ჩემი მწარე გამოცდილება 1:
კარგად მახსოვს 2007 … ხელოვნურად „გამსხვილებული“ კავკასუს ონლაინი ბაზრის 90%-ზე მეტს აკონტროლებდა. ენით აუწერელი საშინელი მდგომარეობა იყო მოწოდებული ინტერნეტის ხარისხის და მომსახურების დონის თვალსაზრისით. მე პირადად იმ დონეზე კონფლიქტში შევედი კაუკასუსთან, რომ ჩემი მაშინდელი ორგანიზაციის მხრიდან კონტრაქტის გაუქმების შემდეგ ოფიციალური წერილიც კი მოვითხოვე, რომ კაუკასუსთან აღარ მაქვს საკონტაქტო ურთიერთობა. ეს იმიტომ, რომ მაიმუნობის საფუძველიც კი აღარ ჰქონოდა მომავალში და რამე თანხა არ დაეკისრებინა თითიდან გამოწოვილი მიზეზით.
ჩემი მწარე გამოცდილება 2:
2013 წელს ახლად დაქირავებულ ოფისში სილქნეტის ტელეფონი დავაყენე. ჩართვისთანავე DSL ინტერნეტზე განაცხადი გავაკეთე. 3 კვირა მარტო იმის გამო დამაკარგინეს, რომ ტექნიკოსი არ მოვიდა DSL-ის დასაყენებლად. წინაძღვრიშვილზე მივარდნიდან დაწყებული [თუმცა ვინ შეგიშვა შენობაში], ტელეფონის ზარებით აკლების ჩათვლით ყველაფერი გავაკეთე მაგრამ არაფერმა უშველა. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ინტერნეტით შევუტიე, ანუ Facebook გვერდი ავუკელი კრიტიკით, კეთილი ინებეს და მომიგვარეს პრობლემა.
ამ დღეებში კი ვგებულობ, რომ თურმე სილქნეტის და კავკასუს ონლაინის გაერთიანების თაობაზე კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში განაცხადი შესულა. ძალიან კარგად მესმის, რომ დღეს ინტერნეტ მომსახურების მიწოდების ბაზარზე გაცილებით მეტი მოთამაშეა ვიდრე მხოლოდ ეს ორი, მაგრამ რეალურად თქვენ და მე სახლში ან ოფისში რომ ინტერნეტი დაგვჭირდეს, ამ ორიდან ერთთან გვიწევს ურთიერთობის დაჭერა. თუ გაერთიანება მოხდა ეს ჩვენთვის იქნება ძალიან ცუდი შემდეგი 6 „ბაყბაყ-დევი“ მიზეზის გამო:
1. ეს ბაზარზე მოკლავს კონკურენციას. ბოლო წელია კაუკასუსი მომსახურებას აძვირებს. სილქნეტში არ ვიცი რა ხდება, მისი აბონენტი არ ვარ. ამ ორის გაერთიანება ჩანასახშივე მოკლავს ყველა იმედს, რომ კონკურენცია ინტერნეტ მომსახურების ბაზარზე გაიზრდება. ეს კი ქვემოთ ნახსენებ ორ შედეგს მოგვცემს, მომხმარებლისთვის ცუდ შედეგებს.
2. დაივიწყეთ ხარისხის გაუმჯობესება. როცა არ არის კონკურენცია, ბიზნესს სტიმული არ აქვს, რომ გაუმჯობესდეს. რაც არ უნდა ზღაპრები მოგვიყვენ პერსპექტიულ მომავალზე, არ მოხდება ეგ იმაზე მეტად, ვიდრე ეს ხდება დღეს!
3. დაივიწყეთ მომსახურების გაუმჯობესება. როცა ტელეფონზერიგში 37-ე იქნები, მერე უკვე გვიან იქნება წუწუნი. კომპანიას, რომელსაც განაღდებული აქვს ბაზარი, არანაირი მოტივაცია არ აქვს გააუმჯობესოს მომსახურება. პირიქით კი ნამდვილად მოხდება.
4. ტოტალური კონტროლის გაადვილება. ეს ხომ ისედაც კეთდება დღეს. აქ ახალი არაფერია, კიდევ უფრო დახვეწილად და ამჯერად უფრო ცენტრალიზებულად მოხდება კონტროლი, და ჩვენთვის უფრო საზარალოდაც.
5. დაივიწყეთ არჩევანი. მახსოვს 2 წლის წინ სახლში ინტერნეტის პრობლემა რომ მქონდა ერთი დავურეკე კაუკასუსს და როგორც კი სილკნეტზე გადავალ მეთქი ვუხსენე, ეგრევე მოაგვარეს ყველაფერი. ვის რაში დააინტერესებს ჩემი და თქვენი პრობლემა? აღარ მექნება არჩევა, ესე იგი არ მექნება ზემოქმედების ბერკეტი!
6. სამსახურიდან ხალხის დათხოვნა. ცხადია გაერთიანებული კომპანიას არ ექნება სურვილი ამდენი კადრი შეინახოს და ეს აუცილებლად გამოიწვევს კადრების გათავისუფლებას.
აქვე ვფიქრობ რა შეიძლება იყოს ამ გაერთიანებაში დადებითი და ორ დასკვნამდე მივედი:
1. ხარჯების ეკონომია. ეს ნამდვილად მოხდება, თუმცა ეს მხოლოდ ახლად შექმნილი კომპანიისთვის იქნება კარგი და რეალურად მომხმარებელზე ნაკლებად აისახება რაც არ უნდა მარკეტინგული ბოლი გაუშვან.
2. პოტენციურად მეტი ზრუნვა ინოვაციებზე. ინოვაციაზე და წინსვლაზე ზრუნავ მაშინ, როცა სტიმული გაქვს. სტიმულს კი ბაზარი გაძლევს. როცა კვდება კონკურენცია, სტიმულიც კვდება და ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს ინოვაცია ვერ მოხდება იმაზე სწრაფად, ვიდრე ეს ხდება დღეს. ანდა რა ინოვაცია უნდა შემოგვთავაზოს კაუკასუსმა და სილქნეტმა, ან ამათმა ჰიბრიდმა? მათგან ყოველი შემოთავაზება ინოვაცია კი არა უბრალოდ ახალი პროდუქტია, რომელიც სადღაც კარგად რომ „მოითელა“ მერე მოვიდა ჩვენამდე.
3. ინტერნეტ მომსახურების ბაზარზე მაგთის, ჯეოსელის და ბილაინის უფრო სერიოზული შესვლა. ეს იქნება შანსი, რომ ისევ გაჩნდეს კონკურენცია, მაგრამ ამაზე ეხლა მხოლოდ ვარაუდი შემიძლია ეხლა. ისე, მსგავსი რომ იგეგმებოდეს არ გამიკვირდება. შეიძლება რაღაც ისეთი ხდება, კაუკასუსს და სილკნეტს რომ „შეეშინდათ“ და იქნებ ამიტომაც უნდათ გაერთიანება.
ჩემი დასკვნა:
კომუნიკაციების მარეგულირებელმა არ უნდა დაუშვას ამათი გაერთიანება. ეს იქნება ქართველი მომხმარებლებისათვის ძალიან ცუდი.
თქვენ რას იტყვით? იქნებ თქვენ დაამატოთ რამე? ან იქნებ შემეკამათოთ? მივესალმები ჯანსაღ დისკუსიას …