ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

რა სარგებლობა მოაქვს ბოჩოლის გაზრდას?

ამ სტატიის უმთავრესი ამოცანა არ არის ვარკვიოთ #ვისიბოჩოლავისია ან შევაფასოთ მთავრობის გადაწყვეტილება 140 კგ-მდე პირუტყვის ქვეყნიდან ექსპორტის აკრძალვის თაობაზე.

ეს სტატია არის მცდელობა შენ, მოაზროვნე ადამიანს დაგანახო რა სარგებლობა მოაქვს ბოჩოლას გაზრდას 1) მომგებიანობისა და 2) ქვეყანაში დამატებული ღირებულების შექმნის თვალსაზრისით ფერმერისთვის, ფერმის როგორც ბიზნესისთვის და ქვეყნისთვის მთლიანად, რათა საერთო სარგებელი იყოს მეტი.

სტატიის შექმნაში მონაწილეობა მივიღეთ მე – ტარიელ ზივზივაძემ და ბექა გონაშვილმა. ამ საქმეში კი ჩვენი ცოდნის, უნარების და მიდგომების გარდა განსაკუთრებით გამოგვადგა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებსაიტი – geostat.ge.

ძირითადი სტატისტიკით დავიწყოთ

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით 2013-2017 წლებში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა საქართველოში 1,229,700 ერთეულიდან 909,700 ერთეულამდე შემცირდა (2018 წლის მონაცემი ჯერ არ არის გამოქვეყნებული). ეს ისტორიული მინიმუმია ბოლო 12 წლის მანძილზე და ჩვენ კიდევ არ ვიცით რამდენად გააუარესა რიცხვები 2018 წელს ქვეყნიდან ექსპორტზე 127,000 ერთეულზე მეტი ბოჩოლის გაყვანამ, რომელთა საშუალო წონა 115-120 კგ შორის მერყეობდა.

საქართველოში დარჩენილი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის საერთო რაოდენობიდან მიახლოებით 540,000 ფური და ფურკამეჩია. წელიწადში საშუალოდ 500 ათასამდე ხბო იბადება, აქედან 50/50 საფურე-სახარე. აქ ჯიშებში დიდი არეულობაა. სახორცეა თუ მერძეული მკვეთრი დაყოფა აქ არ არის.

დაბადებული (ჯიშარეული) ხბო მიახლოებით 20-35 კგ იწონის 1-2 კვირის თავზე. თუ მათი საბაზრო ფასი ადრე იყო 200 ლარი, ბოლო პერიოდში ეს ფასი 300-350 ლარამდე ავიდა მოთხოვნიდან და რეგიონიდან გამომდინარე.

ხელოვნური განაყოფიერებით საქართველოში წელიწადში იბადება 5-6 ათასი ჯიშიანი ხბო. ხელოვნურ განაყოფიერებას უფრო ინტენსიური ფერმები მიმართავენ. ეს ჯიშიანები ერთია რომ ფიზიკურად დიდები იბადებიან (1-2 კვირის თავზე 55 კილომდე ადიან), მეორეა რომ ფასიც მაღალი აქვთ (800 ლარამდე სახარე და 1000 ლარამდე საფურე ღირს). ამ მიმართულებას სტატიაში შეგნებულად არ შევეხებით ვინაიდან საერთო სურათზე ეს დიდ ზეგავლენას ვერ ახდენს.

მწვავე პრობლემა

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წლებია მცირდება და დღეს 12 წლის ისტორიულ მინიმუმზეა დასული, ექსპორტი კიახალგაზრდავდება“. დიდი მიხვედრილობა არ სჭიდება იმას, რომ ეს უცილობლად გამოიწვევს დარგის დაზარალებას სხვადასხვა მიმართულებით (ხორცის წარმოების მეტად შემცირება, რძის წარმოების მეტად შემცირება, მასშტაბის ეკონომიის ხარისხის გაუარესება საწარმოო სექტორში), ხორცის / რძის იმპორტის ადექვატურად ზრდას და ვალუტის გადინებას, მესაქონლეობის დარგის მიმართ ისედაც მყიფე ინტერესის კიდევ უფროგანელებას“, უმუშავრობის ზრდას, სოფლების მეტად დაცლას, ქვეყნისგან მოსახლეობის მეტ ემიგრაციას და ..

მაშ, სადაა ფული?

ახლად დაბადებული ხბო რომ გახდეს 80 კილო (ჯიშარეული, 20-35 კილოიანი, რომელიც 200 ლარი ღირდა და ეხლა 300-350 ლარი ღირს), სჭირდება 3-4 თვე და მიახლოებით 300 ლარის რძე. ასეთი ხბოს საბაზრო ფასი უკვე 600 ლარამდე ადის. გლეხს / ფერმერს უღირს 80-100 კილომდე გაზრდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რძე აქვს და არ/ვერ ყიდის ან არ იყენებს იმ რძეს თვითონ. მთლიანობაში აქ ზრდაში დამატებითი მოგება ვერ კეთდება. ანუ, დიდი მნიშვნელობა არ აქვს 1-2 კვირის 20-35 კილოიან ხბოს გაყიდი 300-350 ლარად თუ 3-4 თვის 80-100 კილოიან რძეზე გაზრდილ ბოჩოლას გაყიდი 600 ლარად. სხვაობას მაინც თვითონ იხდი რძეში (300 ლარის რძე სჭირდება).

80 კილოიანი ბოჩოლა რომ გახდეს 140 კილო, ფერმერს უჯდება 2-3 თვე და 1) მწყემსის ფასი 35 ლარი, 2) ვეტერინარული წამლების 15 ლარი, და 3) ტრანსპორტირება და სხვადასხვა ხარჯი 15 ლარი. ზრდა აქ მიიღწევა ძირითადად საძოვრის ხარჯზე (სოფლის საძოვარი). ამ წონის საქონლის საბაზრო ფასი 800 ლარამდე ადის. ანუ, 80-დან 140-მდე ზრდის შემთხვევაში გასაყიდი ფასნამატია საშუალოდ 200 ლარი (800-600), ხარჯი კი საშუალოდ 75 ლარი (35+15+15). ჯამში ერთ სულზე პლიუსია 125 ლარი (200-75). ეს ნიშნავს იმას, რომ ათ 80 კილოიან ხბოს თუ იყიდი, აიყვან 140 კილოზე თითოს და შემდეგ გაყიდი, ჯამში სუფთად დაგრჩება 1,250 ლარი.

140 კილოიანი ბოჩოლა რომ გახდეს 250 კილო, ფერმერს უჯდება 5-6 თვე და 1) მწყემსის 70 ლარი, 2) თივა 45 ლარი, 3) საძოვრის 25 ლარი, 4) ვეტერინარული წამლები 15 ლარი, 5) ტრანსპორტირება და სხვა ხარჯები 15 ლარი. ასეთი საქონლის საბაზრო ფასი ხდება 1250 ლარი. ანუ, 140-დან 250-მდე ზრდის შემთხვევაში გასაყიდი ფასნამატია საშუალოდ 450 ლარი (1,250-800) სულზე, ხარჯი კი 170 ლარი (70+45+25+15+15). ჯამში ერთ სულზე პლიუსია 280 ლარი (450-170). ეს ნიშნავს იმას, რომ ათ 140 კილოიან ბოჩოლას თუ იყიდი, აიყვან 250 კილოზე თითოს და შემდეგ გაყიდი, ჯამში სუფთად დაგრჩება 2,800 ლარი.

250 კილოიანი საქონელი რომ „შესვა კორმაზე“ და გაასუქო 400-420 კილომდე ამას სჭირდება 4 თვე და 1) 500 ლარის საკვები, 2) მომვლელის / პერსონალის ხარჯი 100 ლარი, 3) სხვადასხვა ხარჯები 20 ლარი. სუფთა ხორცი გამოვა 210-220 კილო, რომელსაც ფერმერი გაყიდის 2,500 ლარად. ანუ, 250-დან 420-მდე გასაყიდი ფასნამატია 1,250 ლარი (2,500-1,250), ხარჯი კი 620 ლარი (500+100+20). ჯამში ერთ სულზე პლიუსია 630 ლარი (1,250-620). ეს ნიშნავს იმას, რომ ათ 250 კილოიან ბოჩოლას თუ იყიდი, აიყვან 420 კილოზე თითოს და შემდეგ გაყიდი, ჯამში სუფთად დაგრჩება 6,300 ლარი.

ორი მთავარი დასკვნ (მაგალითის საფუძველზე)

1. 100,000 ერთეული 140 კილოიანი ხბო რომ ვიყიდოთ საქართველოში, გავასუქოთ და საჭირო დროს ხორცად „გავუშვათ“: 1) ფერმერის სუფთა მოგება ამ ბიზნესიდან იქნება 100,000 * (280 + 630) = 91,000,000 ლარი, 2) მწყემსების ხელფასში დაიხარჯება 100,000 * 70 = 7,000,000 ლარი, 3) თივაში დაიხარჯება 100,000 * 45 = 4,500,000 ლარი, 4) საძოვრების გადასახდელი იქნება 100,000 * 25 = 2,500,000 ლარი, 5) ტრანსპორტირება და სხვა ხარჯი გამოვა 100,000 * (15+20) = 3,500,000 ლარი, 6) ვეტერინარული წამლები და მომსახურება 100,000 * 15 = 1,500,000 ლარი, 7) საქონლის სპეციალური საკვები 100,000 * 500 = 50,000,000 ლარი, 8) მომვლელის / პერსონალის ხარჯი 100,000 * 100 = 10,000,000 ლარი. ანუ, ჯამში საქართველოში შეიქმნება 170 მილიონი ლარის (91 + 7 + 4,5 + 2,5 + 3,5 + 1,5 + 50 + 10) დამატებული ღირებულება (სიმარტივისათვის გადასახადებს არ ვეხებით).

2. 100,000 ერთეული 140 კილოიანი ხბო რომ ექსპორტზე გავიდეს აქაურ გლეხს / ფერმერს მაქსიმუმ გადაუხდიან 100,000 * 140 * 5 (1 კგ ცოცხალი წონა მაქსიმუმ 5 ლარი ღირს) = 70,000,000 ლარს. თუ ექსპორტიორი ხორცად გაყიდის, სწრაფ მოგებას აიღებს რომელიმე ბაზარზე, მაგრამ თუ “იქ” გაასუქებს და ჩვემს მიერ ზემოთ აღწერილ გზას დაადგება, ჩათვალეთ, რომ მთელი დამატებითი ღირებულება, დასაქმება, მოგება და ა.შ. სხვა ქვეყანაში შეიქმნება (ჩვენს ხარჯზე). პლიუს, შეიძლება საქართველოში უკანვე შემოიტანოს ხორცი და აქეთ მოგვყიდოს.

მეგა დასკვნა

100,000 ერთეული 140 კგ წონის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის საქართველოში გაზრდა და სახორცედ გაყიდვა საქართველოდან მის ექსპორტთან შედარებით უფრო მომგებიანიცაა (91 მილიონი ლარი სუფთა მოგება ფერმერს 70 მილიონის საპირწონედ) და საქართველოს ეკონომიკაში დამატებულ ღირებულებასაც მეტს ქმნის ჯამურად (170 მილიონი ლარი 70 მილიონის საპირწონედ). ცალკე შეგვიძლია ასევე ვიანგარიშოთ დამატებითი დადებითი ეფექტები: გაიზრდება ადგილობრივი ხორცის და ხორცპროდუქტების წარმოების მოცულობა, გაიზრდება რძის და შესაბამისად რძის პროდუქტების წარმოების მოცულობა, გაუმჯობესდება მასშტაბის ეკონომიის მაჩვენებელი წარმოებებში, მესაქონლეობის დარგის მიმართ გაიზრდება ინტერესი, გაიზრდება დასაქმება, მეტი ადამიანი დამაგრდება მომგებიან საქმეზე (სოფელში), შემცირდება ქვეყნიდან გაქცევის სურვილი.

PS

  1. მთავრობის მიერ 140 კგ-მდე ბოჩოლების ექსპორტის აკრძალვა რას შეცვლის ღმერთმა იცის იმიტომ, რომ მონდომებული ექსპორტიორი 141 კილოიან ბოჩოლასაც კარგად გაიყვანს თუ მოინდომებს;
  2. ხორცზე მოთხოვნის თემაზე არ ვსაუბრობთ შეგნებულად. ერთია რომ ეს არაა ჩვენი მიზანი, მეორეცაა, რომ ამ ნიუანსს მყიდველი და მწარმოებელი / მიმწოდებელი დაარეგულირებენ ავტომატურად;
  3. ხორცზე ფასების ზრდის თუ შემცირების ანალიზიც არაა ამ სტატიის თემა. ხორცის ფასი რა მიმართულებითაც არ უნდა შეიცვალოს აქ ნულოვანი ჯამია და ქვეყანაში დატოვებულ საერთო სარგებელს ეს არ ცვლის;
  4. ექსპორტის შემცირება თუ მოხდა არც ეს არის ამ შემთხვევაში დიდი უბედურება. ხორცის იმპორტის მაჩვენებლებს რომ ჩახედოთ, გული გაგისკდებათ. არ გავა ექსპორტზე ბოჩოლა? არა უშავს, ქვეყნის შიგნით გაიზრდება, ხორცად მოიხმარება და იმპორტი შემოვა ნაკლები. აქაც ნულოვანი ჯამია და ქვეყანაში დატოვებულ საერთო სარგებელს ეს არ ცვლის;