ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
საერთაშორისო გამოცდილება

საერთაშორისო გამოცდილება – Buy Small, Buy Local, Buy Georgian!

როცა ისეთ საქმეს აკეთებ, რასაც მოძრაობა kar.ge ჰქვია აუცილებელია სწორი მიმართულებით წარმართო ძალისხმევა, თუმცა ველოსიპედის გამოგონება არ უნდა დაიწყო. საჭიროა შევისწავლოთ რა გაუკეთებიათ სხვა ქვეყნებში და ამ ცოდნისა და გამოცდილების ფონზე მოვიფიქროთ ის, რაც საქართველოში იმუშავებს. ამას ჩვენ ვაკეთებდით, ვაკეთებთ და კიდევ უფრო აქტიურად გავაკეთებთ 2016-ში.

სწორედ ამიტომ მინდა ერთი სტატია გაგიზიაროთ, რომელიც 20 დეკემბერს გამოქვეყნდა ISET Policy Institute -ის ბლოგზე. ავტორია ბნ. Charles Johnson, რომელმაც მოსაზრებები თემის ირგვლივ მეც მკითხა. ამისათვის დიდი მადლობა ჩარლზ 🙂 უმჯობესი იქნება თუ სტატიას ორიგინალში წაიკითხავთ ინგლისურ ენაზე. აქ კი მე მხოლოდ იმ ორი იდეის შესახებ გამოვთქვამ აზრს, რომელიც სტატიაშია გამოთქმული და რომლებიც ძალიან მომეწონა.

ხალხური რეწვის ნაწარმი სასაჩუქრედ

სტატიაში პირდაპირი მინიშნებაა, რომ ხელნაკეთი ნამუშევრების სადღესასწაულო საჩუქრებად ჩუქების ტრადიციის დანერგვა ფრიად სასარგებლო შეიძლება იყოს ეკონომიკისათვის.

ჩემის მხრივ დავამატებდი … 

საქართველოში ხალხური რეწვის ნაწარმს [ძირითადში სასაჩუქრე დანიშნულებით] ძალიან ბევრი ადამიანი ამზადებს, თუმცა მწარე რეალობაა, რომ ამ მწარმოებელთა დიდი ნაწილისათვის ეს საქმიანობა არის ჰობი. ეს ჰობი პერიოდულად შემოსავლიანიც არის ხოლმე, მაგრამ მხოლოდ პერიოდულად და ამას არ აქვს მდგრადი ხასიათი. მეტად მცირე ნაწილი ამ სფეროს წარმომადგენლებისა შეიძლება ითქვას, რომ არის შემდგარი ბიზნესი. და რა არის მათი წარმატების მიზეზი? 1) აქვთ სწორად აწყობილი ბრენდი, 2) ქმნიან განსხვავებულ, უნიკალურ ნაწარმს, 3) აქვთ ბიზნეს ორიენტაცია. რაზე ვაფუძნებ ამ აზრს? მე ვხელმძღვანელობ კომპანიებთან ჩემი პირადი ურთიერთობისაგან მიღებული გამოცდილებით, რომელიც საკმაოდ მრავლისმომცველია.

აშკარაა, რომ ამ მიმართულებით პოტენციალი არის. თბილისის მეწარმოების განვითარების ცენტრი ის ორგანიზაციაა, რომელსაც 2016 წლის პრიორიტეტებში აქვს ამ სფეროს ფეხზე დაყენება და ორი მიმართულებით წარმართვა: 1) ხალხური რეწვის ნაწარმის საჩუქრად შეძენის ქცევის დანერგვა მოხდეს საქართველოში და 2) ქართული ხელნაკეთი ნივთები მსოფლიო ბაზარზე გავიდეს. რატომაა კარგი ამ მიმართულების ამოძრავება? იმიტომ, რომ ამ ტიპის ნაწარმში დახარჯული ფული პირდაპირ ქართულ ეკონომიკაში მიემართება. აფინანსებს შემქმნელის შრომას და იმ ნედლეულს, რომელიც ჩვეულებრივ ადგილზევე მოიპოვება. თან ტანდემშია ტურიზმის განვითარებასთანაც, რომლისთვისაც ადგილობრივი დამზადებული სუვენირული ნაწარმი უკვე ავტომატურადაა სასაჩუქრე თემა.

მცირე ბიზნესის შაბათი

სტატიაში მცირე ბიზნესის შაბათი მოყვანილია როგორც მეტად საინტერესო აშშ გამოცდილება, რომელიც შეიძლება საქართველოშიც დაინერგოს.

ეს არის შოპინგ დღესასწაული, რომელიც აშშ-ში 2010 წელს დაინერგა. მიზანი? რა თქმა უნდა ადგილობრივი მცირე მეწარმეობის წახალისება. კომპანიების ერთობლივი ძალებით შეიქმნა სასარგებლო ინიციატივა, რამაც ხელი შეუწყო მცირე მეწარმეებს კონკურენტული შეთავაზება გაკეთებინათ და გაეყიდათ თავისი პროდუქცია [იქ ბიზნესი ითვლება მცირედ, თუ მასში 500-ზე ნაკლები თანამშრომელია]. აშშ-ში მცირე ბიზნესის შაბათი შეიქმნა როგორც შავი პარასკევის და კიბერ ორშაბათის ალტერნატივა, ჩასვეს მათ შორის და იმუშავა კიდეც. თან იმდენად, რომ 2011 წელს კონგრესისგანაც მიიღო მხარდაჭერა, ხოლო 2014 წელს ქვეყნის მასშტაბით გამართულ ამ ღონისძიებაზე თურმე 88 მილიონმა მყიდველმა 14.3 მილიარდი აშშ დოლარი დახარჯა. თვით აშშ პრეზიდენტიც კი ეწვევა ხოლმე ამ ღონისძიებას ვაშინგტონში.

გამოძახილი? დიდი ბრიტანეთში, იაპონიაში და თურქეთში უკვე არის მსგავსი კამპანიები და ფაქტია, რომ ეს მზარდი მოძრაობაა. ამ ქვეყნებში მიხდნენ, რომ ადგილობრივ მწარმოებელთან დახარჯვა ერთ-ერთი ტოპ პრიორიტეტია თუ გინდა ეკონომიკა განვითარდეს. მაგრამ არა მხოლოდ მიხვდნენ, არამედ სერიოზულ ნაბიჯებსაც დგამენ.

 

როგორც ალბათ უკვე შეამჩნიეთ …

ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს მსოფლიო გამოცდილების გაზიარებას, გავიგოთ რა ხდება სხვაგან და როგორ მუშაობენ ადგილობრივის პოპულარიზებაზე სხვაქვეყნებში. ამ გამოცდილებასაც ეტაპობრივად მოგაწვდით.