ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!

Love Local Buy Local პროექტი აშშ-ში. რა შეიძლება ვისწავლოთ LLBL-სგან?

მსოფლიო გამოცდილების ძიებაში ერთ მეტად საინტერესო სქემას გადავაწყდით, რაც მინდა აუცილებლად გაგიზიაროთ … ასეთი სტატიები პირველ რიგში ჩვენთვის, დაინტერესებული ადამიანებისათვის კეთდება. იქნებ რამე ახალი ვისწავლოთ, რასაც პრაქტიკაში გამოვიყენებთ.

გაიცანით Love Local Buy Local – პროექტი აშშ-ს ქალაქ სპრინგფილდში, რომელიც ადგილობრივი ბიზნესების პოპულარიზებას ორიგინალური მარკეტინგის სტრატეგიით ახდენს. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ პროექტის ვებსაიტზე ან Facebook გვერდზე იხილოთ, მე კი ძირითად მიგნებებს მოგახსენებთ:

  1. LLBL მიზანია ადგილობრივი ბიზნესების ცნობადობის და გაყიდვების ზრდა. კონკრეტულად კი პარტნიორი ადგილობრივი ბიზნესების გაცნობა ფართო საზოგადოებისათვის და მათთვის დამატებითი კლიენტების მოზიდვა. ძალების გაერთიანებაში ნამდვილად არის პრაგმატული ხეირი, რაც რიცხვებშიც დასტურდება;
  2. LLBL აქვს ვებსაიტი და Facebook გვერდი, საიდანაც პროცესების შესახებ სრული ინფორმაციის მიღება შეიძლება. დიდად აქტიური არც ვებსაიტია და არც FB გვერდი, თუმცა მთავარი ამ შემთხვევაში მუშაობის სქემაა, რის გამოც გადავწყვიტე ამ თემაზე დაწერა;
  3. გამოშვებული და მოძრაობაში აქვთ 7,000-მდე LLBL ბარათი, რომლითაც მყიდველებს ფასდაკლების მიღება შეუძლიათ 49 პარტნიორ ბიზნეს ორგანიზაციაში. უნდა ვაღიარო, რომ 2 წლიანი საქმიანობის ფონზე ერთიც ცოტა მეჩვენება და მეორეც. მინი Unicard-ს მაგონებს ეს სქემა;
  4. ადგილობრივ ბიზნესს LLBL ქსელთან შეერთება შეუძლია 500 აშშ დოლარად. რის შემდეგაც LLBL მას მარკეტინგულ მომსახურებებს სთავაზობს. ფაქტიურად LLBL სოციალური მიზნების ქვეშ საკმაოდ პრაგმატულ შეთავაზებას აკეთებს;
  5. საინტერესო მეჩვენა ობიექტების დასმა Google რუკაზე. ვებსაიტიდან LLBL-ში ჩართულ ყველა პარტნიორ ბიზნესს ხედავ რუკაზე. გარდა ამისა კომპანიათა ჩამონათვალი თავად ვებსაიტზეც არის, რაც ფრიად მოსახერხებელია;
  6. ბრენდინგზე, კორპორატიულ სტილზე და შეფუთვაზე აშკარად ნამუშევარია. ძალიან მომეწონა ლოგო;
  7. აქვთ აპლიკაცია, რომლითაც პარტნიორი ბიზნესები შეიძლება მოძებნო. ეს ჩვენთვისაც საინტერესოა სამომავლოდ;
  8. LLBL ერთვება ეროვნულ ღონისძიებებშიც. ვნახე მაგალითად, რომ ჩართული ყოფილან Small Business Saturdaay-ში, რომელიც აშშ-ში 2010 წლიდან ნოემბრის ბოლო შაბათს ტარდება;

კარგია!