ჩვენ ვიცით რა ხდება ჩვენს სფეროში მსოფლიოში … თვალყურს ვადევნებთ და კენჭი არ გვრჩება გადაუბრუნებელი. და განსაკუთრებით თვალყურს ვადევნებთ ამ მოძრაობას – SBS, ვინაიდან იგი უდიდესია მსოფლიოში.
რამოდენიმე თვის წინ აშშ-ში ყოველწლიურად ჩატარებადი ღონისძიება – Small Business Saturday გაგაცანით. ეს არის 2010 წლის 27 ნოემბერს აშშ-ში American Express-ის მიერ მოქოქილი დღე, როცა მთელი ქვეყნის მასშტაბით ადგილობრივი მწარმოებლების მხარდაჭერის გამოცხადება ადგილობრივი ნაწარმის ყიდვით ხდება. და ციფრებიც დამაიმედებელზე მეტია …
მაგალითად 2015 წლის 30 ნოემბერს 425 ორგანიზაციისგან შემდგარი კოალიციის მიერ მობილიზებულმა 95 მილიონზე მეტმა მყიდველმა ქვეყნის 4,100+ რეგიონში 16.2 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი დაიხარჯა და ეს იყო 2014 წელთან შედარებით 14%-იანი ზრდა. 2010 წელს დაფუძნებული მოძრაობა 2016 წლის ღონისძიებას და ძველი რეკორდები დალეწვას 26 ნოემბერს გეგმავს.
მიუხედავად ამ წარმატებისა და ზრდისა [თან მსოფლიო მასშტაბით] ორგანიზატორები ფიქრობენ, რომ არაა საკმარისი მსგავსი ღონისძიების წელიწადში ერთხელ აღნიშვნა. საჭიროა ყოველდღიურად მოსახლეობისათვის იმის შეხსენება, რომ აშშ-ში წარმოებული ადგილობრივი პროდუქცია უნდა იყიდონ. და დაითვალეს მარტივად: აშშ-ში მაცხოვრებელმა 77.5 მილიონმა ოჯახმა თვეში 10$ რომ დახარჯოს ადგილობრივ ნაწარმში, წელიწადში ეს 9.5 მილიარდ აშშ დოლარს ჩააბრუნებს ადგილობრივ ეკონომიკაში! საამისოდ მწარმოებლებსაც და მომხმარებლებსაც რამოდენიმე რჩევას აძლევს აი ეს სტატია.
დათვლა არც ჩვენ გვეშლება საქართველოში …
შეგახსენებთ, იმას, რაც დავითვალეთ და რაც მარტივი ჭეშმარიტებაა ციფრებში …
საქართველოს ყველა მოქალაქემ დღეში 1 ლარი რომ გადაამისამართოს [ანუ იმპორტულის ყიდვას აპირებდა და ქართული იყიდა], წელიწადში ეს გამოვა 3,730,000 * 365 = 1,361,450,000 [მილიარდზე მეტი] ლარის გადამისამართება [თან იმპორტის შემცირების ხარჯზე]. ეს რეალური ინვესტიცია ეროვნულ ეკონომიკაში შექმნის დაახლოებით 4,873,991,000 [თითქმის 5 მილიარდი] ლარის დოვლათს. საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 2014 წელს 29,2 მილიარდი ლარი იყო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ 16%+ პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა მარტო ლარიანის გადამისამართებით შეგვიძლია მივიღოთ. შედეგად კი რამოდენიმე წელიწადში ჩვენი მოხუცების მოსავლელად რიგში დადგებიან ბერძენი, ესპანელი, ამერიკელი, თურქი და ა.შ. ქალბატონები!