ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

რატომაა იპოთეკური სესხების სუბსიდირება ფუნდამენტურად განსხვავებული მიდგომა?

TLDR (too lazy to read): წითელი აბზაცი ნახე …

Disclaimer: მილიონ ნიუანსზე შეიძლება კამათი. “ნაცი” ვიყო, მარტივად დავმარხავდი დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმას. “ქოცი” ვიყო, არც “გაპრავება” გამიჭირდებოდა.

თუმცა, მე ტარიელი ვარ ზივზივაძე, ამიტომაც ცოტა სხვა კუთხით შეგახედებთ.

სუბსიდიები რისი გახსენდებათ საქართველოში?

  1. ყურძნის ფასის სუბსიდია ყოველთვის მიზნად ისახავდა დაეკმაყოფილებინა გლეხი (ყურძნის მწარმოებელი). დავუშვათ ყურძნის ჩამბარებელი კომპანია გადაიხდიდა 50 თეთრს, მთავრობა დაუმატებდა 10 თეთრს და გლეხი მიიღებდა 60 თეთრს.
  2. დღეს მოქმედი იაფი საწვავით მხარდაჭერის კომპონენტი (ესეც სუბსიდიაა) მიზნად ისახავს ხარჯებში შეეხიდოს ფერმერს (მწარმოებელს), რომელიც იაფად შეიძენს საწვავს და აწარმოებს სასოფლო-სამეურნეო პროდუქტს. თუ საწვავს ყიდულობდა დავუშვათ 2 ლარად, აქედან 1 ლარს გადაიხდის მთავრობა.
  3. მწარმოებლისთვის სესხის თანადაფინანსების პროგრამა თავისი ბუნებით მიზნად ისახავს წაახალისოს მწარმოებელი, რომ მან განავითაროს წარმოება და/ან აწარმოოს მეტი. თუ გადასახდელი უწევს 11 %, 8 %-ში შეეხიდება მთავრობა (რა თქმა უნდა ჩვენი გადახდილი გადასახადებით) და მწარმოებელი გადაიხდის 3 %-ს.

ფაქტია, რომ ყველა სუბსიდია, რომელიც კი დღემდე საქართველოში შიდა ბაზარზე გამოყენებულა, წაახალისებდა მწარმოებელს.

თუმცა, 2020 წლის 28 მაისს კი მთავრობამ შემოგვთავაზა აბსოლუტურად განსხვავებული მიდგომა! მთავრობამ წარმოება კი არ აარჩია ათვლის წერტილად, არამედ მყიდველის მხარე გახადა საყრდენი წერტილი!

კერძოდ, 1) 70 მილიონის დახარჯვა დაანონსა იმაში, რომ ახალი ბინის მყიდველს 4%-ით შეეხიდოს ბანკისგან აღებული იპოთეკური სესხის გადახდაში და 2) თავად მთავრობამ გადაწყვიტა იყიდოს 150 მილიონი ლარის ბინები (აუქციონით) დევნილებისათვის.

ამ სტატიის მიზანი არის შევაფასო მიდგომა და არაა თავად ანტიკრიზისული გეგმა. და როგორც მიდგომა მე ვთვლი, რომ ღონისძიებათა ცენტრში ჩააყენო მყიდველი არის საუკეთესო!

რა მოჰყვება ამ მიდგომას?
რა მოჰყვება საყრდენი წერტილის წარმოებიდან მყიდველზე გადატანას?

მოჰყვება როგორც წესი ის, რაც ჩვენ მაგალითად დავინახეთ ღვინის ექსპორტის ზრდის სახით (როცა ღვინის მყიდველები ჩასვეს ღონისძიებათა ცენტრში და მათზე მიმართეს ძალისხმევები), ტურიზმის ზრდის სახით (როცა ტურისტი – მყიდველი ჩასვეს ღონისძიებათა ცენტრში და მასზე მიმართეს აქტივობები), თხილის ექსპორტის ზრდის სახით (როცა მსხვილ B2B მყიდველებთან ააწყეს ურთიერთობა).

რატომ?

იმიტომ რომ უკვე დიდი ხანია ყველგან მთელს მსოფლიოში ეკონომიკის მამოძრავებელი არის მყიდველი. თუ გვინდა ეკონომიკა უფრო სწრაფად ავამოძრავოთ, უნდა სტიმულები მივცეთ მყიდველს და არა მწარმოებელს (აქვე პირდაპირ ვამბობ, რომ მწარმოებლის მხარდაჭერის თითქმის ყველა დღეს არსებული პროგრამა არის ფულის გადაყრა). იქნება მოთხოვნა? ნემსის ყუნწში გაძვრება მწარმოებელი და მოერგება მას. დღესვე უკვე ვნახე პირველი მერცხალი – კომპანია არქის FB რეკლამა, რომელმაც სწრაფად შეკინძა შეთავაზება.

დასკვნა 1: სხვა თანაბარ პირობებში სტიმულირებული მყიდველი უფრო მეტად იყიდის! ოღონდ ამ რეალობაში ეფექტის დათვლაც კი გაჭირდება.

დასკვნა 2: მყიდველის ცენტრში ჩაყენება ერთადერთი მიდგომაა, რომელიც ჩვენს ეკონომიკას სწრაფი ზრდსი სტიმულს მისცემს!