაგრამ მთავარი შეცდომა რაც მე მგონია არის შემდეგი: აქ ფიქრობენ, რომ საქართველოში სტარტაპის ბაზარი უნდა იყოს მხოლოდ საერთაშორისო და არა ადგილობრივი, რომ ადგილობრივი ბაზარი არ არის საინტერესო. მე პირადად think global, act local უკეთესი მიდგომა მგონია, ვიდრე think global, act global. რატომ არ ქმნით რამეს ადგილობრივი ბაზრისთვის? თუ გგონიათ ეგრევე მაღლა და მაღლა აიჭრებით?
ჩემი აზრით სტარტაპის მთავარი გამოწვევა დღეს საქართველოში არის არა უფულობა, ან არახელსაყრელი გარემო, ან შანსის უქონლობა, არამედ ისეთი იდეის მოფიქრება, რომელიც ისეთ კონკრეტულ პრობლემას გადაუჭრის სამიზნე აუდიტორიას, რომლის გადაჭრაშიც ეს სამიზნე აუდიტორია ფულს გადაიხდის. იდეა, რომელიც იქნება პროგრესის ზღვარზე და შემდეგ მისი სწრაფად დაქოქვა/მასშტაბირება ბიზნესში.
მე გთავაზობთ ასეთ გამოსავალს:
- მუდმივი განათლება, მუდმივი! ყოველ დღე, ყოველ წამს! პულსზე მუდმივად უნდა გედვას თითი და ელვის სისწრაფით ამუღამებდე ყველა სიახლეს მსოფლიოში, რომ რამე უნიკალური მოიფიქრო;
- როგორც კი პროგრესის ზღვარზე ამ უნიკალურს მოიფიქრებ [სხვაზე ადრე რა თქმა უნდა], უნდა შეგეძლოს მისი სწრაფად “გამოცხობა”, დატესტვა, “გასროლა” და მასშტაბირება უკვე ბიზნესში;
ეს ის რეცეპტია, რომელიც ბოლომდე ჯერ ჩემს საქმეშიც კი ვერ დავამუღამე, მაგრამ ვსწავლობ მეც …
PS
განვმარტო რა არის სტარტაპი? თუ იცით?