ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

Yes to IRISH, Made in Ireland, Supporting Irish Products, Love Irish Food, Guaranteed Irish

მე ეხლა ირლანდიაში ვმუშაობ და აქ ეგეთი წესი აქვთ, როცა მაღაზიაში პროდუქტს იყიდი და ჩეკს გაძლევენ ირლანდიაში ნაწარმოებ პროდუქტს სპეციალური ნიშანი აქვს. ასევე ბოლოში ცალკეა დაჯამებული თანხა რაც მხოლოდ ირლანდიურ პროდუქტში გადაიხადე. ასევე ბევრ რესტორანში და მაღაზიაში ხშირად ხაზს უსვამენ იმას რომ მაგალითად გამოყენებული ხორცი ირლანდიურია”-მოგვწერა გიორგი ჯვარიძემ, ჩვენებურმა, რომელიც ირლანდიაში მუშაობს.

ამ რამოდენიმე დღის წინ 2015 წელს ირლანდიის 7.8 % -იანი ეკონომიკური ზრდის მიზეზებს ვარჩევდი და აღმოვაჩინე, რომ 238 მილიარდ დოლარიანი მშპ და 111 მილიარდ ევროიანი ექსპორტის მთავარ მიზეზებად კი ექსპორტის და ინვესტიციების ზრდა დასახელდა არაერთი წყაროს მიერ. არცერთს არ უხსენებია ირლანდიელების დამოკიდებულება ირლანდიურის მიმართ, რომელიც მისაბაძია. არადა ირლანდიაში რამოდენიმე კამპანია, რომელიც ადგილობრივი წარმოების პროდუქციის გაყიდვების წახალისებისთვისაა შექმნილი:

გიორგის მეშვეობით კი ეს სურათები გვაქვს, სადაც ეს დამოკიდებულება კარგად გადმოიცემა. მადლობა გიორგის ამ ფოტოების მოწოდებისათვის.

ისტორია გვასწავლის, რომ ჯერ უნდა დაიბრუნო მოწინააღმდეგის მიერ შენთვის წართმეული ტერიტორიები [შიდა ბაზარი] და მერე გადახვიდე ახლის დაპყრობაზე. დავით აღმაშენებელმა, ან რომელიმე მეფემ მსოფლიოში, რომელმაც რომელიმე ქვეყანა გააერთიანა, ჯერ თავისი საკუთარი დაიბრუნა, და შემდეგ კი იგი გააფართოვა. თუმცა ისტორია ასევე გვასწავლის, რომ თუ ძალა გერჩის შესაძლებელია მოწინააღმდეგეს გაღმა შეედავო იმ მიზნით, რომ გამოღმა მოუგო. მაგალითად როგორც რომი შეიჭრა კართაგენში ჰანიბალის იტალიაში თარეშის დროს. ამის გამო ჰანიბალს იტალიის მიტოვება მოუხდა და კართაგენში დაბრუნდა, სადაც დამარცხდა კიდეც.

ირლანდია არის იმ დონეზე, როცა შიგა ბაზრიდან რისი დაბრუნებაც შეეძლო დაიბრუნა და უკვე გადასულია საერთაშორისო ბაზარზე ექსპანსიაზე. თუმცა თავის ბაზარს მაინც კბილებით იცავს, მიუხედავად იმისა, რომ ირლანდიის მთავრობას ამისათვის “კბილებშიც უთავაზეს” თავის დროზე. ისტორიის გაქექვისას ერთი საინტერესო ამბავი აღმოვაჩინე: თურმე 1982 წელს ირლანდიის მთავრობას თავისი კომპანია quango-ს მეშვეობით გაუკეთებია „Buy Irish“ კამპანია. საქმე ევროკავშირში განხილულა [Case 249/81] და მთავრობასაც „ყვითელი ბარათი უჩვენეს“ 2 მიზეზის გამო: 1) ქვეყნებს შორის ვაჭრობაში უხეშად ჩარევის და 2) „ხელქვეითი“ ბიზნესის მეშვეობით ამ კამპანიის კეთების გამო.

შიდა ბაზარზე ადგილობრივის პოპულარიზების თემა ირლანდიისთვის 1982 წელსაც საჭირო იყო. თუმცა ეს დღესაც გრძელდება მიუხედავად იმისა, რომ 238 მილიარდ დოლარიანი მშპ და 111 მილიარდ ევროიანი ექსპორტი აქვს და სრულად ინტეგრირებულია მსოფლიო სავაჭრო სისტემაში. ეს ერთგვარი ქვაკუთხედია, რომელზედაც აშენებ ექსპორტს.

აი ჩემი შეკითხვები საქართველოს მთავრობას:

  • განა ჭკვიანურია პრიორიტეტად გქონდეს ექსპორტი [2015 წელს 2,2 მილიარდი USD] და საერთოდ უყურადღებოდ მიტოვებული გქონდეს წელიწადში დაახლოებით 20 მილიარდ ლარიანი [სახელმწიფო შესყიდვები, მოსახლეობის დანახარჯები, ორგანიზაციების დანახარჯები] შიდა ბაზარი, რომლის 90% ოკუპირებულია იმპორტული პროდუქციის მიერ?
  • განა სწორია აფეტიშო უცხოური ინვესტიციები [1,8 მილიარდი USD მთავრობის რიცხვი, სტატისტიკის დეპარტამენტის საიტზე კი 1,35 მილიარდი USD-ა მითითებული] და ყურადღებას არ აქცევდე რეალურ ინვესტიციას, რომელსაც ქვეყანაში ადამიანები და ორგანიზაციები ხარჯავენ [მინიმუმ 24 მილიარდი ლარი წელიწადში], მეტიც, არც კი აღიქვამდე მას ინვესტიციად?

გამოწვევა შემდეგია: როგორ ჩავრთოთ ქართულ საქმეში საქართველოს მთავრობა და პოლიტიკური პარტიები ისე, რომ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ყვითელის ანთების შიში არ ჰქონდეთ?