ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

მიწის გადასახადის ზრდა აამოძრავებდა საქართველოს სოფლის მეურნეობას?

ეს სტატია 3 მაისს დავწერე, როცა აღდგომის დღესასწაულის შემდეგ ოჯახით თბილისში დავბრუნდი. აქვე ვიტყვი, რომ აღდგომა ჩემთვის ერთადერთი დღესასწაულია, სადაც მთელი ნათესაობის ერთად ხილვაა შესაძლებელი. თან იმ დღეებში ბაღდათი-ხონი-ვანის მაგიური სამკუთხედი შემოვიარე, ხალხში გავერიე, გზად არემარე კარგადაც ვათვალიერე და გადავწყვიტე ეს დამეწერა.

1. გზად მანქანით მოძრაობისას ვხედავდი, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწების დიდი ნაწილი დამუშავებულიც არ იყო. არადა მაისი დაწყებული იყო, დახნული მაინც ხომ უნდა ყოფილიყო? ქვეყნის სხვა ნაწილებში მდგომარეობა არ ვიცი, მაგრამ თბილისიდან გზის გასწვრივ და განსაკუტრებით იმერეთის ბაღდათი-ხონი-ვანის მაგიური სამკუთხედში მეტად ჩამაფიქრებელი სურათი დავინახე. არადა კარგად მახსოვს 2013 წელი, როცა ხვნა-თესვის პროგრამა პირველად გაკეთდა რა დღეში იყო არემარე, ყველაფერი დამუშავებული იყო, მიტოვებული მიწის ნაგლეჯიც არ ჩანდა.

მიჩნდება შეკითხვა: რატომ ხდება ასე? რატომ არ ამუშავებს ხალხი მიწებს? ხომ არსებობს სახელმწიფო მხარდაჭერა, მაგალითად მიწის დახვნაში ხომ ეხმარებიან?

2. ვიკითხე სანათესაოში. პასუხი: დახვნა მარტო ხომ არ არის? სხვა ხარჯიც ხომ ბევრი აქვს სასუქიდან დაწყებული დაფქვით დამთავრებული? შრომისუნარიანი ახალგაზრდები გარბიან სოფლიდან საზღვარგარეთ სამუშაოდ და ვინ აკეთოს ეს ყველაფერი? წელიწადში ჰექტარზე 400 ლარი მოგებისათვის განა ღირს წვალება და სიმინდის დათესვა?

მიჩნდება შეკითხვა: სხვა რამე რომ გააკეთო? თხილის/კაკლის ბაღი, სათბური, ფერმა? [თან გზაზე აშკარად შევამჩნია, რომ სათბურების რაოდენობა მკვეთრადაა მომატებული ბოლო 2 წლის მანძილზე]

3. რა თქმა უნდა ფიქრობს სხვა, უფრო მომგებიან თემაზე, მაგალითიად თხილის ბაღის გაშენებაზე, მაგრამ მიწა აქვს ცოტა, მეზობელი არ ყიდის, თვითონ კი რამოდენიმე ნაკვეთის სხვადასხვა ადგილზე შეძენაში დიდ აზრს ვერ ხედავს. თან თუ გინდა მოგებაზე გახვიდე ნებისმიერი საქმიანობიდან, რაღაც მასშტაბი გინდა. მასშტაბს სხვა გამოწვევები მოჰყვება: ტექნიკა უნდა, მუშახელი, მეტი ინვესტიცია, მეტი განათლება … ესენი კი ერთად ჰქონდეს კომპლექტში ადვილი არაა. ინიციატივიანი ცოტაა, შემძლე კიდევ უფრო ცოტა, მცოდნე კიდევ უფრო ცოტა, შემსრულებელი კი კიდევ უფრო ცოტა.

და მიჩნდება მთავარი შეკითხვა: რა აამოძრავებს საქართველოს სოფლის მეურნეობას?

ჩემი აზრით სოფლის მეურნეობა საქართველოში, რომელიც მოსახლეობის 52% არის დაკავებული დღემდე რჩება ერთ-ერთი ყველაზე ჩამორჩენილი სფეროდ საქართველოში და მიუხედავად ამ სფეროში ბოლო წლების განმავლობაში სახელმწიფოს მხრიდან ჩადებული, არა, ჩაქცეული ენერგიისა, ადექვატურ ნაყოფს არ იძლევა. ოღონდ, ერთი-ორი უნარიანი ადამიანის მიერ საკუთარი პროდუქტის ევროპულ ბაზარზე გატანას ნუ ამიფრიალებთ ეხლა. ხალხს სოფელში ძალით ვერ დააბრუნებ. ფინანსურად უნდა ჰქონდეს აზრი ადამიანის მიერ სოფელში ბიზნესის წამოწყებას და კეთებას.

შესაძლო „წამალი“

5 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო მიწების მფლობელები გათავისუფლებული არიან გადასახადებისგან. რომ არ გაათავისუფლო? მეტიც, დაუმუშავებელ მიწაზე კიდევ მეტი რომ იყოს გადასახადი? წასულია და მუშაობს თურქეთში, მიწას კი მიტოვებული აქვს დაუმუშავებელი, იმიტომ რომ არაფერი უჯდება მისი „უსარგებლოდ გდება“. აი როცა „საჭმელს მოთხოვს“ მერე ხომ ამოძრავდება და თუ არ „ამუშავებს“, სხვას მაინც არ გადასცემს დროებით? იქნებ გაყიდვის მეტი მოტივაცია მიეცეს? ამის შემდე იქნებ უნარიან და ფულიან ადამიანებს მოტივაცია მიეცეთ წავიდნენ სოფელში და წარმოება გააკეთონ?

მეთანხმებით?
არ მეთანხმებით?
თქვენ რას იტყვით?