ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > სიახლე > IWAG საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა და შპს იმერეთი გრინერის ტრიუმფი

IWAG საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა და შპს იმერეთი გრინერის ტრიუმფი

2015 წლის 5 დეკემბერს IWAG-ს მიერ ორგანიზებული მე-16 საახალწლო საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა შედგა. აზრადაც არ მომივიდოდა თუ იქ ნაღდი ქართული წარმოების პროდუქტის გაყიდვაც მოხდებოდა. ამიტომ ერთის მხრივ ძალიან გამიხარდა დღეს რომ კომპანია „იმერეთი გრინერი“-ს წარმომადგენელმა ეს ამბავი მაცნობა და თან სურათები გამომიგზავნა [მადლობა ბნ. ნუკრი], ხოლო მეორეს მხრივ გული დამწყდა იქ რომ არ ვიყავი.

ეს იყო ქალთა საერთაშორისო ასოციაცია საქართველოს ტრადიციული, საქველმოქმედო საახალწლო გამოფენა-გაყიდვა, რომელიც შაბათს დილის 10 საათიდან საღამოს 6 საათამდე სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში გაიმართა. გამოფენა-გაყიდვის შედეგად შემოსული თანხა მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებს და საქართველოს სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს მოხმარდებათ. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდა: ქართველი და სხვა მრავალი ქვეყნის სხვა და სხვა ხელოვნების დარგის წარმომადგენელი, და  30- მდე საელჩო და საერთაშორისო მისია:  აზერბაიჯანი, ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, ბულგარეთი, გერმანია, დანია, ესტონეთი, ესპანეთი, თურქეთი, იაპონია, იტალია, ლიტვა, ლატვია, ნიდერლანდები, პოლონეთი, საფრანგეთი,  სლოვაკეთი, უკრაინა, შვედეთი, შვეიცარია, ჩეხეთი, ჩინეთი,  ყატარი. საახალწლო გამოფენა-გაყიდვაზე მოსულმა სტუმრებმა შეიძინეს  საახალწლო საჩუქრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, ქართველ და უცხოელ ხელოვანთა საავტორო ნამუშევრები და დააგემოვნეს ინტერნაციონალური სამზარეულო. ბავშვებმაც არანაკლებ ისიამოვნეს სანტასთან სურათების გადაღებით.

დიდებული ღონისძიება შედგა, მაგრამ ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო შპს იმერეთი გრინერის გამოცდილებაა … კომპანიამ 500 დიდი შეფუთვა თავისი წარმოების სალათის ფურცელი სამტრედიიდან და 25 ყუთი კიტრი ხობიდან მიიტანა გამოფენა-გაყიდვაზე და ფურორი მოახდინა. ბევრს ვერც კი წარმოედგინა, მაგრამ მთელი პარტია გამოფენა-გაყიდვის დაწყებიდან სულ მალევე გაყიდა და საქველმოქმედო ფონდს ფრიად სოლიდური თანხა შეემატა.

ჩემის მხრივ დავამატებ, რომ მწვანილი და ზოგადად ფერმერული პროდუქცია „ბომბია“. თუ ხარისხის დაცვითაა ნაწარმოები და თუ საჭირო ადგილზე საჭირო დროს აღმოჩნდები, გაყიდვების ბუმი გარანტირებულია. ქართველ მყიდველს უყვარს ქართული წარმოების მწვანილი.