ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ბონატი

ბონატი – პროდუქტი პერსპექტიულია, შესრულება კი …

გუშინ შევიძინე უგემრიელესი ბონატი – ძალიან პერსპექტიული თხილის პროდუქტი და მინდა ჩემი მოსაზრებები გაგიზიაროთ. მწარმოებელი არის GPRNUTS – ჯორჯიან პროდაქტს რენესანს, ხობში. ბოდიშს ვიხდი, თუ ყველა მოსაზრება დადებითი ვერ დავწერე, თუმცა გამოვდივარ მოსაზრებიდან: „მოყვარეს პირში უძრახე, მტერს პირს უკანაო“.

თხილი – საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი საექსპორტო პროდუქტია, რომლის ექსპორტი წლიდან წლამდე იზრდება. თუმცა გაიტანო თხილი ექსპორტზე როგორც ნედლეული ერთია, ხოლო შექმნა მისგან კონკრეტული და დახლზე დასადები პროდუქტი თავისი შეფუთვით და ღირსეული მარკეტინგული მხარდაჭერით მეორე. ნედლეულის გადამუშავებით და მისგან მზა პროდუქტის შექმნით მოგებაც მეტი რჩება და განვითარების სხვა დონეზეც გადიხარ.

რამ გამახარა, თან ძალიან?

  • ნახევრად დატეხილი დამარილებული თხილების შეფუთვების წარმოება გადასარევი იდეაა. იმდენად გადასარევი, მყიდველი უეჭველი რომ იყიდის. მით უმეტეს როცა ქართულია. აი ეს პროდუქტი ზუსტად ისაა, ლუდზე რომ უეჭველი უნდა იყიდო;
  • ცოცხალი შეფუთვის ფერები. დახლს რომ გადახედავ აუცილებლად მოგხვდება თვალში შეფუთვის ფერი. მე პირადად ეს ფერი თხილისთვის არ მომწონს, მაგრამ ფაქტია, რომ განსხვავდება დანარჩენებისაგან. დახლზე განსხვავებულობის მიღწევა კი ადვილი არ არის;
  • მარილის გემო აქვს ძალიან საინტერესო, და არომატიც;
  • თხილის გემოც გადასარევია. მოხალული თხილი ისედაც გემრიელია და როცა თან დამარილებულია ხომ საერთოდ;
  • თხილის კაკლები არის დიდი, რაც ძალიან კარგია;
  • დახლზე არის ორი ვარიანტი: 125 გრამიანი და 250 გრამიანი, რაც ძალიან კარგია. მომხმარებელს არჩევანი აქვს;
  • პროდუქტი დახლზე პირდაპირ არ იდვა. მცირე ზომის ორიგინალური თაროები იყო მიდგმული დახლებზე გვერდიდან, რაც აშკარად თვალში მოსახვედრია;

მიუხედავად ამ დადებითი თვისებებისა, არის სერიოზული მინუსები, რომლებსაც ღიად ვწერ. ხაზს ვუსვამ: თუ ესენი არ გამოსწორდა, წარმატება ამ პროდუქტს არც საქართველოში და არც მის გარეთ არ უწერია:

  • სახელი ბონატი ასოცირდება დონატთან. დააკვირდით Google Image Search-ს. აშკარაა, რომ სათანადო ენერგია არ არის ჩადებული ნეიმინგში, ანუ სახელის დარქმევაში;
  • ლოგო პრაქტიკულად არ არის. ის, რაც ეტიკეტზეა, ლოგოს გაკეთების „მცდელობაა“. აშკარაა, რომ ვიზუალურ ბრენდინგში სათანადო ენერგია არ ჩაიდო;
  • შეფუთვაზე ტექსტი არ ირჩევა, უხეში შეფუთვაა, დახლზე ჩამოსაკიდებელი ხვრელიც არ არის გახსნილი. აშკარაა, რომ შეფუთვის რიგიანად გაკეთების ტექნოლოგია მოიკოჭლებს;
  • 125 გრამიანში დაახლოებით 10-ზე მეტი მარცვალი იყო გაფუჭებული [შავი, დამწვარი ან უვარგისი]. მიუღებელია ეს! ეს ნიშნავს, რომ ხარისხის კონტროლი ძაააალიან მოიკოჭლებს. ერთხელ მოტყუვდება ადამიანი, მაგრამ მეორედ პროდუქტს არავინ გაეკარება. არადა მწარმოებელ კომპანიას ISO 22000 ხარისხის სერტიფიკატი ჰქონია [ეტიკეტზე მითითებულია];
  • წონის დიდი წილი რეალურად ნაჭუჭია; თხილი არის სქელ ნაჭუჭიანი, რაც ჩემი აზრით არ არის რეკომენდებული ასეთი პროდუქტისთვის;
  • გამჭვირვალე ზოლი შეფუთვაზე ულამაზოდ ჩანს. შიგნით კი ჩანს თხილი, მაგრამ გამჭვირვალე ცელოვანი შიგნიდან ისვრება და ძალიან უსიამოვნო გრძნობებს აღძრავს. ამას ჯობდა თხილის მადისაღმძვრელი სურათი გარედან ყოფილიყო ეტიკეტზე დატანილი. ელემენტარული შეცდომაა დაშვებული შეფუთვის დიზაინში;
  • თხილის ზოგი მარცვალი გატეხილი არ არის. თან მაგარ კანიანი თხილია. ასე არ შეიძლება. მაგარი კბილი და მაგარი თითები ბევრს არ აქვს. თხილის სატეხი გამოვყენოთ?
  • მწარმოებელი დისტრიბუციას ვერ აკონტროლებს. მე ეს პროდუქტი La Family-ში ვიყიდე. 125 გრამიან პაკეტს ფასი დახლზე 4.12 ეწერა, 250 გრამიანს კი 7.88. რეალურად კი ერთი მეორეს ფასები იყო არეული. სალაროსთან 20 წუთი დასჭირდა რომ გაესწორებინათ, ყველა შევაწუხე მოლარიდან მენეჯერამდე [მადლობა მათ რომ გამიძლეს]. მეტიც, აღმოჩნდა, რომ 4.12-იც არასწორად ეწერა და რეალურად 3.96 გადავიხადე 125 გრამიან შეფუთვაში;
  • ვებსაიტი და Facebook გვერდი აშკარად მიუხედავია;
  • ძვირია! 125 გრამიან პაკეტის ფასი 4 ლარი? ორჯერ დიდი კი ორჯერ მეტი ფასი? ამ ფასად თუ იცით რა ალტერნატივებია დახლზე?

მომიტევეთ, რომ პირდაპირ დავწერე ეს ყველაფერი, მაგრამ საქმისადმი ასეთ „ტრადიციულ“ დამოკიდებულებას გვერდს ვერ ავუვლიდი [მარკეტინგის სრულ უგულებელყოფას]. უმაგრესი პროდუქტი გაქვთ. გამოასწორეთ ეს შენიშვნები და ჩემზე მეტი თავგამოდებული მხარდამჭერი არ გეყოლებათ!