ბოლო 2 დღის განმავლობაში ლურჯის და წითელის მსგავსი რაოდენობა ბოლოს 2012 წლის არჩევნებზე მაქვს ნანახი. მაშინ ირგვლივ დიდი „ბოლი“ იდგა … პროპაგანდის „ბოლი“ … დღესაც იგივე ხდება, ოღონდ თემაა სხვა. ვინ რას იძახის და აკეთებს სოციალურ ქსელში თუ რეალურ სამყაროში, თან ხშირად გაუაზრებლად, ღმერთმა იცის. ნათელია მხოლოდ ერთი: ქართველები კაცთმოყვარე ერი ვართ და ადამიანების ასეთი „ჟლეტა“ ძალიან მოქმედებს ჩვენზე …
ჩვენ გული გვტკივა უდანაშაულო ადამიანების დაღუპვის გამო, რომლებიც ვიღაცის „იდეას“ შეეწირნენ და გამოვხატავთ ამას ისე, როგორც შეგვიძლია. არ გაგვიგია, თორემ არანაკლებ ადამიანურად გულთან მივიტანდით სხვა ქვეყნებში მომხდარ ბევრ იმ ტერაქტს, რომლებიც იმ ქვეყნებისათვის თურმე უკვე ჩვეულებრივ მოვლენად გადაიქცა, მაგრამ … მაგრამ … მე ის მაფიქრებს რატომ გული არ შეგვტკივა იმ პრობლემაზე რომელიც აქვეა … ჩვენს ქვეყანაში … ვგულისხმობ იმ ადამიანებს, რომლებიც მიდიან, გარბიან, ქვეყანას ტოვებენ და სხვის ომში იბრძვიან.
ძნელია აკრიტიკო ISIS-ის ბრძოლას მიერთებული საქართველოდან გადახვეწილი ახალგაზრდა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ამ ქვეყანაში ეს ადამიანი მბჟუტავ სინათლესაც ვერ ხედავს გვირაბის ბოლოს. მისი გამოცარიელებული ყოველდღიურობა ადვილად ივსება ტვინის პროფესიონალი „მრეცხავის“ მიერ შემოთავაზებული „მაღალი“ იდეებით. იგი მიდის ახალ ქვეყანაში „ბედის საძებნელად“, ვინაიდან არსებულმა მას ვერაფერი რეალური ვერ შესთავაზა.
მოკლედ, როცა „ბოლი“ გაიფანტება და გონება დაიფილტრება კიდევ ერთხელ დაფიქრდით თქვენს მეტად მნიშვნელოვან როლზე. ეს ქვეყანა რომ წინ მიდის ფაქტია. ამაზე თუნდაც ის მეტყველებს, რომ აფხაზეთიდან კბილის ამოსაღებადაც კი პირობითი საზღვრის აქეთ გადმოდიან. მაგრამ ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ საიმისოდ, რომ საქართველო უფრო მიმზიდველი გავხადოთ. ვიყიდოთ ქართული წარმოების პროდუქცია და ამით გავაძლიეროთ ქვეყანაც, ქართული ბიზნესიც და საქართველოს მოქალაქეც, რომ წინ წავიდეთ და ამ ქვეყნიდან გადახვეწის სურვილი არავის გაუჩნდეს.