ხელნაკეთ სუვენირულ პროდუქციას საქართველოში ძალიან ბევრი ამზადებს. მაგრამ ცოტა მათგანი თუ ახერხებს საკუთარი ნამუშევრების წარმოჩენას, კიდევ უფრო ცოტა კი გაყიდვას. სუვენირებად საქართველოში ყოველთვის იყიდებოდა ხმლები, ღვინო, ეროვნული ქუდები, და ა.შ. მაგრამ ამ საქმის პოპულარისების სერიოზული კამპანია მე არ მახსენდება. ანდა ვის უნდა გაეკეთებინა? მცირე მეწარმეს ამის ცოდნა, უნარები და ფული არ აქვს … მხოლოდ ერთეულები თუ გაბრენდნენ ამ თემაში, ისიც იმიტომ, რომ ბრენდი შექმნეს და იგი უნიკალური პროდუქტის შექმნით „გაამყარეს“ დროთა განმავლობაში.
ანუ ეს თემა ყოველთვის იყო თემა, მაგრამ ამ წლიდან მე მგონი განსაკუთრებულად გახდა „თემა“ იმდენად, რამდენადაც თბილისის მეწარმეობის განვითარების ცენტრი ძალიან დიდ აქცენტს აკეთებს [წელს დაიწყო] და გააკეთებს [მომავალი წლიდან] სფეროს პოპულარიზებაზე შემდეგი მიმართულებით: ქართული ხელნაკეთი ნაწარმი სასაჩუქრედ! ამ ორიოდე დღის წინათ ბნ. ალექსანდრე მარგიშვილთან, TESC-ის ხელმძღვანელთან შეხვედრისას დავრწმუნდი, რომ ეს თემა მართლაც „თემა“ ხდება.
და მეც გლდანი მოლს მივაშურე მიმდინარე გამოფენა-გაყიდვის სანახავად. ვნახე, დავასურათე და აქ გთავაზობთ. ცნობისათვის, პარალელური მსგავსი ღონისძიებები მიმდინარეობდა 1 კვირის განმავლობაში თბილისი ცენტრალშიც და თბილისი მოლშიც. სამწუხაროდ ბოლო დღე დღესაა, 30 დეკემბერს, მაგრამ თუ რომელიმე ნამუშევრის შეძენას მოისურვებთ TESC-ს დაგაკავშირება ადვილია მათივე Facebook გვერდის მეშვეობით.