ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
სინორი

სინორი – ნოყიერი სადილი

ქართულია & kar.ge!

ქართული სამზარეულოს სავაჭრო დახლებზე აბარგების პროცესი ერთობ ზანტად მიმდინარეობს. ტრადიციული გემოს შენარჩუნება მეწარმისათვის ხდება აუცილებელი პირობა ბაზარზე წარმატებული ოპერირებისათვის.

ის, რასაც ჩვენი პირის გემო აღიარებდა საუკუნეების მანძილზე, კომერციულ დახლთან ურთიერთობისას მალფუჭებად საქონლად გარდაიქმნება და წარმოშობს მომზადების ტექნოლოგიის გადამუშავების საჭიროებას, რათა შენახვის ვადების გახანგრძლივება გახდეს შესაძლებელი.

თუმცა, ჩვენს სტუმართმოყვარე კულტურას შენახვის ხანგრძლივი ვადების მქონე სასურსათო შინაწარმოებაზე ტექნოლოგიების აღზევების ეპოქამდეც უზრუნია.

სინორი უფუარი ცომის უთხელესი, კარგად გამომცხვარი, გადახვეული და თანაბარ რგოლებად დაჭრილი ერთგვარი მომცრო რულეტებია. ის ნახევარფაბრიკატს წარმოადგენს. მისი შენახვა მშრალ პირობებში ორ თვემდე შეიძლება და საამისოდ არანაირი განსაკუთრებული ტექნოლოგიის გამოყენება არ დაგჭირდებათ.

მისი მომზადების ბევრი რეცეპტი არსებობს. ყველაზე მარტივი და ჩემი აზრით, საუკეთესო ვარიანტია კარაქის, ნადუღისა და მცირეოდენი მდუღარე წყლის დამატება. როცა ფენები გაქვს მზად, დასაგემოვნებელ კონდიციაში მიყვანამდე მხოლოდ 10 წუთია საჭირო.

აი ფენების მომზადება კი საკმაოდ შრომატევადი პროცესია. მართალია ბებიაჩემი საუკეთესოდ ჩახვეულ სინორს აცხობს, მაგრამ მისი 82 წელი ალტერნატივების მოძებნის საჭიროებას ქმნის.

თურმე, შპს „ლომანა“ ამაზე უკვე ზრუნავს. როგორც ჩანს, მეწარმემ კანონთან კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად იურიდიული სტატუსი მოიპოვა და წყნარად, ამბიციებისა და საიმიჯო კამპანიებსაგან იზოლირებულ რომელიღაც თონეში აკეთებს თავის, სავარაუდოდ, საკმაოდ მცირე შემოსავლიან და გემრიელად სასარგებლო საქმეს და მზადაა დაკმაყოფილდეს ლოკალურ წრეებში ბიზნესმენად აღიარებით.

პროდუქცია აჭარაში, მეტნაკლებად განვითარებულ ურბანულ ზონებში განლაგებულ სუპერმარკეტებში ასე თუ ისე იპოვნება. შეფუთვაში 5-6 ადამიანისათვის საკმარისი ულუფაა და 1.20 ლარი ღირს.
სწრაფად, იაფად და მარტივად გემრიელად ნოყიერი სადილი გამოგივათ.

იყიდეთ და წაახალისეთ ქართველი მცირე მეწარმეები, იქნებ უფრო დიდი გეგმებიც დაისახონ მიზნად და ერთად დავაშენოთ კენჭები ქართული ეკონომიკისა და გასტრონომიული ტრადიციების აღზევების გოდოლს.

ჩემი რეკომენდაცია შპს „ლომანას“ მენეჯმენტს: გააკეთეთ ფეისბუქზე საინფორმაციო გვერდი, აიყვანეთ კომუნიკაბელური სოციალური გვერდის მენეჯერი, მოუყევით დანარჩენ საქართველოს სინორის smart რეცეპტები და გააფართოვეთ თქვენი ბაზარი.

 

დაძებნეთ, იყიდეთ, გასინჯეთ და თქვენი აზრი გაგვიზიარეთ : )

მადლობა რომ კითხულობთ ამ ტექსტს. პატივი ვცეთ ქართულ წარმოებას და ვიყიდოთ ქართული წარმოების პროდუქცია, იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს ვეხმარებით.