ქართული სოფელი აუღებელი ციხეა! არაეფექტურობა, არაეფექტიანობა, ჩამორჩენილობა და კიდევ ბევრი მიზეზია იმისა, რომ ქართული სოფელი ნელა ვითარდება. თუმცა, სანამ ამ თემაზე გავაგრძელებ ერთი ძალიან საინტერესო ისტორია მოგიყვეთ თუ როგორ დანერგა ფრიდრიხ დიდმა [პრუსიის მეფე მე-18 საუკუნეში] პრუსიის გლეხობაში კარტოფილის მოყვანა.
ფრიდრიხ დიდს იმდენად სჯეროდა კარტოფილის სარგებლიანობისა, რომ ყველგან კარტოფილს არიგებდა და თან თავისი ხელით. რეალური პრობლემა იმაში იყო, რომ გერმანელებმა გლეხებმა ვერ „დაუმუღამეს“ კარტოფილს და ცოცხალი თავით არ თესავდნენ მას. დიდი ძალისხმევის მიუხედავად საქმე წინ არ იძვროდა.
ჰოდა, ერთ დღესაც ფრიდრიხმა ხერხი იხმარა: ბერლინის სასახლის შემოგარენში ჯარისკაცებს ვრცელ ველებზე დაათესინა კარტოფილი და დაცვაც დააყენა. ოღონდ იმავდროულად გააფრთხილა, რომ ადამიანებისათვის კარტოფილის მოპარვის შესაძლებლობა მიეცათ.
„ჩაირთო“ ინტერესი! გლეხობა ჩააფიქრა მეფის ამ ნაბიჯმა. დაეჭვნენ თუ რითია კარტოფილი ასეთი „მნიშვნელოვანი“ კულტურა და იქვე ჩაირთო ადამიანის „მომპარავი“ ბუნება. გაჭრა! იმდენად წარმატებული იყო ეს ფანდი, რომ ფრიდრიხ დიდის საფლავზე პრუსიაში დღესაც კი კარტოფილს აგორებენ პატივისცემის ნიშნად.
ეს რატომ მოგიყევით …
გლეხი არის სიტყვა, რომელიც ისეა „აკრული“ ქართულ სოფელთან, რომ პრაქტიკულად ყველა, ვინც კი ქართულ სოფელში ცხოვრობს გლეხად ითვლება. სიტყვა გლეხი ჩემთვის ასოცირდება სოფელში მიწაზე მომუშავე ადამიანთან, რომელსაც თავის [ან სხვის] მიწაზე მოჰყავს იმდენი, რამდენიც მის გამოკვებას სჭირდება, რამდენიც არსებობისთვის არის საჭირო. იგი სისტემატურად არ/ვერ ქმნის პროდუქტს ბაზრისთვის, არ იყენებს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას ეფექტურად, არ იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს, არ ვითარდება, არაეფექტიანად საქმიანობს, არ სწავლობს და მხოლოდ იმ „მამაპაპურ ტექნოლოგიებზეა“ ჩამოკიდებული, რომელთა 90% მინიმუმ მორალურად დაძველდა.
სამაგიეროდ ძალიან მომწონს სიტყვა ფერმერი და ის „აურა“, რაც ამ სიტყვას მოჰყვება. ეს არის ადამიანი, რომელსაც თავისთვის საკმარისი შინამეურნეობა კი არ აქვს, არამედ აქვს ფერმერული მეურნეობა; პროდუქტს მარტო თავისი ოჯახისათვის კი არ აწარმოებს, არამედ მნიშვნელოვნად გაზრდილი მასშტაბით აწარმოებს და ბაზარზე გააქვს; იყენებს თანამედროვე ტექნიკას, ტექნოლოგიას, ვითარდება, სწავლობს, ფართოვდება, ეფექტურად და ეფექტიანად მუშაობს, იცის მართვა/ბაზარი და შესაბამისად შემოსავალიც მეტი აქვს საიმისოდ, რომ კიდევ უფრო წინ წავიდეს და იცხოვროს.
მე ვფიქრობ, რომ პრინციპული მნიშვნელობა აქვს ამ ორი სიტყვის მნიშვნელობის გამიჯვნას და სწორად დაყვანას საზოგადოებამდე. იყო გლეხი და ყველაფერი რაც მასთან ასოცირდება უნდა ცალსახად გამოცალკევდეს და „დაიდაღოს“ როგორც „დროს ჩამორჩენილი“, ხოლო სიტყვა ფერმერი, ფერმერები და ყველაფერი რაც ფერმერულ მეურნეობას უკავშირდება, უნდა ისე „ამაღლდეს“, რომ ფერმერობა იყოს ოცნება, მიზანი, რომლის მიღწევა არის უკვე სვლა წინ, კეთილდღეობისაკენ. გაითვალისწინეთ ეს სათანადო საინფორმაციო კამპანიების წარმოებისას.